კომენტარი

ვინ დაუპირისპირდა რეალურად AGRUNI სტუდენტობას?

14 მარტი, 2013 • 1428
ვინ დაუპირისპირდა რეალურად AGRUNI სტუდენტობას?

ამ ტენდენციური ინფორმაციის შინაარსი და სცენარი კახა ბენდუქიძემ დაწერა. სამწუხაროდ, ჩვენმა ტელევიზიებმაც ეს თემა უპასუხისმგებლოდ გააშუქეს, თუნდაც იმ თვალსაზრისით, რომ აგრარულ უნივერსიტეტში მომუშავე არც ერთ მეცნიერს არ დაუსვეს კითხვა, თუ რა ხდება აგრარულ უნივერსიტეტში. 

 

პრესაში გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით განათლების და მეცნიერების სამინისტროს გასული წლის 17 დეკემბერს საჩივრით მიმართა აგრარული უნივერსიტეტის თანამშრომელთა მცირე ჯგუფმა. ამ საჩივარზე დაყრდნობით უნივერსიტეტში მიმდინარე წლის 3 იანვარს აგრარულ უნივერსიტეტში შევიდა განათლების და მეცნიერების სამინისტროს მონიტორინგის ჯგუფი და უნივერსიტეტში აღმოაჩინა დარღვევები, რომელიც დაკავშირებული იყო ავტორიზაციასთან. 28 იანვარს უნივერსიტეტს გაეგზავნა შემოწმების შედეგები და მიეცა შესაძლებლობა გამოესწორებინა ეს ხარვეზები. 

 

თუ აგრარული უნივერსიტეტი გამოასწორებდა ამ ხარვეზებს, მის ავტორიზაციას პრობლემა არ შეექმნებოდა, მით უმეტეს, რომ ამ დარღვევებს უნივერსიტეტიც აღიარებდა. სამწუხაროდ, უნივერსიტეტმა ეს ხარვეზები პრინციპულად არ გამოასწორა! ზოგადად, უნივერსიტეტების ავტორიზაციასთან დაკავშირებული სამართლებრივი ბაზა და მისი აღმსრულებელი უწყება ვარდისფერ ეპოქაში იქნა მიღებული და დანიშნული, რომელიც, ჩემი აზრით, სრულიად გაუმართავი და არაეფექტური მოდელით ფუნქციონირებს. მაგრამ უბედურება იმაშია, რომ გვინდა თუ არა, იგი ფუნქციონირებს! 

 

რა მოხდებოდა, თუ მარგველაშვილი აგრარულ უნივერსიტეტში არსებულ დარღვევებზე თვალს დახუჭავდა და მას ავტორიზაციას არ შეუჩერებდა? ხომ არ იფიქრებდნენ საქართველოში მოქმედი სხვა უნივერსიტეტების მესვეურები ანდა სტუდენტები, ისე როგორც ქართული საზოგადოება, ბენდუქიძე-მარგველაშვილის ”კორუფციულ ალიანსზე”? მარგველაშვილი თუ თვალს დახუჭავდა აგრარულ უნივერსიტეტში არსებულ დარღვევებზე, ხოლო ნებისმიერ სხვა უნივერსიტეტს ანალოგიურ დარღვევებზე ავტორიზაციას შეუჩერებდა, ექნებოდა მას მორალური უფლება, თვალებში შეეხედა თუნდაც ამ უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის? შერჩევითი სამართალი რომელ შემთხვევაში დაფიქსირდებოდა? მარგველაშვილი ბენდუქიძესთან ალიანსში რომ შესულიყო, მაშინ უფრო იქნებოდა გასალანძღი საზოგადოების მიერ, თუ ახლა, როცა კანონი აღასრულა? /მიუხედავად იმისა, რომ ეს უაზრო ავტორიზაციის წესები არაეფექტურია, მაგრამ მოქმედია!/ რატომ არ დაისვა ეს კითხვები ჩვენს საზოგადოებაში, ეს ძალიან მიკვირს! 

 

თუ ეს ხარვეზები ადვილად და ფორმალურად შესაცვლელია, შეცვალე, რა არის ამაში პრობლემა, ვის სჭირდება ეს პრობლემა? რატომ შეიფუთა ეს ყოველივე ისე, თითქოს მთავრობა დაუპირისპირდა სტუდენტობას? მაგრამ აქ კახა ბენდუქიძის მიერ წინასწარ კარგად იქნა დაგეგმილი მარგველაშვილის შეურაცხოფის აღვირახსნილი პოლიტიკური კამპანია, რომლის უკან ბენდუქიძის სახე კიდევ ერთხელ გამოაშკარავდა! ამ პროცესში ყოფილი და მოქმედი ხელისუფლების პოლიტიკური სახეები უსწრაფესად და აქტიურად ჩაერთვნენ, ამ კამპანიის ბრმა იარაღად კი გამოიყენეს აგრარული უნივერსიტეტის საოცრად ჯანსაღი სულის სტუდენტობა და პირადად დაუპირისპირეს ყველა თაობის სტუდენტების უსაყვარლეს ლექტორს გიორგი მარგველაშვილს! ბენდუქიძე და ვარდისფერი რეჟიმის ცნობილი სახეები ამ ჯანსაღ თაობას უკან ამოეფარა და პოლიტიკურ იარაღად იყენებენ მათ, ეს უკვე ფაქტია! 

