კომენტარი

m2-ის დასაცავად

21 დეკემბერი, 2016 • 2437
m2-ის დასაცავად
 კომპანიის “m2 უძრავი ქონება” ინიციატივის შესახებ, რომელიც დაავადებული ხეების მოჭრაზე მოსაკრებლის გაუქმებას ეხება, სოციალურ ქსელში წერილს აქვეყნებს გარემოსდამცველი აქტივისტი ერეკლე ურუშაძე. მის წერილს ნეტგაზეთი უცვლელად გთავაზობთ:

ძალიან კი გაილანძღა m2 ბოლო ორი დღეა, მაგრამ რაც დრო გადის, სულ უფრო მეტად ვრწმუნდები, რომ ძაღლის თავი სულ სხვაგანაა.

მოდით, ცოტა შერლოკჰოლმსობანა ვითამაშოთ.
15 დეკემბერს m2-ის დირექტორს პარლამენტში წერილი შეაქვს და ითხოვს კანონში ცვლილებას, რომლის შემდეგაც კერძო მესაკუთრეს აღარ მოუწევს მის ნაკვეთზე მოჭრილი ხის სანაცვლოდ საკომპენსაციო თანხის გადახდა, თუ ეს მოჭრილი ხე დაავადებული იყო.
პარლამენტის ბიურო მეორე დღესვე მსჯელობს ამ წერილზე და m2-ის „საკანონმდებლო წინადადებას“ შეაბამის კომიტეტებს უგზავნის განსახილველად. კომიტეტების ერთობლივი სხდომა, სადაც წინადადება განიხილეს, 20 დეკემბერს შედგა.
ვისაც რაიმე შეხება აქვს საქართველოს პარლამენტთთან, დაადასტურებს, რომ საკანონმდებლო წინადადების ასეთი ტემპით განხილვა (მით უმეტეს, როცა ის მთავრობისგან არ მოდის) ძალიან უჩვეულო ამბავია.

აქ უნდა გავიხსენოთ, რომ m2 ხეების მასობრივი ჭრით არ გამოირჩევა: ისევე, როგორც ქალაქის ცენტრში მოქმედი სხვა დეველოპერები, ეს კომპანიაც ისეთ ადგილებში აშენებს სახლებს, სადაც მოსაჭრელი ხეების რიცხვი მაქსიმუმ ორ ათეულს აღწევს. იმის გათვალისწინებით, რომ ამ ორი ათეული ხიდან დაავადებული, სავარაუდოდ, ყველა არ იქნება, ზემოხსენებული საკანონმდებლო ცვლილების შემთხვევაში m2-მა თითოეულ მშენებლობაზე მაქსიმუმ რამდენიმე ათასი ლარი დაზოგოს, რაც ამხელა კომპანიისთვის სასაცილოდ მცირე თანხაა.
ამდენად, უცნაურია, რომ კომპანიის დირექტორს არ დაეზარა და პარლამენტს ასეთი ცვლილების ინიციატივით მიმართა. ვინც კომიტეტების სხდომაზე ამ საკითხის განხილვას ესწრებოდა, დამემოწმება, რომ m2-ის დირექტორს საკუთარი ინიციატივის დაცვის არავითარი ენთუზიაზმი არ ეტყობოდა. იგივე ეხებათ განხილვაზე მოწვეულ სხვა დეველოპერებს, რომლებიც მთელი სხდომის განმავლობაში ჩუმად ისხდნენ. არც არის გასაკვირი – მათთვის (ისევე, როგორც m2-ისთვის) ეს ცვლილება დიდი ვერაფერი შეღავათი იქნება.

აქ ისევ პარლამენტის მიერ ამ წინადადების განხილვის საოცარი ტემპი უნდა გავიხსენოთ და ვიკითხოთ: აქვს კი m2-ს იმ მასშტაბის პოლიტიკური გავლენა, რომ მის ერთ დაძახებაზე დეპუტატები ასე დაირაზმონ?
მოკლედ, ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ დამნაშავე, რომელსაც ჩვენ ვეძებთ, m2 არ არის.

რადგან დამნაშავე სხვაგან უნდა ვეძებოთ, მოდით, მისი პორტრეტის შედგენას შევეცადოთ:

[checklist]

  • ა) ჩვენს სუბიექტს აქვს ინტენსიურად გამწვანებული დიდი ტერიტორია (ათობით ჰექტარი მიწა ასობით ხით) და ამ ტერიტორიის სამშენებლოდ გამოყენების განზრახვა აქვს. თბილსის შუაგულში ასეთი ტერიტორიები პრაქტიკულად არ არის, ამიტომ ჩვენი სუბიექტი უფრო ქალაქის პერიფერიაზე უნდა ვეძებოთ – მაგალითად, ოქროყანისკენ.
    ასობით ხის მოჭრის სანაცვლოდ გადასახდელი საკომპენსაციო თანხა მილიონ ლარს შეიძლება აღწევდეს, ამიტომ, ცხადია, რომ ჩვენს სუბიექტს საკმარისი მოტივაცია აქვს საიმისოდ, რომ კანონის შეცვლას შეეცადოს. თუმცა მხოლოდ მოტივაცია ხომ არ კმარა?
  • ბ) ჩვენი სუბიექტი უნდა ფლობდეს დიდ პოლიტიკურ გავლენას. დიდს კი არა, ძალიან დიდს – აი, ისეთს, რომელიც დეპუტატებს აიძულებს, რომ დეკემბრისთვის დაგროვილი უამრავი საკითხი გვერდზე გადადონ და ყოვლად მეორეხარისხოვანი ამბის დაჩქარებული წესით განხილვას შეუდგნენ.

[/checklist]

მაშ ასე: ვეძებთ ადამიანს, რომელსაც აქვს დიდი გამწვანებული ნაკვეთები ქალაქის პერიფერიაზე, სადაც მშენებლობას აპირებს. მას ასევე აქვს ძალიან დიდი გავლენა პარლამენტზე.
ხომ არავინ გახსენდებათ ასეთი?

მასალების გადაბეჭდვის წესი