კომენტარი

ჟურნალისტს „სოკარი“ სასტიკად გაუსწორდა

17 დეკემბერი, 2012 • 1389
ჟურნალისტს „სოკარი“ სასტიკად გაუსწორდა

იდრაკ, თქვენ 2012 წლის ადამიანის უფლებათა დამცველად დაგასახელეს. ეს როგორი განცდაა?

 

სასიამოვნო გრძნობაა. ბუნებრივია, მე, როგორც ჩემი სხვა კოლეგები მსოფლიოში, ვასრულებთ ჩვენ საქმეს და არ ველოდებით ამისათვის მსგავს აღიარებას. მაგრამ როდესაც აფასებენ ჩვენ საქმეს, ეს გვაძლევს დამატებით ენერგიას და ჩვენ კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით, რომ ჩვენ მიერ არჩეული გზა სწორია. 

 

 

ამ აღიარების გამოც შეიძლება დაგემუქროთ საშიშროება აზერბაიჯანში?

 

ისეთ ქვეყნებში, როგორიც აზერბაიჯანია, ყოველთვის ემუქრება საშიშროება იმას,  ვინც საუბრობს, ფიქრობს და იბრძვის დემოკრატიისთვის, ვინც ამბობს სიმართლეს,  იცავს ადამიანის უფლებებს, ვინც აკრიტიკებს კორუმპირებულ ხელისუფლებას. მე ვარ ერთ-ერთი იმათგანი, ვინც არ დუმს და ამბობს სიმართლეს. ჩემი საქმიანობის გამო ყოველთვის საშიშროების ქვეშ ვიმყოფები, მაგრამ, როდესაც გაქვს მსოფლიო თანამეგობრობის მხარდაჭერა, მაშინ ისეთებთან გამკლავება, როგორიც მე ვარ, რთული ხდება.

 

 

შეიძლება მოუყვეთ ჩვენს მკითხველს, რა თემაზე მუშაობის დროს გაგისწორდნენ ასე სასტიკად?

 

მე 18 აპრილს მცემეს. ინციდენტი მოხდა დედაქალაქის გარეუბანში. დაცვა (სპეციალური სამხედრო დანაყოფი „გნკარ“) ახორციელებდა მორიგ „ოპერაციას“ – სახლის დანგრევას. მე ვიღებდი ვიდეოკამერით ამ ნგრევასა და მოსახლეობის დაპირისპირებას დაცვის სამსახურის თანამშრომლებთან. კომპანია „სოკარის“ დაცვიდან 15-მა ადამიანმა  დაინახა, რომ ვიღებდი მათ უკანონობას და თავს დამესხნენ. წამართვეს კამერა, დამაგდეს ძირს და დამიწყეს ფეხებით ცემა. მოგვიანებით ვნახე ფოტოსურათები – გასისხლიანებული ვიყავი, თავი მქონდა გატეხილი, ერთი თვალი მთლიანად დავკარგე. რა მოხდა, არაფერი მახსოვს – უგონო მდგომარეობაში მიმიყვანეს საავადმყოფოში. როდესაც გონს მოვედი, ყველაფერი მტკიოდა, მარჯვენა თვალით ვერაფერს ვხედავდი. მხოლოდ სამი დღის შემდეგ გამიკეთეს რენტგენი და მითხრეს, რომ ორი ნეკნი მაქვს გატეხილი, საშინელი ტკივილები მაწუხებდა თირკმლებში…

 

 

საავადმყოფო იყო სახელმწიფო დაქვემდებარებაში და მათ არ უნდოდათ ჩემი ყველა პრობლემის დაფიქსირება. ამიტომ 15 დღის შემდეგ დავტოვე კლინიკა. მკურნალობას დღემდე ვაგრძელებ. 23 ნოემბერს გამიკეთეს ოპერაცია ბაქოს ერთ-ერთ კერძო კლინიკაში – ცემის დროს დამიზიანეს მარცხენა თირკმელი, ამიტომ იძულებული გავხდი, ოპერაცია გამეკეთებინა. მომავალი წლის იანვარში ოპერაცია უნდა გავიკეთო მარჯვენა თვალზე.

