კომენტარი

GIPA–ს სტუდენტები ბენდუქიძეს მიმართავენ

26 მარტი, 2013 • 1115
GIPA–ს სტუდენტები ბენდუქიძეს მიმართავენ

“მოგმართავთ GIPA-ს სტუდენტები, რომლებიც აბსოლუტურად უსაფუძვლოდ აღმოვჩნდით თქვენი შეურაცხყოფის პირდაპირი ობიექტები – ჩვენ, სტუდენტები და არა ინსტიტუტის ყოფილი ხელმძღვანელობა. თქვენ ყველაზე კარგად მოგეხსენებათ, თუ რას წარმოადგენს GIPA თავისი ისტორიით, ღირებულებებით და განათლების ხარისხით.

 

შესაბამისად, საჭიროდ მივიჩნიეთ საჯაროდ მოგვემართა თქვენთვის, რადგან ყოველგვარ ზღვარს სცილდება ის ლექსიკა, რომელსაც თქვენ GIPA-ზე საუბრისას მოიხმართ. ჩვენ, თითოეული სტუდენტი და კურსდამთავრებული ბედნიერები ვართ, რომ მოგვეცა შესაძლებლობა გვესწავლა ისეთ ინსტიტუტში, რომლის რეპუტაციაც არც ერთხელ არ დამდგარა ეჭვქვეშ. GIPA ყოველთვის იცავდა სტუდენტების უფლებებს და ხელს უწყობდა ჩვენს პროფესიულ ზრდას. ასეთი ტიპის განცხადებებით თქვენ, უპირველეს ყოვლისა, შეეხეთ ყველაზე მთავარს – ჩვენს ღირსებას. რამდენადაც არ უნდა ეცადოთ რეალობის დამახინჯებას, თქვენ თავადაც კარგად მოგეხსენებათ, რომ GIPA არის ადგილი, სადაც ლიბერალური ღირებულებები, პიროვნული ზრდა, თავისუფლებისადმი სწრაფვა და განათლების ხარისხი უპირველესი იყო, არის და იქნება.

 

ბატონო კახა, თქვენ ხომ რამდენიმე უმაღლესი სასწავლო დაწესებულების დამფუძნებელი ბრძანდებით. როგორ ფიქრობთ, რამდენად ეთიკურია, როდესაც ასეთი ტიპის განცხადებას აკეთებთ და შეურაცხყოფას გვაყენებთ სტუდენტებს?! ნუთუ არც ერთი წამი არ დაფიქრებულხართ იმაზე, რომ თქვენი პირადი ინტერესები სამინისტროსთან და მის ხელმძღვანელობასთან არ შეიძლება იყოს სტუდენტების ღირსების შელახვისა და სხვა უმაღლესი სასწავლებლის დისკრედიტაციის მოხდენის საბაბი?!

 

საკვირველი და მიუღებელია ის, რომ განათლების სფეროს წარმომადგენელს შეიძლება სჭირდებოდეს შეხსენება, რომ როგორიც არ უნდა იყოს მისი ინტერესები, არსებობს ეთიკის ნორმა, რომელსაც ბრძოლისას უნდა დაექვემდებაროს, ზღვარი, რომლის ფარგლებსაც არ უნდა გასცდეს და ფორმა, რომელიც უნდა დაიცვას. GIPA-ს უკან ვდგავართ სტუდენტები და უამრავი კურსდამთავრებული, რომლებიც ვამაყობთ ჩვენი ინსტიტუტით, მისი ხელმძვანელობით და პროფესურით.

 

ბატონო კახა, მაშინ, როდესაც თქვენი გამოსვლებით აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტების უფლებებს იცავთ, როდესაც გამოდიხართ ახალგაზრდების ინტერესების გამტარებლად და ამავდროულად შეურაცხყოფას აყენებთ GIPA-ს და ჩვენ – მის სტუდენტებს,  სრულიად არალოგიკური და ურთიერთგამომრიცხავი ხდება თქვენი პოზიცია და ეჭქვეშ დგება თქვენი გულწრფელობა იმასთან დაკავშრებით, რომ მხოლოდ სტუდენტების ბედი გაღელვებთ.

 

ცხადია, ყველა ადამიანს აქვს უფლება გამოხატოს სუბიექტური აზრი, თუმცა ეს არ უნდა გადაიზარდოს მიზანმიმართულ შეურაცხყოფაში, მით უმეტეს, მაშინ, როდესაც სუბიექტურ აზრს აფიქსირებს საგანმანათლებო სფეროში მოღვაწე ადამიანი, რომლის უპირველეს ამოცანას, პროფესიონალიზმის მიღმა, ღირსეული ადამიანების აღზრდა უნდა წარმოადგენდეს.

 

ასეთი ტიპის განცხადებებით, დარწმუნებულები ვართ, არც GIPA-ს იმიჯი შელახულა და არც საზოგადოების დამოკიდებულება შეიცვლება მის მიმართ. ვიტოვებთ უფლებას მოგმართოთ, სულ მცირე, თავი შეიკავოთ ასეთი ტიპის უსაფუძვლო და შეურაცხმყოფელი განცხადებებისგან, რომელიც გვეხება სტუდენტებს, რაც ერთმნიშვნელოვნად მიუღებელი და არაეთიკურია”, – ნათქვამია სტუდენტების განცხადებაში.

 

კახა ბენდუქიძემ 25 მარტს “კვირის პალიტრასთან” საუბარში განაცხადა, რომ თუკი GIPA -ს ავტორიაზაცია ეკუთვნის, მაშინ ავტორიზაცია ეკუთვნის ყველა სასწავლებელს და „ბუტკასაც“ კი:

 

“შეუძლებელია ქვეყანაში იყოს ხელისუფლება, რომელსაც შეუძლია ვიღაცის ჯიბრზე დახუროს უნივერსიტეტი. წინა ხელისუფლება ასეთ რამეებს არ აკეთებდა, თორემ GIPA -ს უთუოდ შეექმნებოდა პრობლემები. თუ GIPA -ს ეკუთვნის ავტორიზაცია, მაშინ ავტორიზაცია ეკუთვნის ყველას, “ბუტკასაც” კი. გიორგი, შედი “ბუტკაში””, – განაცხადა ბენდუქიძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი