კომენტარი

საპარლამენტო უმცირესობის წევრები პატრიარქის პუტინთან ვიზიტის შესახებ

27 იანვარი, 2013 • 1786
საპარლამენტო უმცირესობის წევრები პატრიარქის პუტინთან ვიზიტის შესახებ

“თანამედროვე სახელმწიფოში ეკლესია და სახელმწიფო, რელიგია და პოლიტიკა გამიჯნულია.

 

ამ პრინციპის მოშლას მივყავართ ან სახელმწიფოს მიერ ეკლესიის დაქვემდებარებამდე, როგორც ეს საბჭოთა კავშირში იყო, ან აღმოსავლური ტიპის თეოკრატიულ სახელმწიფო მმართველობამდე.

 

ბოლო დროს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია აქტიურად არის ჩართული ქვეყნის როგორც საშინაო, ისე საგარეო პოლიტიკაში.

 

პოლიტიკური ქმედებები მოითხოვენ პოლიტიკურ შეფასებას. 

 

პატრიარქის შეხვედრა რუსეთის პრეზიდენტთან
პატრიარქის შეხვედრა რუსეთის პრეზიდენტთან

ჩვენ ვთვლით, რომ შეუძლებელია რეაგირების გარეშე დარჩეს პატრიარქის უკანასკნელი ვიზიტი მოსკოვში და მისი შეხვედრა რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან.

 

გასაგებია, რომ ეკლესიას და პატრიარქს აქვთ სურვილი, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის იყოს ნორმალური, კეთილმეზობლური, მშვიდობიანი ურთიერთობები, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ:

 

– საქართველოს ტერიტორიის ერთი მეხუთედი დღემდე ოკუპირებული აქვს რუსეთის ფედერაციას. ეს ქვეყანა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს აღიარებს დამოუკიდებელ სახელმწიფოებად. ასეთ ვითარებაში მტრული სახელმწიფოს პირველ პირთან გადაჭარბებული მოწიწებით საუბარი ვერ იქნება საქართველოს სუვერენიტეტისთვის სიკეთის მომტანი პოლიტიკური გზავნილი;

 

– რუსეთი, ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში, დაწყებული სტალინის ეპოქიდან, ეგრეთ წოდებულ „მშვიდობის პოლიტიკას“იყენებდა საკუთარი აგრესიული პოლიტიკის და უკვე განხორციელებული ოკუპაციების გადასაფარად,  მათ შორის რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მეშვეობითაც. ეს საქართველოს ნებისმიერ, საერო თუ სასულიერო ლიდერს მუდამ უნდა ახსოვდეს, როდესაც საუბრობს სამარადჟამო „ძმობაზე“იმპერიასთან, რომელმაც 200 წლის განმავლობაში რამდენჯერმე მოახდინა საქართველოს ოკუპაცია, მიწასთან გაასწორა ქართული ეკლესია-მონასტრები, გააუქმა საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალია, სიცოცხლეს გამოასალმა ასობით ათასი ქართველი პატრიოტი, დღემდე აგრძელებს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის უკანონო ოკუპაციას და საკუთარ სახლში დაბრუნების საშუალებას არ აძლევს ასობით ათას ჩვენს მოქალაქეს.

 

– რუსეთ-საქართველოს შორის არსებული პრობლემები გამოწვეულია მხოლოდ და მხოლოდ ერთი ფაქტით — ეს არის საქართველოს მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობის ცალსახა გადაწყვეტილება, რომ საქართველო უნდა გახდეს ევრო-ატლანტიკური სივრცის ნაწილი, ევროკავშირისა და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი. ეს ფაქტი უკვე არა ერთხელ საჯაროდ დაადასტურა როგორც ყოფილმა/ამჟამინდელმა პრეზიდენტმა პუტინმა, ისე მისმა წინამორბედმა. აქედან გამომდინარე, განცხადება, რომ „ის, რაც მოხდა … იყო ცალკეული პიროვნებების ბრალი“ სრულიად მიუღებელია, საზიანოა ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესებისთვის და წყალს ასხამს ოკუპანტი სახელმწიფოს წისქვილზე.

 

მოვუწოდებთ საქართველოს სამოციქულო ეკლესიას თავი შეიკავოს ისეთი ქმედებებისგან, რომლებიც შეიძლება ოკუპანტი სახელმწიფოს მიერ ჩვენი ქვეყნის ინტერესების საზიანოდ იქნას გამოყენებული.”

მასალების გადაბეჭდვის წესი