 

საზოგადოებისთვის უკვე კარგად ცნობილია, რომ დღეს ქვეყნის განათლების და მეცნიერების სისტემა სრულიად ახალ მოდელზე გადადის, რომელიც უმაღლესი განათლების და მეცნიერების რეფორმის კონცეფციაზე და თანამედროვე სტანდარტების მოთხოვნებზეა დაფუძნებული. ამ პროცესმა საზოგადოების ჯანსაღ ნაწილში გააჩინა მოლოდინი სიახლის, წინსვლის და უკეთესი მომავლის. ამ პროცესს აუცილებლად მოჰყვება მოქმედ უნივერსიტეტებში და სამეცნიერო-კვლევით საქმიანობებში ძირეულად რეფორმები და სწავლის ხარისხის ზრდა, რაც უპირველესად სტუდენტების ცოდნის ხარისხზე და მეცნიერთა ღირსეული ასპარეზის შექმნაზეა ორიენტირებული. ამ ვითარებაში იმედისმომცემია უშუალოდ პრემიერის, განათლების მინისტრის  და გია დვალის გუნდის ჯანსაღი პოზიციები რეფორმის მიმართ, რაც აუცილებელია მისი წარმატებული განხორციელებისთვის. 

 

უმაღლესი განათლების და მეცნიერების რეფორმის საჭიროება მწვავედ დგას ქვეყნის აგრარული განათლების სისტემაში. დღეისათვის აგრარული განათლების მიმართ  ქართული ბიზნესის მთავარი მოთხოვნა არის ცოდნის მაღალი ხარისხი, ანალოგიური მოთხოვნა აქვს საჯარო სექტორსაც. აგრარული განათლების მაღალ ხარისხზე მოთხოვნა 15 წლის უკან იდგა ქართული ბიზნესის წინაშე, არავინ მიაქცია სათანადო ყურადღება და შედეგად ქვეყნის სოფლის მეურნეობის დარგი უმძიმეს კრიზისშია. 

 

განათლების და მეცნიერების სამინისტრომ, მისმა საქვეუწყებო დაწესებულებებმა, კახა ბენდუქიძემ და ყველა დანარჩენი უნივერსიტეტის მმართველებმა აგრარული განათლების კომპონენტში უპირველეს ყოვლისა უნდა გაითვალისწინონ როგორც ქართული ბიზნეს-სექტორის, ისე საჯარო სექტორის მზარდი მოთხოვნები ცოდნის ხარისხის მიმართ, მათ აგრარული განათლების საკითხს ამ ჭრილში უნდა შეხედონ და ვითარების გასაჯანსაღებლად სათანადო ნაბიჯები გადადგან. 

 

ახალ რეალობაში სახელმწიფომ, ამ შემთხვევაში განათლების და მეცნიერების სამინისტრომ, კონცეფციაზე დაყრდნობით უნდა უზრუნველყოს საგანმანათლებლო და სამეცნიერო სისტემის საჯარო მართვის ეფექტურ მოდელზე გადასვლა, რათა რეფორმა ეფექტურად აღსრულდეს. ეს საჭიროა იმისთვის, რომ არ მოხდეს ცოდნის ხარისხის გაუარესება ქვეყანაში და გარანტირებულად დაცული იყოს უმაღლესი დაწესებულებების ანდა სამეცნიერო  კვლევითი რგოლების დამოუკიდებლობა. 

 

საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტს, ისე როგორც ქვეყნის სხვა უნივერსიტეტებს, სჭირდებოდა და სჭირდება ძირეული რეფორმა. კახა ბენდუქიძის მიერ განხორციელებულმა საკადრო რეფორმამ აგრარულ უნივერსიტეტში ვერ უზრუნველყო ცოდნის ხარისხის ისე გაუმჯობესება, რომელზეც მოთხოვნა აქვს ქართულ აგროსექტორს. ანალოგიური ვითარებაა სამეცნიერო-კვლევებში. ეს არის უნივერსიტეტის სამწუხარო რეალობა. უნივერსიტეტს არ ჰყავს მეცნიერთა ის კონტიგენტი, რომელიც უზრუნველყოფს ცოდნის მაღალ ხარისხს და უნივერსიტეტის საუკეთესო იმიჯს საზოგადოებაში. ეს, რა თქმა უნდა, არ ეხება ყველას, თუმცა ეს სისუტე ყველაზე თვალსაჩინოდ უნივერსიტეტის მევენახეობის და მეღვინეობის მიმართულებაში ჩანს. სასწავლო პროცესში მხოლოდ დისციპლინის მკვეთრად გაუმჯობესება, ლაბორატორიების და აუდიტორიების კეთილმოწყობა არ განსაზღრავს უნივერსიტეტის დონეს, მიუხედავად იმისა, ეს უკანასკნელი ძალიან მნიშვნელოვანია უნივერსიტეტისთვის! 

