კომენტარი

სტრასბურგი, პრეზიდენტი და მისი ბებია

3 თებერვალი, 2013 • 1341
სტრასბურგი, პრეზიდენტი და მისი ბებია

დიანა ტრაპაიძე
დიანა ტრაპაიძე

მედიაცენტრის უფროსი სანდრა დრუარი 8 წელია ჩემს საბუთებს იბარებს და ტრადიციულად მეკითხება, მინდა თუ არა ავანსის აღება. ევროსაბჭო მიწვეულ ჟურნალისტებს თავად აფინანსებს და თანხას ორ ნაწილად გასცემს, ავანსს – პირველ დღეს და დარჩენილ თანხას – წასვლისას. ალბათ იმიტომ, რომ ფული ჯიბეში არ ჩაიდო და სესიებზე დასწრება არ გადაიფიქრო. თუ სესია უინტერესოა, ცდუნება აშკარად არსებობს. ევროსაბჭოს მოსაწყენი შენობის გარეთ ლამაზი, პატარა ქალაქია და ბევრი მაღაზია დიდი ფასდაკლებებით.

ევროსაბჭოში თანამშრომლები მგონი არ იცვლებიან. კარისკაციც 8  წელია იგივეა. სახეზე ყველას ცნობ და ზოგი შენც გცნობს. მაგალითად, ალან დრეიკი, რომელიც პრესასთან ურთიერთობას კურირებს. ვხდები, რომ ეს ის შემთხვევაა, როცა ერთფეროვნება გამაღიზიანებელი არ არის. მეტიც, მომწონს კიდეც – ასამბლეის პრეზიდენტის ან ევროსაბჭოს გენერალური მდივნის შეცვლა სტაფის შეცვლას რომ არ ნიშნავს და ბოლოს და ბოლოს მედიაცენტრის სანდრაც რომ დაგიმახსოვრებს და გაგიღიმებს.

პირველ დღეს ევროსაბჭო დუღს. ძველი და ახალი დეპუტაციები, რეზოლუციების ტექსტები, განხილვები ოთახებში, კაფეებსა და ფოიეში. წამოსვლის დღეს კი ისეთი მდუმარებაა, რომ სულ გიკვირს, როგორ მუშაობენ ამ ერთფეროვნებაში.

2013 წლის ზამთრის სესიაზე მთავარი სააკაშვილის გამოსვლა იყო. ლევან ბერძენიშვილი ამბობს, რომ ამ დარბაზში უკვე სამჯერ მოისმინა, რომ სტრასბურგი პრეზიდენტის სიყვარულის ქალაქია.

სააკაშვილმა ისაუბრა მარადიულ სიყვარულზე, იმაზე, რომ ბევრი რამ შეიცვალა მის ცხოვრებაში ცოლის გარდა და მიწიერ ამბებზე – პრემიერზე, საგარეო კურსზე, იმაზე თუ როგორ სდევნიან მის გუნდს, რომ ახალი მთავრობა ჟურნალისტებზე ფიზიკურად ძალადობს, რომ პირველი არხის დირექტორი აიძულეს წასულიყო.

ქართულ დელეგაციას მისი სიტყვა არ გაუპროტესტებია. თინა ხიდაშელი მეუბნება, რომ დემარში საკუთარი ქვეყნის პირველი პირის გამოსვლის დროს არაკორექტულია.

პრეზიდენტი სტრასბურგში დიდი დელეგაციით ჩამოვიდა, ლამის მთელი პოლიტიკური გუნდით, კახეთის გუბერნატორის ჩათვლით  და ოჯახის წევრებით, ცოლით, შვილებითა და ბებიით.  

როგორც გავარკვიე, მოწვევა ევროსაბჭოდან მის სახელზე გაიგზავნა. დელეგაცია კი ადმინისტრაციამ შეადგინა და აქ მხოლოდ სია მოითხოვეს საშვების დასამზადებლად.

პრეზიდენტი ევროსაბჭოს დერეფანში დაქროდა და უკან მთელი ქართული ჟურნალისტიკა დაყვებოდა. შარშან აქ ბრიტანეთის პრემიერი გამოვიდა სიტყვით, დარბაზში სულ სამი ჟურნალისტი იჯდა, აქედან ერთი მე ვიყავი და მეორეც ქართველი ჟურნალისტი.  

