კომენტარი

სოციალ–დემოკრატების პოზიცია ვანო მერაბიშვილთან და მთავრობის გეგმასთან დაკავშირებით

5 ივლისი, 2012 • 1288
სოციალ–დემოკრატების პოზიცია ვანო მერაბიშვილთან და მთავრობის გეგმასთან დაკავშირებით

წლების მანძილზე, „სოციალ–დემოკრატები საქართველოს განვითარებისთვის“ გამუდმებით ვსაუბრობთ მოსახლეობის სოციალური პრობლემების პრიორიტეტებად ქცევის აუცილებლობაზე, რომ უმუშევრობა, ჯანდაცვა, განათლება და სოფლის მეურნეობის აღორძინება სწორედ ის მიმართულებებია, რომელთა განვითარებაც სახელმწიფოს უშუალო პასუხისმგებლობად უნდა იქცეს. დღევანდელი ხელისუფლება გამუდმებით ახდენდა აღნიშნული საკითხების იგნორირებას. უფრო მეტიც, სწორედ ჩვენი მთავრობის მიერ ბოლოს 8 წლის მანძილზე განხორციელებული პოლიტიკების შედეგია ის, რომ ქართული სოფელი გაჩანაგებულია, მოსახლეობის უდიდესი ნაწილი უმუშევარია, ადამიანებს წამლის ფული არა აქვთ და არ შეუძლიათ განათლების მიღება.

 

 

ვანო მერაბიშვილის მიერ გამოქვეყნებული პრიორიტეტები აღიარებაა იმისა, რომ დღევანდელი მთავრობა 8 წლის განმავლობაში ანგრევდა ქვეყანას. ქართულ სოფელს თუ 4 მილიარდიანი ინვესტიცია სჭირდებოდა, რატომ არაფერს აკეთებდა ხელისუფლება დღემდე, როცა მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობა სწორედ სოფელზე იყო დამოკიდებული და წარმოუდგენელ სიღარიბეში ცხოვრობდა? თუკი ყველა ადამიანი ღირსია ჰქონდეს დაზღვევა და მისი ჯანმრთელობა იყოს დაცული, რატომ დაუშვა ხელისუფლებამ ის, რომ უამრავი ადამიანი სწორედ უფულობისა და დაზღვევის არქონის გამო გარდაიცვალა, დაავადმყოფდა; თუ 1000 ლარიანი ვაუჩერი პირველადი აუცილებლობაა მოსახლეობისათვის კომუნალური გადასახადების დასაფარად, მაშინ რატომ ზრდიდა ხელისუფლება გამუდმებით ამ გადასახადებს და ფაქტიურად ახრჩობდა ხალხს? დასაქმება თუ სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა, მაშ რატომ იყო ხალხი მიტოვებული ბედის ანაბარად 8 წლის განმავლობაში?

 

 

ჩვენ „სოციალ დემოკრატები საქართველოს განვითარებისთვის“ ვაცხადებთ, რომ მთავრობის ახალი გეგმა რეალურად წინასაარჩევნო პლატფორმას წარმოადგენს. ვანო მერაბიშვილი უნდა აღვიქვათ როგორც ნაციონალური მოძრაობის მომავალი პრემიერ მინისტრობის კანდიდატი. ესაა საარჩევნო პლატფორმა იმ პარტიისა, რომელიც წლების მანძილზე ებრძვის ყველა იმ კეთილდღეობის ინსტიტუტს რომელზეც დღეს, წინასაარჩევნოდ ალაპარაკდა. დღესავით ნათელია, რომ ნაციონალური მოძრაობის მიერ ჩამოყალიბებული რეპრესიული და ავტორიტარული რეჟიმის პირობებში ამგვარი სოციალური პოლიტიკის განხორციელება აბსურდია. ჩვენ მოვუწოდებთ მოსახლეობას: თუკი თქვენ მხარს უჭერთ იმ პოლიტიკას, რაც 8 წელია საქართველოში ხორციელდება, მაშინ, შესაბამისად, მხარი დაუჭირეთ ნაციონალურ მოძრაობას, მაგრამ თუკი თქვენ მხარს უჭერთ იმ პრიორიტეტებსა და პოლიტიკებს, რომელზეც ვანო მერაბიშვილი საუბრობს, მაშინ აუცილებელია ხელისუფლებიდან ნაციონალური მოძრაობის, როგორც ამ ყველაფრის მოწინააღმდეგის ჩამოცილება.ჩვენ მივაღწიეთ პოლიტიკის დღის წესრიგის შეცვლას და სოციალური კეთილდღეობის წამყვან საკითხად ქცევას. ახლა დროა ჩვენ ხელისუფლების ცვლილება მოვახდინოთ, რათა ეს პოლიტიკა რეალობად ვაქციოთ!

მასალების გადაბეჭდვის წესი