კომენტარი |

სპეციალისტები პრემიერს განმეორებით მიმართავენ ქალაქთმშენებლობის საკითხებზე

1 მარტი, 2013 | | 888
სპეციალისტები პრემიერს განმეორებით მიმართავენ ქალაქთმშენებლობის საკითხებზე

საქართველოს  პრემიერ მინისტრსბატონ  ბიძინა ივანიშვილს

ასლი – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს

ბატონ გიორგი კვირიკაშვილს  

გ ა ნ მ ე ო რ ე ბ ი თ ი  მ ი მ ა რ თ ვ ა

საქართველოში ქალაქთმშენებლური წესრიგის დასამყარებლად  

 

ბატონო ბიძინა,

 

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს 2012 წლის 14 დეკემბრის მიმართვაში ნათლად იყო მითითებული პირადად თქვენდამი მომართვის გარდუვალობა, იგი თქვენი ადმინისტრაციის მიერ მაინც ეკონომიკისა და რეგიონული განვითარების სამინისტროებს გადაეგზავნა. ეკონომიკის სამინისტრომ გადადგა, ჩვენი აზრით, სრულიად არაადეკვატური ნაბიჯი და წამოიწყო დარგის სპეციალისტთა არაფორმალური ქსელის შექმნა, რითაც ქსელის წევრებს სამინისტროს სივრცითი დაგეგმარებისა და სამშენებლო პოლიტიკის დეპარტამენტთან თანამშრომლობა შესთავაზა.

 

ჩვენთვის, როგორც ამ დარგის სპეციალისტებისთვის, სრულიად ნათელია, რომ ეს სამინისტრო თავისი პროფილით შეუსაბამო, ხოლო საკადრო შემადგენლობით უძლურია სივრცითი მოწყობის ამოცანების გადასაწყვეტად. უფრო მეტიც, სრულიად ნათელია, რომ სივრცითი მოწყობის სფეროს ეკონომიკის სამინისტროსთვის დაქვემდებარებით ყოფილმა ხელისუფლებამ, თავისი ნეოლიბერალურ–პროტექციონისტური მისწრაფებების შესაბამისად, მოახდინა ამ დარგის ცალმხრივი ეკონომიზაცია და ამით მას შეგნებულად დაუკარგა თავისი არსებითი ფუნქცია – შექმნას ადამიანთათვის მათი ღირსებისა და მისწრაფებების შესაფერი საარსებო გარემო, რომელიც თანაბრად უპასუხებს მათ კულტურულ, სოციალურ და სამეურნეო მოთხოვნილებებს. ეს გარემო მნიშვნელოვანწილად აყალიბებს ცალკეული ადამიანისა და საერთოდ საზოგადოების თვითმყობადობას. ამდენად სრულიად დაუშვებელია მისი ცალმხრივად ეკონომიკური წარმადობის მიხედვით განხილვა და მოწყობა.

 

ეს თვალსაზრისი კიდევ ერთხელ დაფიქსირდა ქალაქმგეგმარებელთა და არქიტექტორთა ეკონომიკის მინისტრის პირველ მოადგილესთან ამა წლის 7 თებერვალს გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც ჩვენი მიმართვის ხელმომწერებიც ესწრებოდნენ. სამწუხაროდ, ეკონომიკის სამინისტრომ დღემდე არათუ საქმიანი პასუხი ვერ გასცა შეხვედრაზე წამოჭრილ საკითხებს, არამედ შეხვედრის ოქმიც კი არ მოგვაწოდა, რაც გააადვილებდა შეხვედრაზე განხილული თემების სტრუქტურირებასა და მათდამი დიფერენცირებულ მიდგომას.

 

ასე რომ, ჩვენ ვერ ვხედავთ ეკონომიკის სამინისტროს ფარგლებში, ერთი მხრივ, სივრცითი მოწყობის, მათ შორის ქალაქთმშენებლობის საკითხებზე პროფესიული დიალოგის შესაძლებლობას და მეორე მხრივ, მზაობას, გადაიდგას ქმედითი ნაბიჯები სივრცითი დაგეგმვის ინსტიტუციური დამოუკიდებლობისთვის. ამიტომ ჩვენთვის მიუღებელია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ზემოთ ნახსენებ არაფორმალურ ქსელში მონაწილეობა და ამით ამ უწყების მოჩვენებითი აქტივობის ხელშეწყობა.

