ნინა ხატისკაცის თქმით, ტელეკომპანია “კავკასიაში” მომხდარი ფაქტის დროს დანაშაულის ნიშნები აშკარად ფიქსირდება, ხოლო დაკავების პოლიტიკური მოტივი ძნელი დასანახია:
“მე მართალია საქმის მასალებს არ ვიცნობ და ძნელია შეფასება, დაირღვა თუ არა კონკრეტული პროცედურები ამ ადამიანების დაკავებისას. შეიძლება აქ მართლაც ყოფილიყო რაღაც პროცედურები დარღვეული და საუბარი იმაზეც იყოს, რამდენად ადეკვატური იყო სასჯელი. თუმცა ის ფაქტი, რაც ჩვენ გვახსოვს, ნამდვილად შეიცავდა დანაშაულის ნიშნებს, როგორიცაა ჟურნალისტური საქმიანობის ხელის შეშლა, ასევე, ხულიგნობას. აქედან გამომდინარე ის, რომ ამ დაკავებას და სასჯელის შეფარდებას პოლიტიკური მოტივები ჰქონდა, ამ ინფორმაციით, რომელსაც მე ვფლობ, ძნელად დასანახია”, – აცხადებს ნინა ხატისკაცი.
მისი თქმით, იმ ადამიანებზე, ვინც ხულიგნობის მუხლით იხდის სასჯელს, ამნისტია ვრცელდება:
“მე როგორც მახსოვს, ეს მუხლი, ხულოგნობა, თავისთავად ხვდება ამნისტიაში, აქედან გამომდინარე, მე ამ მოტივს პოლიტიკურ პატიმრად აღიარების ვერ ვხედავ”, – აცხადებს ნინა ხატისკაცი. მისი თქმით, საქმის უკეთესად გასაცნობად შესაძლოა ამ საკითხის საჯარო განხილვა მოხდეს, სადაც მეტი მტკიცებულებები იქნება წარმოდგენილი.
მმკ–ს 8 წევრს არასამთავრობო ორგანიზაცია “კონსტიტუციის 42-ე მუხლის” მოთხოვნით შესაძლოა პოლიტიკური პატიმრის სტატუსი მიენიჭოს.
საქმე ეხება 2010 წლის 7 მაისს ტელეკომპანია ”კავკასიის” პირდაპირ ეთერში მმკ-სა და სმმ-ს (”სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობა”) წევრების მიერ სკანდალის მოწყობას. პირდაპირი ეთერის ჩაშლას წინ უსწრებდა ამავე გაერთიანებების მიერ იმავე დღეს ილიას უნივერსიტეტის წინ ”საიდუმლო სირობის” საწინააღმდეგო აქციის გამართვა, რა დროსაც მმკ-ს წევრებმა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს ადამიანებს, რომლებიც უნივერსიტეტის წინ გამოხატვის თავისუფლების დაცვის მოთხოვნით აქციას მართავდნენ. ”მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის” წევრები სწორედ ამ საკითხისადმი მიძღვნილ თოქ-შოუს ესწრებოდნენ ტელეკომპანიაში.
