ნინო ჯანგირაშვილის განცხადებით, იმ ადამიანების დიდი ნაწილი არ არის დამნაშავე იმაში, რაშიც მათ ბრალი ედებათ:
“მე ვერაფერს ვერ ვიტყვი პოლიტიკურ პატიმრებად ცნობასთან დაკავშირებით, თუმცა მე ერთი რამ ვიცი, რომ ამ ადამიანების დიდი ნაწილი ნამდვილად არ არის დამნაშავე იმაში, რაშიც მათ ბრალი ედებათ. მე ვთვლი, რომ მათ მიმართ სასჯელი იყო ძალიან არაადეკვატური და ძალიან მკაცრი და ჩვენ ჩვენი პოზიცია დავაფიქსირეთ სასამართლოზეც. ოთხწლიანი მუხლი აქვს მისჯილი ადამიანს, რომელიც არ განძრეულა და გაუნძრევლად იჯდა სტუდიაში, მე ვთვლი, რომ ასეთი ადამიანი უნდა გამოუშვან, პოლიტიკურს დაარქმევენ თუ რას დაარქმევენ, ეს პოლიტიკოსების საქმეა”, – აცხადებს ნინო ჯანგირაშვილი. მისი თქმით, ტელეკომპანია “კავკასიაში” მომხდარი შემთხვევა ისეთი სიმძიმის არ ყოფილა, რომ ამის გამო სასამართლოს ამ პირებისთვის ასეთი განაჩენი გამოეტანა.
შეგახსენებთ, რომ მმკ–ს 8 წევრს არასამთავრობო ორგანიზაცია “კონსტიტუციის 42-ე მუხლის” მოთხოვნით შესაძლოა პოლიტიკური პატიმრის სტატუსი მიენიჭოს.
საქმე ეხება 2010 წლის 7 მაისს ტელეკომპანია ”კავკასიის” პირდაპირ ეთერში მმკ-სა და სმმ-ს (”სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობა”) წევრების მიერ სკანდალის მოწყობას. პირდაპირი ეთერის ჩაშლას წინ უსწრებდა ამავე გაერთიანებების მიერ იმავე დღეს ილიას უნივერსიტეტის წინ ”საიდუმლო სირობის” საწინააღმდეგო აქციის გამართვა, რა დროსაც მმკ-ს წევრებმა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს ადამიანებს, რომლებიც უნივერსიტეტის წინ გამოხატვის თავისუფლების დაცვის მოთხოვნით აქციას მართავდნენ. ”მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის” წევრები სწორედ ამ საკითხისადმი მიძღვნილ თოქ-შოუს ესწრებოდნენ ტელეკომპანიაში.