კომენტარი

ნიკოლოზ მახარაშვილი: მომხრე ვარ ნეიტრალური საინფორმაციო პოლიტიკის

21 დეკემბერი, 2012 • • 2557
ნიკოლოზ მახარაშვილი: მომხრე ვარ ნეიტრალური საინფორმაციო პოლიტიკის

თქვენ ხართ იმ ხუთეულში, რომელიც მეორე ტურში გადაიყვანა ბორდმა, თქვენი პრიორიტეტების შესახებ მინდა გკითხოთ, რა იქნება პრიორიტეტული თქვენთვის, თუ დაგამტკიცებენ?

 

მე ვარ მენეჯმენტის სპეციალისტი და საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტი, რასაც პირდაპირი კავშირი აქვს საზოგადოებრივ მაუწყებელთან. არხზე, მე მგონი, რომ საჭიროა რაღაც სიახლე, რომელიც ამ არხს გამოაცოცხლებს. ჩემი პრიორიტეტია მაღალი ხარისხი, სადაც მიმუშავია, ყველგან ვმუშაობ მაღალ ხარისხზე.

 

რა იგულისხმება მაღალ ხარისხში?

 

მენეჯმენტის კარგი ორგანიზება, საერთაშორისო სტანდარტში და ტექნიკის მაღალი დონე. ყველგან ვაღწევ ხოლმე, სადაც მიმუშავია.

 

ამ ეტაპზე რას გამოყოფდით, რაც ყველაზე მეტად არ გაკმაყოფილებთ მაუწყებელში?

 

მე ასეთი მიდგომა მაქვს, არის რაღაც დონე მიღწეული და იმის გაუმჯობესებაა საჭირო, მიღწეულია რაღაც დონე და კონკურენციის პირობებში მომატებაა საჭირო და ამის სპეციალისტი ვარ მე. თქვენც ხომ გნებავთ, ხარისხი იყოს უკეთესი?!

 

დიახ, თუმცა ცოტა გაუგებარია, რადგან სიტყვა “მაღალი ხარისხი” არ ნიშნავს კონკრეტულად არაფერს.

 

კომპლექსურად ვგულისხმობ, თუ დეტალურად გნებავთ, გეტყვით, ხარისხის მომატება ნიშნავს, კარგ პერფორმანსული მენეჯმენტის დანერგვას, შემდეგ გულისხმობს საზოგადოებაზე ორიენტირებას, ანუ ეს არის საზოგადოებრივი არხი, ბიბისის მსგავსი, რაც ნიშნავს საზოგადოების მოთხოვნის მიხედვით გაკეთებას.

 

თქვენ თუ იცნობთ პრიორიტეტებს, რომელიც 2013 წლისთვის აქვს ბორდს დასახული?

 

დაახლოებით ვიცნობ, კი, რამდენადაც ვიცნობ, ჩვეულებრივად დინამიურად ვითარდება, მაგრამ მაინც ვფიქრობ, რომ მრავალფეროვნება საჭირო იყო.

 

რაც შეეხება შინაარსობრივ ნაწილს, დავუშვათ, ახალი ამბების გამოშვება, ან თოქშოუები?

 

თოქშოუებს რაც შეეხება, თვითონ სათაურები, რა თქმა უნდა, მომწონდა. ვგულისხმობ წამყვანის მაღალ ხარისხს. ყოველთვის ვიყავი იმისკენ, რომ მოხდეს ადამიანის რეალიზაცია, ან ჟურნალისტის მხრიდან და არა ერთმანეთის გადაფარვები, რაც, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრია ჩვენს ეთერში. ეს უნდა მოხდეს, როგორც საზღვარგარეთ არის, მაღალ დონეზე.

 

ნიკოლოზ მახარაშვილი
ნიკოლოზ მახარაშვილი

რაც შეეხება ფინანსურ კრიზისს და ვალს, რომელიც არხს აქვს, როგორ ხედავთ ფინანსური კრიზისიდან გამოსვლის გზას და როგორ ითანამშრომლებთ ბორდთან?

 

მე თანამშრომლების გადამზადების და არა გაშვების მომხრე ვარ. უცხოური მოდელი გულისხმობს თანამშრომლების დახვეწას და არა მათ გაშვებას. რაც შეეხება თვითონ იქ პროცესს, კონკურენციის შედეგად, ბუნებრივია, პრიორიტეტები ექნებათ ნიჭიერ ადამიანებს. უნდა იყოს შიდა კონკურენცია, მაღალი სტანდარტით, ამ საგნებს ვასწავლი მე, იმდენად საინტერესოა ეს პროცესი, რომ თვითონ ჩართული ადამიანებიც ვერ ხვდებიან, როგორ ვითარდებიან.

 

საინფორმაციო პოლიტიკა, რომელიც არხს აქვს, მოგწონთ თუ არა?

 

მე უფრო მომხრე ვარ ნეიტრალური საინფორმაციო პოლიტიკის, რომელიც განსაზღვრავს, რაც რეალობა არსებობს და არა ინტერპრეტაციის, ანუ კომენტარის, მე რეალური საინფორმაციო პოლიტიკის მომხრე ვარ. რომელიც ყველა ფენისთვის იქნება გასაგებ ენაზე.  ასეთია საერთაშორისო პოლიტიკა, რომ მას უნდა მიეწოდოს ის, რაც საზოგადოებისთვის არის მნიშვნელოვანი, სამედიცინო, საგანმანათლებლო, ეს არის აქსიომა, რა პროცენტებით იქნება მიწოდებული, ეს უკვე გემოვნების საკითხია და საზოგადოების მოთხოვნის. ასეთი მიდგომები რომ ყოფილიყო თავიდან,ასეთი პრობლემები არ შეიქმნებოდა. თუ დაკვეთაა ფლორასა და ფაუნაზე შექმნილ გადაცემაზე, მივაწვდით. ჩემი პროფესია ემსახურება საზოგადოებრივი ინტერესების გათვალისწინებას, ამიტომ მე ძალიან გამიმარტივება ამ პრიორიტეტების განსაზღვრა იმიტომ, რომ ყოველთვიურ მონიტორინგს ვახორციელებ საზოგადოებრივი მოთხოვნების. ამიტომ ეს ყველაზე მარტივი საქმეა.

მასალების გადაბეჭდვის წესი