კომენტარი

თეოლოგიის დასასრული საქართველოში

31 დეკემბერი, 2012 • 3560
თეოლოგიის დასასრული საქართველოში

თეოლოგია ერთადერთი დისციპლინაა, რომელიც შეიძლება სიკვდილის შემდეგაც დაგვჭირდეს – ასე მიპასუხა ჩემმა გერმანელმა მეგობარმა ჩემს კითხვაზე, თუ რატომ გადაწყვიტა მან თეოლოგიის  და არა რომელიმე კომერციულად მომგებიანი პრეფესიის შესწავლა. ამ პროფესიის ადამიანებს საქართველოში ხშირად ეკითხიან – თეოლოგია რაში გამოგადგება? საჭიროა ვითომ საქართველოში თეოლოგები?   სინამდვილეში ალბათ არც ერთ სხვა ქვეყანას ისე არ სჭირდება თეოლოგია და თეოლოგები, როგორც საქართველოს, ვინაიდან თითქმის ყველა საზოგადოებრივი პრობლემის ინტერპრეტირება თეოლოგიური თვალთახედვიდან ხდება. მოცემული მომენტისათვის ეს საკითხი კვლავ აქტუალური გახდა და, როგორც ყოველთვის, პოლიტიკური მნიშვნელობა შეიძინა. როგორც წესი, საქართველოში მიღებულია მსგავს საკითხებზე ზედაპირულად წერა, ამიტომ ბოდიშს მოგიხდით, რომ ცოტა ვრცლად და კომპლექსურად ვეცდები საკითხის განხილვას.


ვიდრე უშუალოდ წამოჭრილ პრობლემაზე გადავიდოდე, საინტერესოდ მიმაჩნია იმ ვითარების ჩამოყალიბების მოკლე ისტორიის აღწერა, რომელშიც დღეს თეოლოგიური განათლება იმყოფება საქართველოში.  


თეოლოგიური განათლების მოკლე ისტორია საქართველოში

 

დავიწყოთ იმით, რომ დასავლური ტიპის უნივერსიტეტები მართლმადიდებლურ სივრცეში არ წარმოშობილან და, შესაბამისად, ამ  სივრცეში თეოლოგიას არასოდეს ჰქონია სისტემური, აკადემიური, მეცნიერული ხასიათი ამ ცნების დასავლური გაგებით. მართლმადიებელი ეკლესიების ძირითადი რაოდენობისათვის თეოლოგიურ ტრაქტატებს ყოველთვის წარმოადგენდნენ ლიტურგიკული ტიპის ტექსტები. ადრეული საუკუნეების განმავლობაშიც საქართველოში საეკლესიო მამები მხოლოდ მთარგმნელები და კომენტატორები იყვენენ. ორიგინალური ტიპის თეოლოგიური აღმოჩენა არც ერთ მათგანს  არ განუხორციელებია. თუმცა სწორედ მათ განახორციელეს გარკვეული ცოდნის დაგროვება ამ სფეროში. ხოლო მთარგმენლობითი მოღვაწეობის შედაგად კულტურათა ცვლა და ქართული ეკლესიის მსოფლიო ქსელში ინტეგრირება მოახდინეს. საუკუნეების განმავლობაში სასულიერო პირების განათლებას სხვადასხვა მონასტერთან (გელათი,იყალთო და ა.შ.) არსებული საგანმანათლებლო ცენტრები უზრუნველყოფდნენ, რომლებიც მეტნაკლებად პასუხობდნენ თანადროულ მოთხოვნებს. 1748 წლის 13 ნოებერს, კათოლიკოს-პატრიარქ ანტონ პირველის ინიციატივით, საქართველოს საეკლესიო კრებამ მღვდლად კურთხევისათვის სასულიერო განათლების ქონა აუცილებელ ვალდებულებად დაადგინა. 1755 წელს ანჩისხატის ეზოში პირველი სასულიერო სემინარია გაიხსნა, რომელსაც სხვა ქალაქებში ასეთივე სასწავლებელბის გახსნა მოჰყვა. 1817 წელს რუსეთის საიმპერატორო ხელისუფლებამ ახალი, რუსული ყაიდის სასულიერო სემინარია გახსნა, რომელთანაც დაკავშირებული ამბები მეტნაკლებად ცნობილია(ლაღიაშვილი, სტალინი). 1917 წლის ავტოკეფალიის აღმდგენელ საეკლესიო კრებაზე არ დაამტკიცეს სასულიერო განათლების ქონა სამღვდელო ხარისხის მოპოვების აუცილებელ წინაპირობად, რამაც დიდწილად განსაზღვრა ამ საკითხისადმი დამოკიდებულება შემდგომ პერიოდში. კრების მიერ განსაზღვრული სამომავლო გეგმები სასულიერო სასწავლებლების გახსნასთან დაკავშირებით საქართველოში კომუნისტური რეჟიმის დამყარებამ მთლიანად გამორიცხა. 1963 წელს კათოლიკოს-პატრიარქ ეფრემ II-ის თაოსნობით კლავ დაარსდა სასულიერო სემინარია, რომლის პირველ რექტორად შემოქმედის ეპისკოპოსი ილია (შიოლაშვილი) დანიშნა. 1988 წელს სასულიერო სემინარია თბილისში გადმოვიდა, რომლის ბაზაზეც მოგვიანებით სასულიერო აკადემია და ორი საღვთისმეტყველო მიმართულების ინსტიტუტი დაფუძნდა. დღესდღეობით თეოლოგიური განათლების მიღება სასულიერო პირის ხელდასხმის აუცილებელი პირობა არ გახლავთ.


