კომენტარი

ბაკურ კვაშილავა: რიტორიკის შეცვლა რუსეთთან შედეგს არ მოიტანს

6 თებერვალი, 2013 • 1553
ბაკურ კვაშილავა: რიტორიკის შეცვლა რუსეთთან შედეგს არ მოიტანს

ბატონო ბაკურ, ხელისუფლება ირწმუნება, რომ ქვეყნის საგარეო კურსი არ შეცვლილა, ოპონენტების მტკიცებით კი, ივანიშვილის გაცხადებული, ევროპაზე ორიენტირებული საგარეო კურსი შენიღბულია და ის რუსეთის ინტერესებს ატარებს. რამდენად საფუძვლიანია ეს შეფასება?

 

წინასაარჩევნოდ “ქართულმა ოცნებამ” თავის ძირითად მიზნად დასახა რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესება. კითხვაზე, როგორ მოხდებოდა ეს, კონკრეტული პასუხი არ იყო, მაგრამ იყო საუბარი იმაზე, რომ შეიცვლებოდა რიტორიკა. რიტორიკის ცვლილება რეალურია. მეორე მხრივ, გასაგებია “ნაცმოძრაობის” პოზიციაც, – მკაფიოდ უნდა იცოდეს საზოგადოებამ, რომ ეს არის რიტორიკის ცვლილება და არა პოლიტიკის. მარტო იმის თქმა, რომ ვცვლი არა კურსს, არამედ რიტორიკას, ავტომატურად ნიშნავს, რომ მე გატყუებ. ასეთი გაურკვეველი განცხადება ჩიხში შემყვანია.

 

გააქტიურდნენ პრორუსული ძალები, მათ შორის ყოფილი თანამდებობის პირები. გამოჩნდა ვალერი ხაბურძანიაც, რომელიც ღიად ამბობს, რომ პრორუსული პოზიცია აქვს. არის ამ ძალების გააქტიურება ქვეყნისთვის საშიში?

 

ეს გააქტიურება იმ შემთხვევაშია საშიში, თუკი ისინი გარე ძალებიდან იმართებიან და მათ ექნებათ საშუალება მოახდინონ მნიშვნელოვანი გავლენა საზოგადოებაზე. მაგრამ თუ შიდა ძალებია, რომლებიც არიან კეთილგანწყობილი რუსეთის მიმართ, აგვისტოს ომისა და ოცწლიანი ნეგატიური ურთიერთიერთობის მიუხედავად, მაშინ ეს დადებითი მოვლენაა, რადგან ძალები, რომლებიც იყვნენ იატაკქვეშეთში, გამოდიან სააშკარაოზე და საზოგადოება ღიად დაიწყებს მსჯელობას იმაზე, თუ რა გზა ურჩევნია. დემოკრატიის ერთ-ერთი ამოსავალი წერტილი სწორედ ის არის, რომ საზოგადოებაში არსებული წინააღმდეგობა და სხვადასხვაობა ერთმანეთს საჯაროდ დაუპირისპირდეს.

 

რუსი პოლიტიკოსები, ჟურნალისტები აქტიურად განიხილავენ საქართველოს დსთ-ში დაბრუნებას. აქვს ამას რაიმე ხელჩასაჭიდი საფუძველი?

 

ხელჩასაჭიდი დეტალები არ ჩანს, მაგრამ ფაქტია, რომ რუსეთი, რომელიც არის რეგიონში ყველაზე ანგარიშგასაწევი ძალა, ეცდება გამოიყენოს თავისი შესაძლებლობები, როცა ხელისუფლებაში უკვე აღარ არის მისი დაუძინებელი მტერი. უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ რუსეთისთვის მისაღები იყო ნებისმიერი მთავრობა, სააკაშვილის გარდა. გამომდინარე აქედან, სავსებით გასაგებია ის აღტკინება, რომელიც შეიმჩნევა რუსეთის პოლიტიკურ წრეებში – “დაკარგული ტერიტორია” როგორმე მისკენ შეაბრუნონ.

 

სააკაშვილში იყო მხოლოდ რიტორიკის პრობლემა, თუ მას დასავლური ორიენტაციის გამო ვერ იტანდა რუსეთი?

 

ვფიქრობ, დასავლური ორიენტაციის გამო, რადგან რამდენადაც არ უნდა დავწვრილმანდეთ პიროვნულ უთანხმოებაზე, ეს მაინც მინიმალური პრობლემა იყო.

 

თქვენ ახსენეთ დეტალები, ასეთ დეტალად განიხილებოდა ირაკლი ალასანიას გადაყენება ვიცე-პრემიერის პოსტიდან. შეიძლება ეს ფაქტი განვიხილოთ როგორც დასავლური კურსის შესუსტების მცდელობა?

 

ხელისუფლების განმარტების მიხედვით, ეს არ არის კავშირში ქვეყნის პოლიტიკურ კურსთან და მეც ასე ვფიქრობ. თუმცა, ზოგადად, ალასანიას პოზიციების დასუსტება, დასავლურ კურსს უკავშირდება.

 

მინდა გკითხოთ ეკლესიის როლზე, რას ნიშნავს პატრიარქის რუსეთში გაკეთებული განცხადებები საქართველოსა და რუსეთის მარადიულ სიყვარულზე?

 

პატრიარქის განცხადებები ეხმაურებოდა იმ პოლიტიკას, რასაც რიტორიკის ცვლილება ჰქვია. პატრიარქი არ წარმოადგენს ხელისუფლების არც ერთ შტოს, ამიტომ შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ ეს იყო რუსეთის პოზიციის მოსინჯვა ყოველგვარი ვალდებულების გარეშე, თუ როგორ მოიქცევა რუსეთი, თუკი საქართველო იქნება მაქსიმალურად დამთმობი მის მიმართ.