 

ასევე, შექმნილ მდგომარეობასთან შეუსაბამოდ მიგვაჩნია ამ სამინისტროს ინიციატივა, გაააქტიუროს „მშენებლობის კოდექსზე“ წლების განმავლობაში გაჭიანურებული მუშაობა, რომლის ფარგლებშიც მან 13 თებერვალს ამ კანონის საზოგადოებრივი განხილვა მოაწყო. იმ პირობებში, როცა საქართველოს არ გააჩნია სივრცითი მოწყობის სტრატეგია, რაც საფუძვლად უნდა დაედოს კანონთა ფართე წრეს, მათ შორის კანონებს სივრცითი დაგეგმვის შესახებ, „მშენებლობის კოდექსი“ ვერ შეასრულებს მასზე დაკისრებულ ამოცანას. გარდა ამისა, ეს კოდექსი, იმ სახით, როგორიც მას დღეს აქვს, არ შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს, აერთიანებს რა თავის თავში სამართლის სხვადასხვა სფეროთა შინაარსებს.

 

ვითვალისწინებთ რა, რომ 7 თებერვლის შეხვედრის მონაწილეთა ერთსულოვანი მოთხოვნა თანხმობაშია ჩვენს 14 დეკემბრის მოთხოვნასთან, კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ აუცილებელია შეიქმნას სივრცული მოწყობისა და მისი მომიჯნავე დარგების სპეციალისტებით დაკომპლექტებული, არსებულ უწყებათა ინტერესებისგან დამოუკიდებელი კომისია, რომელიც შეიმუშავებს:

 

– ქვეყნის სივრცითი მოწყობის სტრატეგიას, რომელიც მოიცავს ქვეყნის, რეგიონისა და კომუნის დონეებს;

 

– სივრცითი მოწყობისა და მშენებლობის წესრიგის კანონებსა და კანონქვემდებარე აქტებში გადაუდებელ ცვლილებებს, რომლებიც შეაჩერებენ თვითნებობას მშენებლობაში;

 

– თანამედროვე ევროპული გამოცდილების გათვალისწინებით ხელახლა სტრუქტურირებული, საქართველოს სპეციფიკის შესაფერი კანონებისა და კანონქვემდებარე აქტების საფუძვლებს სივრცითი მოწყობისა და მშენებლობის წესრიგის სფეროებში;

 

– წინადადებებს საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ფარგლებში ქვეყნის სივრცით მოწყობასა და მშენებლობის წესრიგზე პასუხისმგებელი სტრუქტურული ერთეულების შექმნის თაობაზე. ცენტრალური ხელისუფლების დონეზე შექმნილმა ასეთმა ერთეულმა, სხვა ამოცანებთან ერთად, უნდა გააგრძელოს მე–3 პუნქტში აღწერილი კანონშემოქმედებითი საქმიანობა;

 

– წინადადებებს საქართველოში სამშენებლო ნორმების შექმნის ინსტიტუციური მოწყობისთვის;

 

– წინადადებებს სივრცითი  დაგეგმვის სპეციალისტთა აღზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლებისთვის 

 

თუ თქვენი ნებაც იქნება, ამ საკითხის არსებითად მოგვარების საუკეთესო პირობად მიგვაჩნია თქვენი ჩვენთან პირადი შეხვედრა და ამ შეხვედრაზე პრობლემის სრულად წარმოჩენა. 

 

 

14  დეკემბრის  მიმართვის  ხელისმომწერთა  სახელით  და პატივისცემით,  

ზურაბ ბაქრაძე, ნესტან თათარაშვილი, ზურაბ ნემსაძე, ლუკა ბაქრაძე, თეიმურაზ კალანდაძე, ზურაბ ნიკოლაიშვილი, ვახტანგ ჯოხაძე, გია ჯანაშვილი, გვანცა ნიკოლაიშვილი, ალექსანდრე ოსეფაიშვილი, მაია მანია, ნანო ზაზანაშვილი, ელენა დარჯანია, ლევან კალანდარიშვილი, მარიამ ბაქრაძე, ირინე წულაძე, თეიმურაზ ჯაფარიძე, ირინა ბრანდტი

მასალების გადაბეჭდვის წესი