საქართველოს პირველი პირი სიტყვით გამოსვლამდე საპარლამენტო ასამბლეის პირველ პირს შეხვდა და თან თბილისიდან ჩამოყვანილი დეპუტაცია დაისწრო. მანამდე  ჟან კლოდ მინიონს თედო ჯაფარიძე შეხვდა, მხოლოდ უმრავლესობის დეპუტაციის თანხლებით. საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი ფრანგია, ანუ ყველაზე კარგად ესმის კოაბიტაციის არსი. მიხვდა, რომ რაღაც კარგად ვერ იყო და სესიაზე თქვა – ჩვენთან, საფრანგეთშიც იყო კოაბიტაცია და შემოგვხედეთ, ცოცხლები და ჯანმრთელები გადავრჩითო.

სააკაშვილის სიტყვა დეპუტაციამ სესიის პირველივე დღეს მოისმინა, რამდენიმე წუთის დაგვიანებით. პრეზიდენტის გამოჩენამდე მინიონი ხან უსაფრთხოებისა და ხან პროტოკოლის სამსახურს მიმართავდა, ვიდრე გრძელი ნაბიჯებით დარბაზში სააკაშვილი არ გამოჩნდა…

სააკაშვილი ევროსაბჭოში მეორე დღესაც მოვიდა. დერეფანში თანამედროვე ქართული არქიტექტურის ფოტოგამოფენა იყო. პრეზიდენტის მოსვლამდე გამოჩნდა მისი ბებია, სწორედ იქ გადავუღე ფოტო ჩემი ტელეფონით. სააკაშვილმა გამოფენა ისეთი სისწრაფით გახსნა და დახურა, რომ ვენეციის კომისიის ხელმძღვანელი და მგონი საკუთარი ბებიაც გაკვირვებული დატოვა.

პრეზიდენტს ბოლო 5 წელი მხოლოდ ტელევიზორში ვხედავდი. ვერ ვიტყვი, რომ ჩემს წარმოდგენებში რაიმე კორექტივი შევიტანე.

ქართულ დელეგაციისთვის საინტერესო მხოლოდ სააკაშვილის სიტყვა არ იყო. მიიღეს რეზოლუცია კონფლიქტის ზონებზე, იდავეს  ტერმინებზე, თედო ჯაფარიძე შეხვდა რუსული დელეგაციის ხელმძღვანელს, ივანიშვილის ცოლს რომ ტელევიზია აქვს, ეს ევროსაბჭოს რეზოლუციაში წერია უკვე, რომელიც მედიას ეხება.  საგანგაშო სიგნალი უწოდეს ივანიშვილის შეთავაზებას პირველი და მეცხრე არხების შერწყმის შესახებ, მოხსენების ავტორმა კი „რეზონანსის“ რედაქტორს დერეფანში უთხრა – ეს ჩასწორება ჩემი შეტანილი არ არის და ნურაფერს მეკითხებიო.

მოკლედ, მთავარი მაინც პრეზიდენტის გამოსვლა იყო. აპრილში იმავე დარბაზში პრემიერს ელიან. მე კი მაინც მგონია, რომ ვინც არ უნდა გამოვიდეს ამ ტრიბუნაზე, ევროსაბჭოს ახსნა მარტივად მაინც ასე სჯობს – ეს ის შენობაა, სადაც ჟვანიამ თქვა – მე ვარ ქართველი და მაშასადამე ევროპელიო.

პ.ს. როცა ამ წერილს წაიკითხავთ, მე უკვე თბილისში ვიქნები, ბელიაშვილის ქუჩაზე, „მაესტროს“ ოფისში და „სუბიექტური აზრისთვის“ სტუმრებს მოვძებნი. მომავალ წერილში მოგიყვებით უკვე შალვასა და „სუბიექტურ აზრზე“. რას დავწერ არ ვიცი, მაგრამ სათაური უკვე მაქვს – „შალვასა და ჟურნალისტიკას შორის“. სწორედ ასე შევაფასე ჩემი ადგილი და როლი ამ გადაცემაში.
 

გამოქვეყნდა გაზეთ „ბათუმელებში”.

მასალების გადაბეჭდვის წესი