 

ბაკურ კვაშილავა, ფოტო: რადიო თავისუფლება
ბაკურ კვაშილავა, ფოტო: რადიო თავისუფლება

დაუშვა თუ არა პატრიარქმა შეცდომა შეფასებებში, როცა მან განაცხადა, რომ “იმაში, რაც მოხდა, არც რუსეთია დამნაშავე და არც საქართველო, ამაში ბრალი ცალკეულ პიროვნებებს მიუძღვით”. შეუძლია საქართველოს რუსეთის მარადიული სიყვარული აფხაზეთისა და ოსეთის გარეშე?

 

როცა ასეთი ავტორიტეტი მსგავს განცხადებებს აკეთებს, მას მოჰყვება შესაბამისი რეაქცია, რადგან საზოგადოების დიდი ნაწილისთვის მსგავსი განცხადება მიუღებელია. მაგრამ ეს განცხადება ჩვენ შეიძლება გამოგვადგეს ლაკმუსის ქაღალდად, რომელიც აჩვენებს, რამდენად ადეკვატურია რუსეთის შემდგომი ნაბიჯი. მაშინ, როცა ჩვენ შეიძლება უარი ვთქვათ იმ უამრავ უსამართლობასა და ზარალზე, რომელიც მოგაყენა ჩრდილოელმა მეზობელმა და ამის შემდეგაც არაადეკვატური იქნება რუსეთი, ეს პრაქტიკულად მიუთითებს იმაზე, რომ საქართველოს კურსი სამუდამოდ არის განსაზღვრული დასავლეთისკენ და არანაირი რიტორიკის შეცვლა რუსეთთან შედეგს არ მოიტანს. პატრიარქის განცხადებები, ერთი მხრივ, იყო ძალიან საჩოთირო, მაგრამ ამავდროულად გამოსაფხიზლებელი შხაპი.

 

ქართული ეკლესია მკვეთრად გამოხატავდა ანტიდასავლურ პოზიციას და არ მალავდა, რომ მას ჰქონდა პრორუსული ორიენტაცია. ამ დოზით ეკლესიის ჩარევა პოლიტიკურ საკითხებში რამდენად სახიფათოა?

 

მე არ ვიცი ჰქონდა თუ არა ნდობის მანდატი ხელისუფლებისგან პატრიაქს. როგორც ვიცი, ეს იყო საეკლესიო ხელისუფალის კერძო ვიზიტი. მაგრამ, ამ ვიზიტის პოლიტიკურ ჟესტად აღქმას მივყავართ უხერხულობამდე. მე მგონია, რომ საერო და საეკლესიო საქმეები ერთმანეთისგან უნდა გავყოთ. ეკლესია უნდა იყოს განყენებული პოლიტიკისგან, სხვა შემთხვევაში ის დაიმსახურებს იმგვარ კრიტიკას, რომელიც ამ ვიზიტის შემდეგ მიიღო.

 

ბიძინა ივანიშვილმა დავოსში ყოფნის დროს განაცხადა, რომ ნამდვილი აღმშენებლობა ამის შემდეგ დაიწყება. მან ახსენა რუსი ბიზნესმენებიც. თუ რუსული კაპიტალი უფრო მეტად მოიკიდებს ფეხს საქართველოში, ეს სახიფათო იქნება?

 

დავოსში მიხეილ სააკაშვილიც შეხვდა იმავე ბიზნესმენებს, ამიტომ გასაოცარი აქ არაფერია. თუკი ვინმე დაინტერესებულია საქართველოში ბიზნესით, ეს არის რუსეთი, რომელიც უკეთ გიცნობს. ეს არ არის ჩვენი არჩევანი. მე, როგორც დასავლური ორიენტაციის მომხრეს, მირჩევნია დასავლური კაპიტალი, რადგან ეკონომიკას იმ ქვეყნის ფასეულობები და ღირებულებები შემოაქვს, რომელი ქვეყნის კაპიტალიც შემოდის. არ მივესალმები დაუბალანსებლად რომელიმე ქვეყნის კაპიტალის შემოსვლას, მაგრამ ასე რომ არ მოხდეს, ჩვენ უნდა შევქმნათ ისეთი გარემო, როგორიც აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებშია.

 

რამდენად შესაძლებელია რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა აფხაზეთის გარეშე?

 

შესაძლებელია ეს ურთიერთობები დარჩეს ისეთივე მდგომარეობაში, როგორიც არის ტაილანდსა და ჩინეთს შორის. მათ აქვთ პრეტენზიები ერთმანეთის ტერიტორიებზე, მაგრამ მათ შორის სავაჭრო ურთიერთობები საკმაოდ გაღრმავდა. თუკი რუსეთთან ურთიერთობა ჩვენ უფრო მეტ მოგებას მოგვცემს, ვიდრე რუსეთს, მაშინ რატომ უნდა ვთქვათ უარი ამ ურთიერთობაზე?!

 

ამ ურთიერთობის სანაცვლოდ ხომ არ დაშორდება ქვეყანა აფხაზეთს?

 

აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს ჩვენ იმდენად ვართ დაშორებული, როგორც არასდროს. ამაზე დიდი გაუცხოება არ ვიცი, რა შეიძლება იყოს. ერთადერთი, რაზეც შეიძლება საუბარი, შეიქმნას საზოგადოებრივი აზრი, რომ ქართველები მტრებად არ აღიქმებოდნენ. არც ეს და არც დასავლეთზე უარის თქმა არ შველის ამ პრობლემას.

მასალების გადაბეჭდვის წესი