სამწუხაროდ, პოსტკომუნისტურ საქართველოში ჩამოყალიბდა და ეკლესიის ყოფითი რეალობაში წამყვანი ადგილი დაიკავა უცნაური სახის თეოლოგიურმა აზროვნებამ, რომელსაც პირობითად  ,,ობსკურანტული“ ან  ,,იზოლაციონისტური“  შეიძლება ვუწოდოთ. თეოლოგიური თუ კულტურული საკითხების მიმართ ასეთი ტიპის მიდგომები განსაკუთრებით პოპულარული გახდა 1997 წელს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ ეკლესიათა მსოფლიო ეკუმენური საბჭოს დატოვების შემდეგ. ამ მოვლენების შედეგად ეკლესიის მმართველმა წრეებში იოზალიციონისტურმა იდეოლოგიამ გაიმარჯვა, რომელიც დღემდე დომინირებს და მთლიანად განსაზღვრავს მრევლის სამოქალაქო თვითშეგნებასაც. ესაა თვითიზოლაციის შეუქცევადი პროცესი.


ზოგადი ორიენტაციის კურსის შეცვლა, ბუნებრივია, სასულიერო სემინარიაზეც აისახა. ამ კონტექსტში სასულიერო სასწავლებლის აკადემიური სიძლიერე თავად ეკლესიისთვის აღმოჩნდა მიუღებელი, რადგან განათლებული სტუდენტები არ დაიჯერებდენ იმ უამრავ მითს, რომლითაც დღემდე იზოლაციონისტი სასულიერო პირების დაჯგუფებები ოპერირებენ. ინფორმაციული სივრცის სიმდიდრეს თავისთავად მოაქვს ღიაობისა და შემწყნარებლური დამოკიდებულების ტენდეცია. განათლებული სასულიერო პირების არსებობა ეკლესიისთვის პრობლემად იქცა. სწორედ ამ მიზნით სასწავლებლიდან გაათავისუფლეს ბევრი კომპეტენტური პროფესორი და მასწავლებელი. მაგალითად, ძველი აღთქმის ისეთი ცნობილი მცოდნე, როგორიც არის ბატონი ზურაბ კიკნაძე და კიდევ ბევრი სხვა კომპეტენტური პიროვნება. შეწყდა სტუდენტთა გაცვლითი პროგრამები. უცხოეთიდან აღარ იწვევდნენ გასტ-პროფესორებს.  შეიზღუდა სასაწავლებლის საგამომცემლო საქმიანობა. არასწორი თეოლოგიური აზროვნება თანდათანობით იქცა გლობალიზაციასთან დაკავშირებულ სხვა კულტურებთან შეხებაში მოსვლის შედეგად წარმოქმნილი საკითხების არასწორად ახსნა-განმარტების საშუალებად. თეოლოგიური განათლების სიმწირე პოლიტიკური თუ ეკონომიკური ინტერსების მქონე ჯგუფებს უბრალო მოსახლეობის მანიპულირების საშუალებას აძლვეს.