 

 

რატომ მცემეს ასე სასტიკად? – იმიტომ, რომ მე რამდენიმე წელია თვალს ვადევნებ „სოკარის“ (გნკარ) უკანონო საქმიანობას. მე ვამხილე ბევრი მათი უკანონობა, ისინი ბევრჯერ დამემუქრნენ, მაშინებდნენ, შარშან თავს დაესხნენ ჩემს სახლს, მარტში სცემეს ჩემი 6 წლის ბიჭს, შემომთავაზეს ქრთამიც. ჩემზე თავდასხმამდე ცოტა ხნით ადრე მე და სხვა 5-6 ჟურნალისტი, რომლებიც მათ ვაკრიტიკებდით, გამოგვიძახეს „სოკარის“ ცენტრალურ ოფისში და შემოგთავაზეს „გამოსასყიდი“, რათა ჩვენ არ გადაგვეღო მათ მიერ ჩადენილი უკანონობა და არ მოგვემზადებინა რეპორტაჟები. რატომღაც „სოკარში“ ფიქრობენ, რომ მე ვაკონტროლებ ამ ჟურნალისტებს და ვქმნი წინააღმდეგობის ჯგუფს მათი უკანონობის წინააღმდეგ. სინამდვილეში, მე ვამზადებ დაბალანსებულ რეპორტაჟებს.

 

სხვათა შორის, საერთაშორისო პრესტიჟული პრემიის – „ცენზურის ინდექსის“ მონიჭებიდან 20 დღეში მცემეს. ჯილდო მომენიჭა ამბების თავდაუზოგავი გაშუქებისთვის, რომელიც ეხებოდა საკუთრების უფლების ხელყოფას აზერბაიჯანში.

 

 

თქვენ მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე გამოძიება ტარდება?

ჯერჯერობით არავინ დაუკავებიათ და არც აპირებენ. ხელისუფლება ცდილობს მე დამსაჯონ. ამჟამად ჩემ მიმართ არის დიდი ზეწოლა. მე და ჩემი ოჯახი მუდმივი კონტროლის ქვეშ ვართ, გვითვალთვალებენ, გვისმენენ და ფსიქოლოგიურად გვესხმიან თავს.

 

 

ამ ძალადობამ თქვენზე, როგორც ჟურნალისტის დამოუკიდებლობაზე, თუ მოახდინა გავლენა?


მე დავკარგე ჯანმრთელობა, ამიტომაც უკვე ცოტას ვწერ, ცოტა რეპორტაჟს ვაკეთებ. მაგრამ ვაგრძელებ ჟურნალისტობას. ამ ეტაპზეც ვაკეთებ ჩემს საქმეს, როგორც ჟურნალისტი და უფლებადამცველი.

 

 

ახლა რამდენად უსაფრთხოა თქვენთვის აზერბაიჯანში ცხოვრება?

ძალიან დიდი საშიშროება მემუქრება არა მარტო მე, საშიშროება ემუქრება ჩემი ოჯახის წევრებსაც. ბოლო 10-15 დღეა მე და ჩემმა მეუღლემ, ეგანა აბბასოვამ აღმოვაჩინეთ უცნობი ადამიანები, რომლებიც გვითვალთვალებენ, იღებენ ჩვენი გადაადგილების მარშრუტს, ჩვენს სახლს. მე სამი შვილი მყავს, ჩვენ განსაკუთრებით ბავშვების გამო გვეშინია. ისინი ყოველდღე დადიან სკოლაში. დარწმუნებული ვარ, რაღაცას გეგმავენ, მაგრამ, სამწუხაროდ, არ ვიცი რას. ჩვენ მივმართეთ პოლიციას, თუმცა ისინი არაფერს აკეთებენ.

 

 

ევროპაში თავშესაფარი შემოგთავაზეს, რატომ არ ისარგებლეთ ამ შეთავაზებით?

არც კი მიფიქრია. აზერბაიჯანში ცხოვრება ჩემთვის და ჩემი შვილებისთვის საშიშია, მაგრამ აზერბაიჯანი ჩემი სამშობლოა, შეიძლება აქ მომკლან კიდეც, მაგრამ გაჩნდება 10 სხვა იდრაკ აბბასოვი და ბოლოს და ბოლოს ეს იქნება ჩემი გამარჯვება. ჩვენ, ყველა ოდესღაც მოვკვდებით, ამიტომ სიკვდილით ჩემ შეშინებას აზრი არ აქვს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი