კომენტარი

ჩემი მუსლიმი ბებია

26 იანვარი, 2013 •
ჩემი მუსლიმი ბებია

სულეიმანი, ალი და ყესტა – ეს ჩემი დიდი ბაბუის და მისი ძმების სახელებია. დიდი ბაბუა სულეიმან ზოიძე 37 წელს დახვრიტეს. დიდი ბებია რეხიმე ნაკაიძე  ბავშვობიდან ჩამრჩა მეხსიერებაში, თეთრი ლეჩაქით და რამდენიმე გაფრთხილებით, მათ შორის – მეზობელთან იმდენჯერ უნდა მიხვიდე, რომ შენს დანახვაზე ყოველთვის ფეხზე წამოდგნენო. რაც არ მახსოვს, იმას დედაჩემი მიყვება ხოლმე. დედაჩემი დღესაც გვამადლის – მე რეხიმე ნაკაიძის შვილიშვილი ვარო. ბაბუა, ილიკო ზოიძე, ახალგაზრდა დაიღუპა. ბებია, სურია აბდუშელიძე, 61 წელი შავებს ატარებდა. ის მურად აბდუშელიძის ნაბოლარა შვილი იყო – თენზილეს, მერიემის, ელიასის და სულეიმანის შემდეგ. ასე დაწვრილებით მხოლოდ ამ უცნაური სახელების გამო ვწერ. არადა, ერთხელ ბიძაჩემს რაღაც საბუთი სჭირდებოდა და მოერიდა არქივში გავეგზავნე. ასე მითხრა, რას იფიქრებენ შენზე, ვინ ალი და ვინ ყესტა ჰყავს წინაპრებშიო. მგონი არ მითქვამს, მაგრამ მე ხომ ვიცი, როგორ მიყვარს ეს უცხო და მშობლიური სახელები.

ბებიაჩემი სურია მძინარე არასოდეს მინახავს. ის ყველაზე ადრე იღვიძებდა და ყველაზე გვიან იძინებდა. რა დროსაც არ უნდა გამეხილა თვალები, ბუხარში ქვაბი მხვდებოდა შედგმული და ბებიაჩემი უხმოდ ფუსფუსებდა.

ბავშვობაში სოფელში მისი სიყვარულით დავდიოდი. ბებია კოლმეურნეობაში ჩაის კრეფდა. შავებზე ჭილოფის ქუდს დაიხურავდა და სხვებთან ერთად სოფლის „გრუზავიკით“ ჩაიში მიდიოდა. ერთი კვირა მეც მასთან გავატარე. ისეთი ენთუზიაზმით ვკრეფდი ჩაის, რომ 21 მანეთი მოვაგროვე. მერე ბებიაჩემს მახარაძეში გავყევი (ოზურგეთი ადრე მახარაძე იყო) და სახლისთვის ჩაიდანი და სარძევე ვიყიდე.

არ დამავიწყდება იმ არდადეგებიდან როგორი გახარებული ვბრუნდებოდი სახლში, დედაჩემმა კი დამტუქსა – რას იფიქრებენ სოფელში, ტრაპაიძეებს ისე უჭირთ, რომ სკოლის მოსწავლეს ჩაის აკრეფინებენო. სოფლის „გრუზავიკზე“ აღარ ავმხტარვარ ბებიასთან ერთად. თუმცა თითქმის ყველა არდადეგებს მაინც სოფელში ვატარებდი.

სოფლის მიმართულებით ავტობუსი ქობულეთის სადგურიდან დღეში სამჯერ გადიოდა -თორმეტზე, სამზე და ხუთზე. ბავშვობის ყველაზე დიდი სტრესი ის იყო, თუ სახლის დალაგებას გადაყოლილი დედა ორი საათით დაგვიგვიანებდა წასვლას, ანუ სამიანი ავტობუსის ნაცვლად თუ ხუთიანს გავყვებოდით. მერე ბედნიერი ვკონწიალობდი ხოლმე სოფლის ყვითელ ავტობუსში. სოფლის გზაზე ყველა მოსახვევი მახსოვს, ეს პატარა გზა ბავშვობაში ძალიან გრძელი მეჩვენებოდა.

ყოველ სექტემბერს სკოლაში ტრადიციული თემა გვქონდა დასაწერი  – სად გავატარე ზაფხულის არდადეგები. არასოდეს დამიწერია ქაქუთის ამბები. სხვაგანაც ვისვენებდი ხოლმე და თან როგორ ვიკადრებდი, რამე სხვას ვწერდი ან  სულაც ვიგონებდი. ახლა 36 წლის ვარ და ვხვდები, რომ სიმართლეზე ადვილი და კარგი დასაწერი და წასაკითხიც არაფერია.

ისევ ბებიაჩემზე გავაგრძელებ. ბებია მუსლიმი იყო. როცა მდინარე ჩოლოქში ხალხი პირველად მონათლეს, მანაც გაქრისტიანება მოინდომა. სოფლის ქალებმა უთხრეს, რომ ახალგაზრდობაში გარდაცვლილ ქმარს იმქვეყნად ვეღარ შეხვდებოდა. ბებიას  მონათვლა აღარ უხსენებია.

მთელი სანათესაო მოინათლა. სოფელში გოჭი დაკლეს. გურულობის გამო, ქაქუთში ჩასულს, ქართველს აღარ მეძახდნენ. ბებიაჩემი კი დარჩა მართლმადიდებელ შვილიშვილებსა და მუსლიმ წინაპრებს შორის – ბაირამსაც აღნიშნავდა და აღდგომასაც,  პასკასაც აცხობდა და ხალვასაც აკეთებდა.  ასე ამბობდა, მთავარია კეთილი იყო და ჯერნეთში აუცილებლად მოხვდებიო.

ასე აღმოჩნდა ორ სარწმუნოებას შორის და არც ერთი სარწმუნოების ამარა. ჩემი ცხოვრების ბოლო წლებში ეს იყო ერთადერთი პანაშვიდი, სადაც სანთლები არ ენთო. არც მღვდელი დამინახავს და არც ხოჯა. ნათესავებმა ჩუმად მითხრეს –  გუშინ საღამოს მეზობლის ქალმა მუსლიმური ლოცვები ჩაუკითხაო.  ეს იყო და ეს.

ბებია 31 დეკემბერს, ახალ წლამდე რამდენიმე საათით ადრე დავკრძალეთ.

გამოქვეყნდა გაზეთ „ბათუმელებში”. 2013 წ.

მასალების გადაბეჭდვის წესი