პოლიტიკური კონტექსტი


უშუალოდ კანონპროექტის განხილვამდე საინტერესოა განვიხილოთ რამოდენიმე წინმსწრები საკითხი, რომლებიც მნიშვნელოვან კონტექსტს ქმნიან ამ საკითხისათვის. ისტორიული განვითარების შედეგად საქართველოში სახელმწიფო – ეკლესიის ურთიერთობამ საკმაოდ სპეციფიკური სახე მიიღო. მოცემულ სიტუაციაში საქართველოს ეკლესია სახელმწიფოსთან აბსორბციულ დამოკიდებულებაში იმყოფება. მარტივი სიტყვებით რომ ვთქვათ, საქართველოს ეკლესიას საჭიროდ არ მიაჩნია სახელმწიფო, როგორც ასეთი. მას გააჩნია ამბიცია, მთლიანად ჩაანაცვლოს იგი და თავად იქცეს ერის პოლიტიკურ სხეულად არა მარტო შინაარსობრივი, არამედ სტრუქტურული თვალსაზრისით. რადგან ეს ამბიცია თანამედროვე სამყაროში მხოლოდ ნაწილობრივ შეიძლება განხორციელდეს, ეკლესია ხშირად ირჩევს მაქსიმალური კომპრომისის სტრატეგიას: ის აღიარებს მოქმედი ხელისუფლების ლეგიტიმურობას (ღთივდადგენილებას) სრული სამართლებრივი შეუვალობის სანაცვლოდ. ამ მოდელის განხორციელება საპატრიარქომ წინა ხელისუფლების პირობებშივე შეძლო და იგი 2007 წლის შემდეგ საბოლოოდ განამტკიცა. ამგვარი ურთიერთობის მექანიზმი ძალიან მარტივი გახლდათ: საპატრიარქო იღებდა მილიონებს ბიუჯეტიდან, სანაცვლოდ კი არ იყო ანგარიშვალდებული არც ერთი სახელმწიფო ინსტანციის წინაშე. გამოყოფილი თანხის  დაახლოებით იგივე ღირებულების საჩუქრებსა და შემოწირულებებს ცალკე იღებდენენ მაღალ იერარქები ნაციონალური მოძრაობის მხარდაჭერის სანაცვლოდ. ამ მოჩვენებითი ჩაურევლობის მიღმა ეკლესია სისტემურ კამპანიას აწარმოებდა მთავრობის წინააღმდეგ, რის შესახებაც კარგად იყო ინფორმირებული მაშინდელი ოპოზიცია და დღევანდელი მთავრობა.


