კომენტარი

კორძაია: ხელისუფლება მზადაა, ხელყოს პირადი ცხოვრება, როცა ის სხვათა ხელყოფისგან უნდა დაიცვას

24 თებერვალი, 2017 •
კორძაია: ხელისუფლება მზადაა, ხელყოს პირადი ცხოვრება, როცა ის სხვათა ხელყოფისგან უნდა დაიცვას

საქართველოს რესპუბლიკური პარტიის პოლიტიკური მდივანი, თამარ კორძაია ამბობს, რომ მოსმენების შესახებ კანონპროექტი არსებულ მდგომარეობას აუარესებს და საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ხელისუფლება “თავის სასარგებლოდ იყენებს”.

კანონპროექტი, რომელსაც პარლამენტი დაჩქარებული წესით იხილავს, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით ფარული მოსმენების განსახორციელებლად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახუში სსიპ-ის შექმნას ითვალისწინებს.

“მხედველობაში მაქვს პირადი ცხოვრების დაცვა ხელისუფლების ხელყოფისგან. ბევრი დისკუსიაა იმაზე, რომ თანამედროვე ტექნოლოგიების პირობებეში, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია მეორეს მოუსმინოს, ეს აბსოლუტურად სხვა თემაა და ამ პრობლემაზე ევროპა საუბრობს. მაგრამ ჩვენ ამ პრობლემის განხილვამდე ვერ მივდივართ იმიტომ, რომ ვლაპარაკობთ, რომ ხელისუფლებამ, რომელმაც უნდა დაიცვას ჩემი პირადი ცხოვრება სხვა პირის ხელყოფისგან, ის თვითონ მზად არის, ხელყოს ჩემი პირადი ცხოვრება. რეალური გზა ამ წუთას ამ პრობლემის გამოსწორების ნამდვილად არ ჩანს. ეს ის რისკია, რაც უკვე არსებულმა ვითარებამ შექმნა,”- ამბობს თამარ კორძაია.

თამარ კორძაიას თქმით, არსებულ ვითარებასთან შედარებით შემოთავაზებულ კანონპროექტში დაუსაბუთებლად არის გაფართოებული სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სსიპ-ის უფლებამოსილებები. კერძოდ, სააგენტოს შეეძლება, შევიდეს და აუდიტი ჩაუტაროს სატელეკომუნიკაციო ოპერატორებს. კორძაია ამბობს, რომ კანონში ძალიან ბუნდოვანია, რა მიზნით უნდა შევიდნენ მობილურ ოპერატორებთან, ეს კი ზრდის ინფორმაციაზე არალეგიტიმური წვდომის რისკებს:

წარმოიდგინეთ, შედის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და ყველა სერვერის შემოწმება შეუძლია. ჩვენ თანამედროვე ტექნოლოგიებში ვიცით, რომ ინფორმაციის გადმოწერას უნდა წამები. არ ვიცით, ამ შემოწმებას როგორ ატარებს, ამ აუდიტორს მიჰყვება ვინმე? მოწმეები არიან თუ არა და ა.შ.”- ამბობს თამარ კორძაია.

მისვე თქმით, როდესაც ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ახლად შექმნილი სააგენტო დამოუკიდებელი იქნება, უნდა არსებობდეს ამ დამოუკიდებლობის სამართლებრივი მექანიზმები. კორძაია მიუთითებს სამ საკითხზე, რომელიც, მისივე თქმთ, აჩვენებს, რომ ფარული მოსმენების განსახორციელებლად შექმნილი სააგენტო დამოუკიდებელი ვერ იქნება:

[checklist]

  •  “ეს სააგენტო, რომელიც იქმნება, არის უსაფრთხოების სამსახურს დაქვემდებარებული, მასში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი. სააგენტოს უფროსს ნიშნავს უსაფრთხოების სამსახურის უფროსის წარდგენით პრემიერ-მინისტრი და პრემიერ-მინისტრსვე აქვს განთავისუფლების უფლება. აქ უკვე ამ სამსახურის უფროსის დამოუკიდებლობა დასრულებული თემაა იმიტომ, რომ ერთპიროვნული გადაწყვეტილებების მიღების უფლება აქვთ. სამსახურის საქმიანობა იერარქიულად დამოკიდებული ხდება, ის ვერტიკალში იმყოფება უსაფრთხოების სამსახურთან და პრემიერ-მინისტრთან. შესაბამისად, ვერტიკალის დროს დამოუკიდებლობაზე ლაპარაკი ზედმეტია.”
  • “შემოდის ზოგადი წესი, რომ აუდიტი, რომელიც ამ სსიპ-ის შემადგენლობაში შევა, მიდის და ამოწმებს ამ მობილური ოპერატორების მიერ ინფორმაციის შენახვის და ა.შ. ტექნიკურ საკითხებს, რაც დაუშვებელია. ანუ პირდაპირ აკანონებენ იმას, რომ უსაფრთხოების სამსახურს ამ სსიპ-ის გავლით შეუძლია შევიდეს მობილურ ოპერატორში და შეამოწმოს მათი საქმიანობა, რითიც კიდევ უფრო იფართოებენ ინფორმაციის მოპოვების შესაძლებლობებს. აბსოლუტურად დაუსაბუთებელია, რატომ, რაში სჭირდებათ მობილური ოპერატორების გაკონტროლება. გარდა ამისა, ეს აუდიტორი ვინ არის, როგორ შეირჩევა, რა ფუნქციის მატარებელია, ეს კანონპროექტთა პაკეტში არ ჩანს. ეს ძალიან დიდ ბუნდოვანებას ქმნის.”
  • “მესამე საკითხი არის კონტროლი – რამდენად შესაძლებელია, სხვა სუბიექტებმა გააკონტროლონ, იცავს თუ არა კანონს თვითონ ეს სსიპი. ის მთავრობის წინაშე ანგარიშვალდებულია და შეიძლება გააკონტროლოს; პარლამენტში ნდობის ჯგუფის ერთი წარმომადგენელი უფლებამოსილია შევიდეს და შეამოწმოს, როგორ იცავს და რამდენად დაცულია უსაფრთხოების საკითხები თვითონ ამ სისტემაში; კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას აქვს  ფუნქცია, ასევე, სასამართლო სისტემას, ერთ-ერთ მოასამართლეს უზენაესი სასამართლოს დავალებით და პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს. ანუ ყველგან არის ინდივიდუალურ გადაწყვეტილებებზე აწყობილი ეს ყველაფერი და არა ობიექტურ კრიტერიუმებზე. ვსვამ კითხვას, პარლამენტის რომელ წევრს აქვს ტექნოლოგიების ისეთი მაღალი ცოდნა, რომ ამის გაკონტროლება შეძლოს? უფლებამოსილებები ისეა გადანაწილებული, რომ ხუთი სუბიექტი ვახსენეთ და ხუთივეს თითქოს რაღაც კონტროლის უფლება აქვს, მაგრამ სინამდვილეში, რამე რომ მოხდეს, ამ პროცესზე პასუხისმგებელი არც ერთი არ არის. ვერც პარლამენტს, მთავრობას, ვერავის პასუხის ვერ მოსთხოვ და ეს იმას ნიშნავს, რომ არავინ არასდროს პასუხს არ აგებს. პრემიერ-მინისტრს შეუძლია, ამ სამსახურის უფროსი გაუშვას თანამდებობიდან სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულების გამო. ეს ჩანაწერი ისეთია, რომ პრემიერ-მინისტრს ნებისმიერ დროს შეუძლია ეს გააკეთოს, თუ ის დავალებას არ შეასრულებს.”

