კომენტარი

არ მინდა ქალიშვილი რძალი! თუმცა, იმედია, ამას არავინ შემითანხმებს…

9 ივლისი, 2012 •
არ მინდა ქალიშვილი რძალი! თუმცა, იმედია, ამას არავინ შემითანხმებს…

16 წლის გოგონაზე სტატია რომ წავიკითხე, საკუთარი თავი გამახსენდა…

მე 17 წლის „გავთხოვდი“…

მახსოვს, მამა მთელი ბავშვობა მეუბნებოდა: „ერთი თუ „გაგიტაცეს“, მერე შენი დამბრუნებელი არავინაა!“ მისი წინასწარმეტყველება ახდა კიდეც. როდესაც ჩემს სანახავად მოსულმა დედამ მკითხა, დარჩები თუ წამოხვალო, მახსოვს, როგორ გამიკვირდა, რომ ჩემი აზრი აინტერესებდათ. დავრჩი…
არ ვიცი, ეს გადაწყვეტილება მაშინ გაცნობიერებული მქონდა თუ არა. უფრო არა, რადგან წლები ისე გადიოდა, ამ საკითხზე არ ვფიქრობდი. გვეყოლა შვილი, თან ვსწავლობდი, მერე მეორეც…

ერთხელ ვიჩხუბეთ. მე წამოვედი მშობლებთან, გარკვეული პერიოდი ვიყავი იქ. ბოლოს შეწუხდა მამაჩემი. დაურეკა მამამისს და ისიც ჩამოვიდა. შეშფოთებული და შეწუხებული მამათლილი მოვიდა ჩვენთან. გაიშალა სუფრა, სადღეგრძელოები, საუბრები იმაზე, რომ ოჯახში არ შეიძლება ჩხუბი, ცოლ-ქმარმა ერთმანეთს უნდა გაუგოს და ა.შ. და ა.შ. სუფრის დასასრულს ყველანი წამოვედით ჩემი ქმრის სახლში. „შევრიგდით“!!!  ეს დღემდე მტკივა.

წლები ინერციით გავიდა, ახლა საჭირო სიტყვების მოძიება მიჭირს, არ მინდა, ჩემი პირადი ცხოვრების საჯაროობით სხვების ცხოვრების დეტალები გავასაჯაროო, არ მაქვს ამის უფლება…

ერთი რამ მაინც უნდა ვთქვა, დავიწყე მუშაობა, როგორც კი საკუთარი შემოსავალი გამიჩნდა, სრულიად შეიცვალა სამყარო. შეიცვალა ჩემდამი და ჩემი აზრისადმი დამოკიდებულება. მხოლოდ ამის მერე გავაცნობიერე, როგორ შეიძლება იყო ძალადობის მსხვერპლი და გადაიქცე მოძალადედ.

მხოლოდ ამის მერე გამოჩნდა დრო ფიქრისთვის, დამოუკიდებლად ფიქრისთვის. იქნებ სითამამე შემეძინა, მოკლედ, ეგ ნაკლებ მნიშვნელოვანია. 13 წლის თანაცხოვრების მერე გადავწყვიტე, რომ არ მინდა ჩემზე ძალადობდნენ, არ მინდა ვიყო მოძალადე, არ მინდა ჩემი შვილები ასე გაიზარდონ! არა!

დავშორდით! შოკი იყო ყველასთვის ამდენი წლის ნალოლიავები ოჯახის „დანგრევა“. ალბათ, ვერც მშობლების იმედები გავამართლე, ისინი ხომ მუდმივად ზრუნავდნენ ოჯახის ერთიანობაზე…

ჩემთვის არავის არაფერი უთქვამს.

 

ახლა იმაზეც ვფიქრობ, რომ ჩემი შვილებიც დაოჯახდებიან. ვხედავ, რომ სოციალური გარემო დიდ გავლენას ახდენს მათზე. ვხვდები, რომ ქალიშვილობის ინსტიტუტს ისინიც ყურადღებას აქცევენ.

არ მინდა ქალიშვილი რძალი! თუმცა, იმედია, ამას არავინ შემითანხმებს…


რედაქციის შენიშვნა:  ეს წერილი მას შემდეგ მივიღეთ, რაც საიტზე გამოქვეყნდა გაზეთ “ბათუმელების” სტატია “16 წლის გოგონას ქორწილის ღამე პოლიციაში”. წერილის ავტორმა მისი გამოქვეყნება სახელის და გვარის მითითების გარეშე გვთხოვა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი