მასწავლებელთა საგნობრივი გამოცდა 2017 წლის ზამთარში არ ჩატარდება

საქართველოს განათლების მინისტრის, ალექსანდრე ჯეჯელავამ განაცხადა, რომ მასწავლებელთა საგნობრივი გამოცდა 2017 წლის ზამთარში აღარ ჩატარდება.

ნაცვლად ზამთრისა, მისივე თქმით, გამოცდა შეიძლება ჩატარდეს გაზაფხულზე, როდესაც მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემაში უკვე შესული იქნება ცვლილებები.

ეს განცხადება ჯეჯელავამ 15 ნოემბერს, განათლების სამინისტროში ჟურნალისტებთან შეხვედრისას გააკეთა.

მინისტრის თქმით, სქემაში შევა შემდეგი ცვლილებები:

  • დაბრუნდება პროფესიული უნარების გამოცდა, რომელსაც ბარიერი არ ექნება.
  • რჩება საგნობრივი გამოცდა, რომელსაც ასევე მოეხსნება ბარიერი.
  • უბარიერო გამოცდა მიშნავს იმას, რომ რამდენ ქულასაც მიიღებს პედაგოგი გამოცდაში, მას ექნება ამ ქულის შესაბამისი კრედიტები. მაგალითად, თუ იგი საგნობრივ გამოცდაში მიიღებს 85 ქულას –  ეს 85 ქულა “გადახურდავდება” კრედიტებში.
  • პროფესიული უნარების და საგნობრივ გამოცდებს გამოცდის ნაცვლად დაერქმევათ, სავარაუდოდ,  “კვალიფიკაციის დადასტურება”.
  • პედაგოგიური და საგნობრივი უნარების გარდა, შემოდის მასწავლებლის მშობლებთან მუშაობის კომპონენტი – ის მასწვალებლები, რომლებიც ნებაყოფლობით აირჩევენ მშობლებთან ინდივიდუალურ რეჟიმში მუშაობას, ამაში მიიღებენ კრედიტებს.
  • შემოდის სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებთან მუშაობის კომპონენტი – მასწავლებლები, რომლებიც აირჩევენ რომ სსმ ბავშებთან უფრო მეტი იმუშავონ, ამაში ასევე მიიღებენ კრედიტ-ქულებს.
  • აკადემიური ხარისხის ქონა ასევე იქნება კრედიტების მოპოვების საშუალება.

“ახალი სქემას ეგ ფუნქცია, რომ ვინმე სკოლიდან გაუშვას, საერთოდ აღარ ექნება. ანუ, სქემა იქნება მომართული მხოლოდ ერთ რამეზე, რომ ყველა მასწავლებელმა იპოვოს სათავისო მიმართულება, რა მიმართულებითაც უნდა განვითარება და იმას მიაწვეს,”- განაცხადა მინისტრმა.

მისი განცხადებით, სკოლებში “უხარისხო” მასწავლებების ყოფნის პრევენცია, არა სქემამ, არამედ სკოლის ადმინისტრაციამ უნდა განახორციელოს და ასეთი მასწავლებლები დაითხოვოს.

“მეთოდი, რომლითაც მასწავლებელი, რომელიც ვერ აკეთებს თავის საქმეს, უნდა გავიდეს სკოლიდან, არის სკოლის ადმინისტრაციის გადაწყვეტილება. მაგალითად, უმაღლესი კატეგორიის მასწავლებელი, რომელმაც საგანი ჩააბარა საოცრად და მსოფლიოში მასზე კარგად არავინ იცის საგანი, ბავშვებს თუ ჩაგრავს, ვტოვებთ და ვაწინაურებთ თუ სახლში ვუშვებთ? ჩემი პასუხია, რომ სახლში ვუშვებთ. ანუ, კვალიფიკაცია არის ერთი განზომილება და როგორ იქცევა და რას აკეთებს, არის მეორე განზომილება. ანუ, მე ვამბობ, რომ სკოლაში დარჩება ყველა, ვისითაც კმაყოფილი იქნება მშობელი, მოსწავლე და ადმინისტრაცია. სკოლიდან ყველა გავა ეტაპობრივად, ვისითან იქნება უკმაყოფილო მშობელი, მოსწავლე და ადმინისტრაცია. იმ საბუთის ჩვენება, რომ მე ქიმია მაქვს ბევრი ნასწავლი, რატომ არ მოგწონთ ჩემი ყვირილი, რა თქმა უნდა, შეცდომაა.

იმის თქმა, რომ ჩვენ მხოლოდ საგნის ცოდნა გვჭირდება და მხოლოდ მაგით უნდა შევაფასოთ, მაგაში რომ შევედით, რომ მასწავლებლის კვალიფიკაცია ეწოდება საგნის ცოდნას, ეს უკვე არის შეცდომა… ჩვენ გვჭირდება ისეთი სისტემა, რომელიც მასწავებლის შედეგიანობას უყურებს კოპლექსურად,”- განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი