კომენტარი

ბესელია: “კონტროლის პალატა ყოველგვარი სამართლებრივი ნორმების დარღვევით მოქმედებს”

8 ივნისი, 2012 • • 1250
ბესელია: “კონტროლის პალატა ყოველგვარი სამართლებრივი ნორმების დარღვევით მოქმედებს”

ბიძინა ივანშვილის პირადი ადვოკატი ეკა ბესელია
ბიძინა ივანშვილის პირადი ადვოკატი ეკა ბესელია

“ის, რასაც კონტროლის პალატა აკეთებს, ამას ჰქვია ყოველგვარი წესისა და კანონის დარღვევით, ყოველგვარი სამართლებრივი ნორმების დარღვევით, საკითხის მიუკერძოებლად პრინციპის დაცვის გარეშე, უკანონობის ჩადენა. სამწუხაროდ, ფაქტია ის, რომ დღემდე არც ერთ საქმეზე, რომელიც კონტროლის პალატამ  სასამართლოში წარადგინა “ქართული ოცნების” წინააღმდეგ, არ ყოფილა არც ერთი მტკიცებულება, დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებდა “ქართული ოცნების” ან მისი ლიდერის მიერ რაიმე კანონსაწინააღმდეგო  ქმედებების ფაქტს”, – აღნიშნავს “ნეტგაზეთთან” ადვოკატი ბესელია.

მისივე თქმით, ფლაერების, ბუკლეტებისა და საარჩევნო აქსესუარების დარიგება არსებული კანონმდებლობით არ ისჯება და ეს არის ჩვეულებრივი რამ, რაც წინასაარჩევნო კამპანიას სჭირდება.

“ფლაერების დარიგება არ არის ამომრჩევლის მოსყიდვა. ეს არის საარჩევნო კამპანია. მაშინ “ნაციონალური მოძრაობა” რას აკეთებს მთელი ამ ხნის განმავლობაში. საარჩევნო პროცესის დაწყებამდე და დაწყების შემდეგ პირდაპირ მაგალითებს იძლევიან, როგორ ხდება საბიუჯეტო სახსრების მობილიზება  და პოლიტიკური მიზნით მათი გამოყენება. ფლაერები, ბუკლეტები, საარჩევნო აქსესუარები და ა.შ, ეს “მოქალაქეთა გაერთიანების შესახებ კანონში” წერია, რომ ამ ატრიბუტების გამოყენება, დარიგება დასაშვებია იმიტომ, რომ ეს არის ჩვეულებრივი რამ, რაც წინასაარჩევნო კამპანიას სჭირდება”, – მიიჩნევს ბესელია.  

აღნიშნულიდან გამომდინარე,  ის მიიჩნევს, რომ ეს არის ერთმნიშვნელოვნად ჩადენილი უკანონო ქმედებები სახელმწიფო სტრუქტურების მხრიდან მიმართული კოალიციის წინააღმდეგ.

“კონტროლის პალატა დიდი ხანია გადაიქცა უკვე პოლიტიკურ იარაღად კოალიაცია “ქართული ოცნების” წინააღმდეგ ხელისუფლების ხელში. ის ამ დავალებებს უკვე ბოლო რამდენიმე თვეა ახორციელებს და კონტროლის პალატას დაავიწყდა, რომ მას აქვს სხვა ძირითადი ფუნქცია, სახელმწიფო–საბიუჯეტო ხარჯების კონტროლის თვალსაზრისით.
მაშინ, როდესაც “ნაციონალური მოძრაობა” ყველა ფეხის ნაბიჯზე, ყოველ დღეს გვიჩვენებს კონკრეტულ მაგალითებს, როგორ ხდება მათ მიერ ამომრჩევლების მოსყიდვა საბიუჯეტო სახსრების, პირადი მიზნების გამოყენებით და ამაზე არ რეაგირებს კონტროლის პალატა, ამ ფონზე, ბუნებრივია, განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრება სწორედ სასამართლოს, რომელსაც აქვს უნმნიშვნელოვანესი ფუნქცია, აღკვეთოს ეს უკანონობა, შეაჩეროს კონტროლის პალატის უკანონო მოქმედებები”, – განუცხადა “ნეტგაზეთს” ბესელიამ.

ბოლო რამდენიმე დღეა იმერეთში აქტიურად მიმდინარეობს “ქართული ოცნების” აქტივისტების დაკითხვა და დაკავება. დაკავებულებს ბრალი სისხლის სამართლის საქმეზე, ამომრჩეველთა მოსყიდვის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 164–ე  მუხლით აქვთ წაყენებული.

მასალების გადაბეჭდვის წესი