კომენტარი

უწყებათაშორისი კომისიის რეკომენდაცია საარჩევნოდ პოლიტიკურ ძალებს

12 ივლისი, 2012 • • 957
უწყებათაშორისი კომისიის რეკომენდაცია საარჩევნოდ პოლიტიკურ ძალებს

თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისათვის უწყებათაშორის კომისიაში შემოვიდა ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს ცალკეული სამინისტროების, ასევე აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა უწყებების და გარკვეული რეგიონების ადმინისტრაციული ორგანოების ხელმძღვანელი პირები თანამშრომლებს მმართველი პარტიის მხარდასაჭერად სიების შედგენას და პირადი მონაცემების შეგროვებას ავალდებულებდნენ.

 

უწყებათაშორისი კომისია დაუკავშირდა სამინისტროებისა და რეგიონალური ადმინისტრაციების ხელმძღვანელ პირებს, რომელთაც  მსგავსი მითითებების გაცემის ფაქტი უარყვეს. ამ ეტაპზე კომისიას არ მოეპოვება სხვა მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდა მსგავსი პრაქტიკის არსებობას. სადამკვირვებლო ორგანიზაციებს ჯერ არ ჰქონიათ შესაძლებლობა,  თანამდებობის პირთა კონკრეტული გვარები მოეწოდებინათ კომისიისათვის.

 

მიუხედავად ამისა, კომისია აცხადებს, რომ დაუშვებელია და კანონსაწინააღმდეგოა თანამდებობის პირების მიერ დაქვემდებარებული პირების დავალდებულება, ჩაერთონ საარჩევნო კამპანიაში. კანონმდებლობით მსგავსი ქმედებები დასჯადია. ამასთანავე, საჯარო პირებს აქვთ უფლება, სამსახურებრივი საქმიანობის მიღმა, ნებისმიერი პარტიის წინასაარჩევნო კამპანიაში მიიღონ მონაწილეობა და ეს უფლება მხოლოდ ნებაყოფლობით არჩევანს უნდა ეფუძნებოდეს.

 

თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისათვის უწყებათაშორისი კომისია მოუწოდებს სახელმწიფო უწყებებს და ადმინისტრაციულ ორგანოების ხელმძღვანელებს:

 

•        მსგავსი ფაქტების დადასტურების შემთხვევაში, სათანადო რეგირება მოახდინონ გამოვლენილ შემთხვევებზე.

 

•        მკაფიოდ განუმარტონ საჯარო მოხელეებს მათი უფლებები, რომ ნებისმიერ მათგანს აქვს სამსახურებრივი საქმიანობის მიღმა პოლიტიკურ საარჩევნო კამპანიაში ჩართვის უფლება, ხოლო მათ ხელმძღვანელებს კანონით ეკრძალებათ სამსახურებრივად დაავალდებულონ ქვეშევრდომები, მონაწილეობა მიიღონ საარჩევნო კამპანიაში. მიუხედავად იმისა, რომ კანონით არ არის აკრძალული პოლიტიკური თანამდებობის პირების მიერ საარჩევნო თემაზე კომუნიკაცია, ჩვეულრებრივ საარჩევნო აგიტაციასა და დაქვემდებარებული პირებისთვის დავალების მიცემას შორის მკაფიო ზღვარი უნდა გაივლოს. ყველა საჯარო უწყებამ, მათ შორის იმ  სტრუქტურებმა, რომელთა მიმართაც მსგავსი ბრალდება გამოითქვა, ამ თვალსაზრისით სათანადო ზომები უნდა მიიღონ.

 

ერთ-ერთი შემთხვევა, რომელიც კომისიამ შეისწავლა,  ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის ილია ვაშაყმაძის ფარულ აუდიოჩანაწერს უკავშირდება.

 

უწყებათაშორისი კომისია როგორც გამგებელს, ასევე გამგეობის წევრებს და ნაციონალური მოძრაობის ოფისს დაუკავშირდა. კომისიასთან საუბარში ილია ვაშაყმაძემ განმარტა, რომ ის დანიშვნის დღიდან რეგულარულ შეხვედრებს მართავს, როგორც მოსახლეობასთან, ასევე პარტიულ აქტივთან. აღნიშნულ საქმიანობას ის, კანონმდებლობის საფუძველზე, როგორც გამგებელი და მეორე მხრივ, როგორც ნაციონალური მოძრაობის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე ეწევა.

 

ილია ვაშაყმაძემ ჩანაწერის ზუსტი თარიღი ვერ დააზუსტა, თუმცა განმარტა, რომ საქმე შეეხებოდა პარტიის ოფისში გამართულ ერთ-ერთი შეხვედრას, რომელსაც პერიოდულად   პარტიის რაიონული ორგანიზაციის ფორმირების, მომავალი საარჩევნო ტაქტიკის და სხვა საორგანიზაციო  საკითხების შესახებ მართავდა. გამგებლის ცნობით, სიების შევსება  მათი პარტიული აქტივისტების მიერ მხარდამჭერების მობილიზებას უკავშიდებოდა და მხოლოდ შიდა პარტიული მოხმარებისთვის იყო განკუთვნილი.

 

კომისიის აზრით, ლეგიტიმური ეჭვის საფუძველს ბადებდა გამგებლის თხოვნა შეხვედრის მონაწილეებისადმი, არ გაეხადათ მათი საუბრის შინაარსი საჯარო. კომისიასთან საუბარში გამგებელმა მისი ეს განცხადება განმარტა იმით, რომ არ სურდათ წინასაარჩევნო რეჟიმში გადასვლის შესახებ ინფორმაცია კონკურენტებისთვის ხელმისაწვდომი გამხდარიყო.

 

კომისია თვლის, რომ აუდიოჩანაწერში სამსახურებრივი დავალდებულების ნიშნები მართლაც არ ჩანს. როგორც გამგებელმა განმარტა, მას კომუნიკაცია მისდამი ნდობით აღჭურვილ პირებთან ჰქონდა და ასეთებად მან პარტიული აქტივისტები დაასახელა.

 

მიუხედავად ამისა, კომისია რეკომენდაციას აძლევს ოზურგეთის გამგეობას:

 

•           განუმარტოს გამგეობის ყველა თანამშრომელს, რომ სამსახურებრივი საქმიანობის მიღმა საარჩევნო კამპანიაში ჩართვა ნებაყოფლობითი უნდა იყოს და რომ არავის აქვს უფლება, საკუთარი სურვილის წინააღმდეგ, ისინი დაავალდებულოს, რომელიმე პარტიის სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდ იმოქმედოს.

 

თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისათვის უწყებათაშორისი კომისია ადასტურებს თავის მზაობას, საარჩევნო პროცესში ჩართული სუბიექტებისგან მიიღოს დამატებითი ინფორმაცია საჯარო მოხელეების მხრიდან ადმინისტრაციული რესურსის არამიზნობრივად გამოყენების შესახებ და სათანადო რეაგირება მოახდინოს კანონმდებლობის დარღვევის კონკრეტულ ფაქტებზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი