კომენტარი

მალხაზ სონღულაშვილის ღია წერილი პრემიერ-მინისტრს და დავით სერგეენკოს

28 დეკემბერი, 2016 • 2432
მალხაზ სონღულაშვილის ღია წერილი პრემიერ-მინისტრს და დავით სერგეენკოს

 

საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის მშვიდობის საკათედერო ტაძრის მიტროპოლიტი მალხაზ სონღულაშვილი პრემიერ-მინისტრს და ჯანდაცვის მინისტრს ღია წერილს უგზავნის ონკოლოგიურ საავადმყოფოს მდგომარეობასთან დაკავშირებით, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:


 

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ბატონ გიორგი კვირიკაშვილს,

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრს, ბატონ დავით სერგეენკოს

ძვირფასო ბატონებო,

 

პირველ რიგში გილოცავთ შობა-ახალ წელს და გისურვებთ ყოველივე საუკეთესოს თქვენს პირადსა და საზოგადო ცხოვრებაში.

მოგეხსენებათ, ადამიანის სიცოცხლის და ზოგადად სიცოცხლის პატივისცემა იმ რელიგიურ-კულტურული მემკვიდრეობის ნაწილია, რომელსაც საქართველო ეკუთვნის.  მე გულწრფელად ვაფასებ ყველა იმ საქმეს, რომელსაც თქვენ ადამიანის სიცოცხლის პატივსაცემად აკეთებთ. მაგრამ ეს თქვენ ჩემგან არ გესწავლებათ, რომ გასაჯეთებელი ჯერ კიდევ ბევრია.

თქვენ იცით, თბილისში არესბობს ონკოლოგიური საავადმყოფო ლისის ტბის შემოგარენში. აქ მოდიან ადამიანები, რომელთაც, ხშირ შემთხვევაში,  დიდი ხნის სიცოცხლე აღარ უწერიათ.  ბევრი აქვე ამთავრებს თავის სიცოცხლეს.

მდგომარეობა, რომელშიც ეს საავადმყოფო იმყოფება, ენით აუწერელია.  მის დანახვაზე ჯანმრთელ ადამიანს გაუსკდება გული, არათუ უმძიმესი სენით დაავადებულს.  შენობა ჰგავს ომგამოვლილ გაპატრახებულ ნაგებობას: ჩალეწილი ფანჯრები, ჩამონგრეული და ჩამოჭუჭყული კედლები, საპირფარეშოები, რომელშიც არ შეისვლება… გაგიკვირდება, ასეთ პირობოებში, როგორ უნდა არსებობდეს ასეთი სერიოზული სამედიცინო დაწესებულება.  ერთი კვირის წინ დავბურინდი დედამიწის ყველაზე ღარიბი ქვეყნიდან – ბურინდიდან, სადაც მოვინახულე სხვადასხვა ტიპის სოციალური პროექტები. მე იქ ვერა ვნახე ისეთი გაუბედურებული საავადმყოფო, როგორიც ჩვენი ონკოლოგიურია.

დაჟინებით მინდა გთხოვოთ ყველა იმ ავადმყოფის სახელით, რომელიც იძულებულია ონკოლოგიურს მიაკითხოს, და ასევე იმ მედპერსონალის სახელით, რომელიც იძულებულია ასეთ აუტანელ პირობებში მოემსახუროს უკიდურესად გაჭირვებულ ადამიანებს, რომ დაუყოვნებლივ გამონახოთ სახსრები და საშუალება ამ საავადმყოფოს სრული რეაბილიტაციისათვის.  ეს საავადმყოფო არა მარტო საქართველოს, არამედ ადამიანობის სირცხვილია. თუ ჩემი არა გჯერათ, აქ ქვემოთ თანდართულ ფოტოს დააკვირდით და ყველაფერი ცხადი გახდება.

მინდა კიდევ ერთხელ შეგახსენოთ, ადამიანის სიცოცხლის პატივისცემა და მისი ღირსების გაფრთხილება ყველაზე მნიშვნელოვანოვანი ფასეულობაა ქრისტიანულ კულტურაში. იმედს ვიტოვებ, რომ ჩემი ხმა არ დარჩება უდაბნოში მღაღადებლის ხმად.

პატივისცემით და კეთილი სურვილებით,

 

მალხაზ სონღულაშვილი

თბილელი მიტროპოლიტი

მშვიდობის საკათედერო ტაძარი

 

25 დეკემბერი 2016

მასალების გადაბეჭდვის წესი