 

კახა ბენდუქიძემ საბედისწერო შეცდომა დაუშვა, როდესაც უნივერსიტეტის სისტემაში ძალიან დაასუსტა სამეცნიერო-კვლევითი რგოლი. მიუხედავად იმისა, რომ ”ცოდნის ფონდი” აცხადებს საგრანტო კონკურსებს, უნივერსიტეტიდან განთავისუფლებული და მოქმედი მეცნიერების უმეტესობა მას არ მიმართავენ, ისინი პრაქტიკულად არ ენდობიან ამ ფონდს. ჯანსაღი ნაწილი მეცნიერებისა უნივერსიტეტში ვერ ხედავს თავის ასპარეზს და მომავალს, ეს სამწუხარო რეალობაა არა მარტო ამ ადამიანებისთვის, არამედ თავად უნივერსიტეტისთვის. 

 

საყოველთაოდ აღიარებულია, რომ სამეცნიერო-კვლევით საქმიანობაში ჩართული ჯანსაღი მეცნიერები უზრუნველყოფენ სამეცნიერო საქმიანობის მაღალ სტანდარტებს, ცოდნის მაღალ დონეს სტუდენტებში და განსაზღრავენ უნივერსიტეტის ღირესულ ადგილს საზოგადოებაში. საუნივერსიტეტო განათლებაში სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის არსებობის საჭიროება იმაში მდგომარეობს, რომ პროფესორს, მეცნიერს თუ დოქტორანტს საშუალება ეძლევა თვითგანვითარების, კვლევითი უნარ-ჩვევების გაფართოების, საკითხების სიღრმისეული შესწავლის და ა.შ., რომელიც შემდეგ გადაეცემა სტუდენტს და მისი ცოდნის ხარისხი ასეთ შემთხვევაში გაცილებით მაღალია, ვიდრე ამ კომპონენტის არსებობისას. უნივერსიტეტის ბრენდი მასში მოქმედი მკვლევარების სამეცნიერო დონესთან პირდაპირ კავშირშია. 

 

საყოველთაოდ ცნობილია, რომ კახა ბენდუქიძე და მისი თანამოაზრეთა გუნდი ნეოლიბერალური ფილოსოფიის მიმდევარნი არიან, მათ უნივერსიტეტი პრაქტიკულად პოლიტიკურ-იდეოლოგიურ ბანაკად აქციეს და უარი უთხრეს ყველა იმ თანამშრომელს, რომელთა პოლიტიკურ იდეოლოგიაში ეჭვი შეიტანეს. საწუხაროდ, უნივერსიტეტში განხორციელებული საკადრო რეფორმები ამ ჭრილში წარიმართა, ეს ფაქტია. ეს ის პოლიტიკურ-იდეოლოგიური ვულკანია, რომელიც ოდესღაც ამოხეთქავს და  კიდევ შეუქმნის სერიოზულ საფრთხეს ქართულ სახელმწიფოებრიობას.

 

უკანსკნელ წლებში საქართველოს სახელმწიფო აგრარულ უნივერსიტეტში არსებული უკიდურესად მძიმე მდგომარეობა იყო და ასეთ დროს ამ დასუსტებულ უნივერსიტეტს საქართველოს მთავრობის 2010 წლის 27 ივლისის #210 დადგენილებით მიუერთეს დარგობრივი სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტები. რატომ მოხდა ეს, ამით რა შეიცვალა? ვითარება არ შეცვლილა, ვიდრე ”ცოდნის ფონდს” არ გადაეცა. რატომ მოხდა ასეთი რამ? იქნებ სახელმწიფომ აგრარულ განათლებასა და მეცნიერებაში ვიწრო ინტერესებზე მორგებული რეფორმა გაატარა, არ უნდა გახდეს ეს საზოგადოების მსჯელობის საგანი? იქნებ ვინმეს ამ პროცესში ქონებრივი გადანაწილების ინტერესები უფრო ამოძრავებდა, ვიდრე აგრარული განათლების ბედი. თუ აინტერესებდა, რატომ არ მისცა მეცნიერებს ასპარეზი? არ უნდა გახდეს ეს საჯარო მსჯელობის საგანი? და თუ სადმე სამართლიანობა დაირღვა, სამართლიანობა არ უნდა აღდგეს?

 

მე ამ უნივერსიტეტის კურსდამთავრებული ვარ, მისი კედლები ჩემთვის ძალიან ძვირფასია, ჩემი ცხოვრების საინტერესო წლები, იმედები და მოგონებები აგრარულ უნივერსიტეტს უკავშირდება, მე წამართვეს აგრარული უნივერსიტეტი ამ პოლიტიკურ-იდეოლოგიური ბანაკის მიმდევარმა ნეოლიბერალებმა! მე ძალიან მიყვარს ჩემი აგრარული უნივერსიტეტი ნეოლიბერალების გარეშე!

მასალების გადაბეჭდვის წესი