2014 წლის 14 იანვარს თბილისის პროკურატურამ გაავრცელა განცხადება, საიდანაც ვიგებთ, რომ თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის წარმოებაშია სისხლის სამართლის საქმე, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი პირების მიერ მოქალაქეთა მიმართ ძალადობითა და პირადი ღირსების შეურაცხყოფით, სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენების ფაქტზე. საქმე საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის მე-3 ნაწილით არის აღძრული.
პროკურატურის განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის მაღალჩინოსნები სექსუალური ორიენტაციისა და იდენტობის ნიადაგზე დაშანტაჟების გზით აგროვებდნენ ინფორმაციას ჰომოსექსუალ კაცებზე. კერძოდ, მათ ფარულად უღებდნენ მათი პირადი ცხოვრების ამსახველ ვიდეომასალას და ამ მასალის გამოქვეყნების მუქარით, სპეციალურ სამსახურებთან ფარულ თანამშრომლობას აიძულებდნენ.
პროკურატურის განცხადებაში მართებულია ოპერატიულ სამძებრო კანონის მეექვსე მუხლის მეოთხე ნაწილი, რომლის თანახმად: “ოპერატიული-სამძებრო საქმიანობის შედეგად მოპოვებული ინფორმაცია, რომელიც არ ეხება პირის დანაშაულებრივ საქმიანობას, მაგრამ შეიცავს მის მაკომპრომეტირებელ ცნობებს, არ შეიძლება გახმაურდეს ან გამოყენებული იქნეს რაიმე ნიშნით ამ პირის წინააღმდეგ.”
განცხადების პრესით გავრცელებისთანავე, “ინფო9”ავრცელებს პროკურატურის მიერ მიწოდებულ კადრებს (ავტორები: ალა გრიგალაშვილი, ლაშა ერქომაიშვილი), სახელწოდებით “პროკურატურა სკანდალურ ფარულ ჩანაწერებს ავრცელებს”. ვიდეომასალაზე, მსუბუქი გადაფარვის მიუხედავად, ადვილად იდენტიფიცირებადია იმ პირთა ვინაობა, რომელთა დაშანტაჟებასაც, თბილისის პროკურატურის განცხადებითვე -კადრების გავრცელების მუქარით – ყოფილი მაღალჩინოსნები ახდენდნენ.
გენდერული თანასწორობისა და ლგბტ უფლებების დამცველი ორგანიზაცია “იდენტობა” მიიჩნევს, რომ:
- მედიის წარმომადგენლებისათვის უკანონოდ მოპოვებული მასალების გაზიარებით, პროკურატურა თავად არღვევს მათ მიერ მითითებული კანონის მოთხოვნებს.
თბილისის პროკურატურამ და სხვა სამართალდამცავმა ორგანოებმა სასწრაფოდ უნდა მიმართონ ყველა კანონიერ საშუალებას, რათა შეწყდეს გავრცელებული ვიდეომასალის მედიით ტირაჟირება.
სიტუაციას განსაკუთრებით ამძიმებს ის გარემოება, რომ აღნიშნულ შემთხვევაში, კანონით მონიჭებული პირადი ცხოვრების უფლების უხეში და მრავალჯერადი დარღვევით, არა რომელიმე კერძო პირი, არამედ სწორედ სახელმწიფო გვევლინება, ერთი მხრივ, უკანონობის დამკვეთად, ხოლო, მეორე მხრივ, ამგვარი ძალადობის პოლიტიკის გამაგრძელებლად. სისტემის დაპირებული ცვლილების მიუხედავად, ნათლად გამოჩნდა, რომ ლგბტ პირთა ადამიანის უფლებებისა და ღირსების საკითხების მიმართ დამოკიდებულება ოდნავაც არ შეცვლილა.
- როგორც “ინფო9 “, ასევე ყველა ის მედიასაშუალება, რომლებიც ამ უკანონოდ მოპოვებულ ვიდეომასალას ავრცელებენ, ეთიკური ჟურნალისტიკის პრინციპებთან ერთად, კანონსაც არღვევენ.
აუცილებელია,“ინფო9”-ისა და სხვა მედია დაწესებულებების რედაქციებმა უარი განაცხადონ ვიდეომასალის ტირაჟირებაზე და მაყურებელს ინფორმაცია ზეპირი ან/და წერილობითი სახით მიაწოდონ.
ლგბტ (ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი, ტრანსგენდერი) პირები საზოგადოებრივად ყველაზე მოწყვლად ჯგუფს წარმოადგენენ როგორც საქართველოში, ასევე დანარჩენ მსოფლიოში. ამ თემში, სექსუალურ იდენტობასთან დაკავშირებული სტიგმისა და სიძულვილის გამო, გაცილებით მაღალია თვითმკვლელობების, დეპრესიისა და სხვა თვით-დესტრუქციული ქცევის სტატისტიკა. მედიას და განსაკუთრებით, სახელმწიფო დაწესებულებების თანამშრომლებს, განსაკუთრებული მოფრთხილება მართებთ ამ ადამიანთა წინაშე. უკანასკნელ წლებში საზოგადოებამ გენდერული იდენტობის შეუწყნარებლობის ნიადგზე ჩადენილი არაერთი მკვლელობისა თუ ასეთი ფაქტორებით მოტივირებული თვითმკვლელობის შესახებ შეიტყო.
ვშიშობთ, რომ საზოგადოება, რომელიც სექსუალობის საკითხებს ტაბუს უწესებს, სახელმწიფო სპეციალური სამსახურები, რომლებიც მხოლოდ პირადი ცხოვრების საიდუმლოების დაშანტაჟების გზით ახერხებენ თანამშრომლობას, პროკურატურა, რომელსაც საზოგადოებრივი ნდობის მოსაპოვებლად მხოლოდ უკანონოდ მოპოვებული სამხილების უკანონოდვე გავრცელება დარჩენია, ხოლო მედია, რომელიც უკვე ისედაც მსხვერპლის მდგომარეობაში ჩავარდნილ ადამიანთა კეთილდღეობას სექსუალობის სკანდალიზაციას ამჯობინებს, ვერ შეძლებენ ჯანსაღი, დემოკრატიული და თავისუფალი საზოგადოების ჩამოყალიბებას.
“იდენტობა” დაბეჯითებით მიმართავს ყველა ჩართულ მხარეს, დაიცვან კანონისა და მორალური პრინციპების მინიმალური სტანდარტები.
“იდენტობა” მიმართავს ლგბტ თემის იმ წარმომადგენლებს, რომელთა უფლებებიც ამ შემთხვევაში დაირღვა და სთავაზობს მათ უსასყიდლო იურიდიულ და ფსიქოლოგიურ მომსახურებას, რათა მათი კანონიერი უფლებები და ფსიქოლოგიური რეაბილიტაცია გახდეს შესაძლებელი. დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ მოგვმართონ ტელეფონით, 2305614, ან ელექტრონული ფოსტის მეშვეობით: info@identoba.com