აბსორბციული დამოკიდებულება ყველაზე ნათლად სასულიერო განათლების საკითხში ჩანს. ჯერ კიდევ ახალი მომხდარი იყო ვარდების რევოლუცია, როდესაც საპატრიარქომ მალევე გამოუცხადა ბრძოლა განათლების რეფორმას (ჩემი აზრით წინა მთავრობის ყველაზე წარმატებულ რეფორმას) და განათლების სამინისტორსთან მოწყობილი პიკეტების უშუალო ორგანიზებას უწევდა. მისთვის მიუღებელი იყო მთავრობის მიერ სასულიერო სასწავლებლის თუნდაც აკადემიური კუთხით კონტროლი, რადგან ცხადი იყო, სასულიერო სემინარია-აკადემია ვერ გაივლიდა აკრედიტაციას. თავი რომ გავანებოთ ამ სასწავლებელში არსებული პროფესორ – მასწავლებლების აკადემიურობის საოცარ არაკომპეტენტურობას, არ არსებობდა (დღემდე არ არსებობს)  აკრედიტაციისათვის საჭირო მატერიალურ-ტექნიკური ბაზა (აუდიტორიები, ბიბლიოთეკა). საპატრიარქომ განათლების რეფორმასთან რადიკალური ბრძოლის შეწყვეტის სანაცვლოდ განათლების სამინისტროს მოსთხოვა საკუთარი სასწავლებელების კანონმდებლობითი სივრცის მიღმა ფუნქციონირების უფლება. ანუ საპატრიარქოს უფლება მიეცა, მიეღო ამ სასწავლებლებში სტუდენტები არა ეროვნული, არამედ საკუთარი გამოცდების საფუძველზე, ეწარმოებინა სასწავლო პროცესი, დაენიშნა საკუთარი ნება- სურვილით პროფესორ-მასწავლებელები, გაეცა დიპლომები, რომელთაც არანაირი იურიდიული ძალმოსილება და ღირებულება არ გააჩნდა და ა. შ. შეთანხმებას მიაღწია, გაფომრდა „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის ერთობლივი კომისიის ურთიერთგაგების მემორანდუმი“ . შეთანმხების სათაურში არსებული ტერმინი ურთიერთგაგება კარგად წარმოაჩენს დოკუმენტის სულისკვეთებასა და პოლიტიკურ კონტექსტს. ამ ტრიუმფალური წარმატების აღსანიშნავად სამინისტროში მიბრძანებულ მეუფე თეოდორეს ბატონმა კახა ლომაიამ დაუჩოქა  და მის მიერ საჩუქრად მირთმეულ ხატს ეამბორა.  საპატრიარქოს თავისუფლად შეეძლო ეწარმოებინა თავისი იურიდიულად არალეგალური საქმიანობა და თავისუფლად მოეტყუებინა სწავლის მსურველი ახალგაზრდები, მაგრამ არსებობდა საფრთხე: ვაითუ პოლიტიკურად კვლავ ემანსიპირებულ მთავრობას ისევ მოეთხოვა კანონით სავალდებულო აკრედიტაცია. ამიტომაც დაახლოებით ორი წლის წინ ახალ, სიტყვიერ შეთანხმებას მიაღწია: მხარდაჭერის სანაცვლოდ საქართველოს მთავრობა მზად იყო ეცნო სასულიერო აკადემია-სემინარია აკრედიტირებულ სასწავლებლებად კანონით სავალდებულო მოთხოვნების დაკმაყოფილების გარეშე. მიუხედავად სიტყვიერი თანხმობისა, ამ დათმობის მზაობაზე ხელისუფლებამ ვერ გაბედა დაეკანონებინა ასეთი აბსურდი განათლების სფეროში. სწორედ ამ დროს კი მთავრობა შეიცვალა და საპატრიარქომაც საკუთარი მოლოდინების რეალიზაციის მოთხოვნა წამოაყენა. გარდა ტოლერანტობის გარანტირების სფეროში სახელმწიფოს როლის შემცირებისა და სხვა, საპატრიარქოსათვის მანამდე მიუღებელი სახელმწიფოებრივი ფუნქციების შესუსტებისა, ჯერი საღვთისმეტყველო სასწავლებლების შიგა მოხმარების სათბურად გადაქცევის საკითხზე მიდგა. ეს საპატიო მისია ობსკურანტული  გამონათქვამებით ცნობილ მეუფე იობთან დახლოებულმა, ზნეობის რაინდის იმიჯის მქონე ბატონმა ზვიად ძიძიგურმა იტვირთა, თუმცა დიდი ხნით ადრე  ეს კანონპროექტი საპატრიარქოში მომზადდა.


კანონპროექტი


კანონპროექტიდან სადემონსტრაციო მუხლების მოყვანა ძალიან გამიჭირდება. მთელი კანონპროექტი ზედმიწევნითაა გაჯერებული არადემოკრატიული და ანტიმეცნიერული პრინციპებით. შევეცდები, მაინც მოვიყვანო რამოდენიმე მუხლი, რომელიც ძალიან მკაფიოდ წარმოაჩენს ამ ცვლილებათა დაუშვებლობას.


პირველი, ყველაზე თვალშისაცემი მაგალითი არის აკადემიური კვალიფიკაციის ცნების ახალი განსაზღვრება, რომელსაც კომენტარიც არ სჭირდება. ამ მუხლის მიხედვით დგინდება ტერმინის ორი დეფინიცია, რომლის მიხედვითაც უმაღლესი საგნმანათლებლო დაწესებულების გადაწყვეტილებას პატრიარქის გადაწყვეტილებაც უთანაბრდება: (მე-2 მუხლის, „ვ“- მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით ) „აკადემიური ხარისხი – კვალიფიკაცია, რომელსაც პირს აკადემიური უმაღლესი განათლების შესაბამისი საფეხურის დამთავრებისას ანიჭებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ან სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიერ დამტკიცებული წესის შესაბამისად მინიჭებული კვალიფიკაცია“. ზოგადად მთლიანი კანონპროექტი  აგებულია მთლიანად პატრიარქზე. აკადემიური განათლების რამოდენიმე საფუძველთაგან ძალიან მნიშვნელოვანია კონკურენციის პრინციპი, რომელიც პროფესორ-მასწავლებლების კომპეტენციის დონის მუდმივ ამაღლებასა და მათი კონტიგენტის გადახალისებას უზრუნველყოფს. კანონპროექტის მიხედვით ეს პრინციპი სრულიად გამორიცხული და აკრძალულია: (10.34-ე მუხლში დამატებით შესატანი მე/4 პუნქტი): „საღვთისმეტყველო უმაღლეს დაწესებულებაში აკადემიური თანამდებობის დაკავება ხორციელდება კონკურსის გარეშე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიერ დადგენილი წესით“. თუმცა არსებობს კანონპროექტში ერთი პუნქტი, რომელიც არსებულ სიტუაციასთან (მოცემულ მომენტამდე სასულიერო სემინარია-აკადემიაში სტუდენტთა მიღება ხდება საპატრიარქოს მიერ ორგანიზებული გამოცდების შედეგების მიხედვით) შედარებით პროგრესულია. ამ მუხლის მიხედვით სტუდენტთა ჩარიცხვა უნდა მოხდეს ეროვნული გამოცდების ჩაბარების საფუძველზე, თუმცა ეს სტუდენტები ჩააბარებენ მხოლოდ ქართულ ენასა და ლიტერატურას. მათი შედეგების საკმარისობის საკითხსაც კვლავ პატრიარქი განსაზღვრავს. სამაგიეროდ ამგვარი შეზღვუდვებისგან სრულიად თავისუფლდება სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრმა და ის მხოლოდ პატრიარქის მიერ დადგენილი წესით ხორციელდება. საპატრიარქოსთვის სანუკვარი მუხლი კი შემდეგი გახლავთ:(18.63-ე მუხლის დამატება)„საღვთისმეტყველო უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე არ ვრცელდება ამ კანონით დადგენილი აკრედიტაციის წესები“. ამ მუხლის საფუძველზე საპატრიარქოს ენიჭება უფლება წარმოადგენდეს სახელმწიფოს შიგნით არსებულ სეგმენტს, რომელზედაც ამავე სახელმწიფოს კანონმდებლობა არ ვრცელდება. შესაბამისად, შესაძლებელი ხდება აკადემიური ხარისხების სრულიად თვითნებური მინიჭება:(89-) „სრულიად საქართველოს კათოლიკოს -პატრიარქი უფლებამოსილია 2015 წლის პირველ იანვრამდე თავად განსაზღვროს საღვთისმეტყველო უმაღლესი განათლების სფეროში აკადემიური ხარისხის მინიჭების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილისგან განსხვავებული წესი და მიანიჭოს აკადემიური ხარისხი მის მიერ განსაზღვრული წესის საფუძველზე“. ჩემთვის ყველაზე საინტერესო სწორედ ეს მუხლია, რადგან კანონპროექტის წარდგენამდე დიდი ხნით ადრე საპატრიარქომ გაახმოვანა პატრიარქის მიერ უკვე განსაზღვრილი წესი სამეცნიერო ხარისხის მინიჭებისა ე.წ. ერთჯერადი დაცვების შესახებ. საქართველოს საპატრიარქო გეგმავს ამა წლის 9 იანვარს გაუკეთოს ორგანიზება სხვადასხვა ქვეყნის მართლმადიდებელი ეკლესიიდან მოწვეულ სტუმრებთან  შეხვედრას. შეხვედრის დროსაც სტუმართაგან დაკომპლექტებული კომისია მოუსმენს ხარისხის მოპოვების მსურველთა 2- გვერდიან ინგლისურ ენაზე შედგენილ ანოტაციას მის მიერ დაწერილი ნაშრომის შესახებ და სასწრაფო წესით მიანიჭებს მათ სამეცნიერო ხარისხებს. სწორედ ამიტომაც  საპატრიარქოს სურვილით პარლამენტმა   ეს კანონიპროექტი (უმნიშვნელო ცვლილებებით)  დაჩქარებული წესით მიიღო 2012 წლის 28 დეკემბერს. საპატრიარქოსთან ურთიერთობა და მის სასარგებლოდ განხორციელებული მაამებლური დათმობები ალბათ ერთადერთი საკითხია, რომლის ირგვლივაც ყველა დროში პოლიტიკური ერთსულოვნება სუფევდა საქართველოს ესოდენ ჭრელ პოლიტიკურ სპექტრში. როგორც საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ განაცხადა, მგელმა და ცხვარმა ეხლაც ერთად მოძოვა. საპატრიარქოს სასარგებლოდ კიდევ ერთხელ მოხდა დემოკრატიის ფუნდამენტური პრინციპების ფეხქვეშ გათელვა უკეთესი საძოვრის მოლოდინში.