[/checklist]

ნეტგაზეთთან საუბრისას კორძაიამ ასევე განცხადა, რომ პარლამენტის მიერ შემოთავაზებული მოდელი “პირდაპირ ეწინააღმდეგება საკონტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას”. მისივე თქმით, თეორიულად, ქვეყნის შიგნით არსებობს ერთადერთი მექანიზმი, რომ კანონი ისევ საკონსტიტუციოში გაასაჩივრონ, თუმცა იქ ძალთა ბალანსი უკვე “ქართული ოცნების” სასარგებლოდ არის:

“ბოლო მოსამართლე, მანანა კობახიძე პირდაპირ პარტიული ნიშნით დანიშნულია. ამიტომ ძალიან დიდი საფრთხეა იმისა, რომ არსებული პრაქტიკის შეცვლაზე წავიდეს საუბარი. ამიტომ დასაფიქრებელია, საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის წარდგენა რამდენად ეფექტის მომტანი შეიძლება იყოს ქვეყანაში ადამიანის პირადი ცხოვრების დაცვის თვალსაზრისით,”- განაცხადა თამარ კორძაიამ.

“ეს შენ გეხება”, რომლის სარჩელის შედეგად საკონსტიტუციო სასამართლომ მოსმენების არსებული წესი არაკონსტიტუციურად ცნო, ერთ-ერთ ვერსიად ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსთვის მიმართვას განიხილავს. თამარ კორძაია ფიქრობს, რომ სტრადბურგის სასამართლოს მსგავსი საქმეები განუხილავს და ეფექტური ინსტრუმენტია, თუმცა საქმის განხილვას ბევრი დრო დასჭირდება:

“ეს არის ძალიან ხანგრძლივვადიანი პერსპექტივა, ამასობაში წლები გადის, ჩვენ ვხედავთ, რომ ქვეყანაში პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა დაცული ნამდვილად არ არის,”- განაცხადა მან.

[checklist]

  • საკონსტიტუციო  სასამართლომ 2016 წლის 14 აპრილს დააკმაყოფილა “ეს შენ გეხებას” სარჩელი და დაადგინა, რომ ფარული მოსმენების არსებული წესი არაკონსტიტუციურია. სასამართლომ კანონის შესაცვლელად პარლამენტს ვადა 2017 წლის 31 მარტამდე მისცა.
  • 2016 წლის გაზაფხულსვე “ეს შენ გეხებამ” პარლამენტს  წარუდგინა სისტემის ცვლილების საკუთარი ვარიანტი, რომელიც სუსისგან და ყველა სხვა საგამოძიებო უწყებიდან დამოუკიდებელი ტექნიკური სერვისის მიმწოდებელი სააგენტოს შექმნას გულისხმობდა.
  • “ეს შენ გეხებას” კანონპროქტზე მერვე მოწვევის პარლამენტს არ უმსჯელია.
  • მეცხრე მოწევის პარლამენტმა შექმნა სამუშაო ჯგუფი, სადაც სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს გააცნეს კანონპროექტი, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ფარგლებში სსიპ ოპერატიულ-ტექნიკური სამსახურის შექმნას ითვალისწინებს. მოსმენების “გასაღები” სწორედ ამ სააგენტოს ხელში იქნება.
  • 23 თებერვალს პარლამენტმა კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო. დღეს, 24 თებერვალს საპარლამენტი უმრავლესობა გეგმავს, რომ კანონპროქტი დაჩქარებული წესით მიიღონ. ამ პროცესს საპარლამენტო უმცირესობამ ბოიკოტი გამოუცხადა.

[/checklist]

 

მასალების გადაბეჭდვის წესი