რისთვის სჭირდება ეს ყოველივე საპატრიარქოს?

– მან უკვე მოახერხა და საკუთარი წიაღიდან პირწმინდად მოიშორა ნამდვილი ქრისტიანული ღირებულებების მქონე სასულიერო პირები და ისინი მათი გარეგნული ორეულებით ჩაანაცვლა. ისინი, თავის მხრივ, სრულიად საწინააღმდეგო ღირებულებებს გადასცემენ საკუთარ მრევლს, რადგანაც საპირისპირო მოსაზრებები ან არსებობს, ან ძალიან სუსტია. ამჯერად ჯერი აკადემიური ტიპის თეოლოგების ორეულების შექმნაზე მიდგა, რომლებიც ნამდვილი მეცნიერული მიდგომების ნაცვლად საპატრიარქოს ობსკურანტული იდეოლოგიის გავრცელება – გამყარებას ემსახურება. ჩაფიქრებულია, საქართველოში მთლიანად ჩაიხშოს ის თითო – ოროლა ხმა, რომელიც სწორედ ნამდვილი ქრისტიანული თეოლოგიაზე დაყრდნობით აკრიტიკებს საქართველოში არსებულ კრიტიკულ ვითარებას ამ სფეროში.


ვინ და რა ზიანდება ამ კანონპროექტით?

უპირველეს ყოვლისა კნინდება თეოლოგიის, როგორც აკადემიური მეცნიერების, სტატუსი და ხდება მისი აღქმა მეათეხარისხოვან, მხოლოდ ფუნქციონერებისათვის არსებულ არამეცნიერულ დისციპლინად. როდესაც კანონით აკადემიური კვალიფიკაციის მინიჭების უფლება ერთ პიროვნებას ენიჭება რომელიმე დისციპლინის სფეროში, ის უკვე აღარაა არსობრივად მეცნიერება, აღარ გააჩნია ავტონომიურობა და კარგავს უმთავრესს: აკადემიური თავისუფლების პრინციპს. ამ კანონპროექტის მიხედვით კი სწორედ თეოლოგია აღარაა მეცნიერება, ვინაიდან შეუძლებელია სამეცნიერო ხარისხის მოპოვება ერთი ადამიანის ნება-სურვილზე იყოს დამოკიდებული, ყოველგვარი აკადემიური პროცედურების გვერდის ავლით.

ირღვევა დემოკრატიის ფუნდამენტური პრინციპიც. ყოველგვარი აკადემიური ცოდნისა და ბიოგრაფიის გარეშე პატრიარქი ანიჭებს ადამიანებს სამეცნიერო ხარისხს. რაღაც „ქურდული სხოდკის“ მსგავს შეკრებაზე პატრიარქი წყვეტს, ხარ თუ არა თეოლოგი, არის თუ არა შენი ადგილი თეოლოგიურ ფაკულტეტზე.

არავის ეგონოს, თითქოს არ მსურდეს, მოწესრიგდეს სასულიერო განათლების სფერო. პირიქით, ძალიან მსურს. თუნდაც იმიტომ, რომ უამრავი ადამიანი, ვინც სასულიერო სემინარია-აკადემიაში ან მათთან არსებულ ინსტიტუტებში სწავლობდა, არის მოტყუებული. ისინი უკვე წლებია ელოდებიან დიპლომების მიღებას და მათ იურიდიულ აღიარებას. საზღვარგარეთ სწავლის გასაგრძელებლად წასულ ადამიანებს კიდევ უფრო რთული პრობლემები აქვთ ამ კუთხით. ეს სფერო აუცილებლად უნდა მოწესრიგდეს, მაგრამ არა მეცნირების იდეოლოგიით ჩანაცვლებისა და აკადემიური თავისუფლების პრინციპების გაუქმების ხარჯზე.

 


გამოსავალი ამ ყველფრიდან იქნებოდა, აქტიურად გაგვეპროტესტებინათ ეს მოვლენა. ქუჩაში გამოსულიყვენენ ის მამაცი სტუდენტები, რომლებიც ცოტა ხნის წინ ასე წარმატებით ითხოვდნენ სისტემის დანგრევას, აქტიურად გამოეხატათ თავიანთი პროტესტი მამაც ინტელექტუალებსაც, მაგრამ რადგანაც უმამაცესი პიროვნების მქონე იმიჯის ადამიანებიც კი შიშით თრთიან, როდესაც საქმე საპატრიარქოს ეხება, შეგვიძლია ვთქვათ: გამოსავალი არ არსებობს !

P.S.

გია დვალის იმედის მომცემი, სასიამოვნოდ მოსასმენი მოსაზრებები მეცნიერების არადემოკრატიულობასთან შეუთავსებლობის შესახებ, სამყაროზე საღი მეცნიერული აზრის ქონაზე,  თენუარის პრინციპით გარანტირებული აკადემიური თავისუფლების შემოღებაზე – სრული ფიქციაა, ვინაიდან მისი მოსაზრების საწინააღმდეგოდ საპატრიარქო სწორედ მეცნიერული პრინციპის სრული უგულველყოფით, მითებისა და ზღაპრების საშუალებით ახდენს, საქართველოს მოქალაქეებს განუსაზღვროს წარსული, აწყმო და მომავალი. ამ ქმედებას კი ქართული პარლამენტი აკანონებს.

ასე რომ, ჩემო კოლეგებო, ქართველო თეოლოგებო, ჩვენს ცოდნას მხოლოდ საიქიოში თუ გამოვიყენებთ, რადგან, არა მგონია, პატრიარქმა ჩვენი კომპეტენცია აღიაროს, თუ მასავით ობსკურანტულად და არსობრივად ანტიქრისტიანულად არ მივუდგებით თეოლოგიურ საკითხებს.


 

ავტორის შესახებ
მირიან გამრეკელაშვილი

დაიბადა 15.08.1983. 2000-2005 წლებში სწავლობდა თბილისის სასულიერო სემინარიაში, რომლის დასრულების შემდეგაც სწავლა განაგრძო ილიას უნივერსიტეტის სოციოლოგიის ფაკულტეტის მაგისტრატურაში. 2006 წელს მეგობრებთან ერთად დააარსა არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ახალგაზრდა ქრისტიანები მშვიდობისა და დემოკრატიისათვის“(http://ycpdgeo.wordpress.com/).

2008 წლიდან იმყოფება გერმანიაში, სადაც ქალაქ აიხშტეტის უნივერსიტეტის თეოლოგიის ფაკულტეტზე წერს სადოქტორო ნაშრომს თემაზე ,,კულტურული მეხსიერება და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დღევანდელი იდენტობა“.

 


 

მასალების გადაბეჭდვის წესი