კომენტარი

კამპანიის „ეს შენ გეხება“ მონაწილე ორგანიზაციების ღია წერილი საქართველოს პარლამენტს

8 ივნისი, 2012 •
კამპანიის „ეს შენ გეხება“ მონაწილე ორგანიზაციების ღია წერილი საქართველოს პარლამენტს

ბოლო ორი დღის განმავლობაში ტელეკომპანია „მე-9 არხის“ გავრცელების შეზღუდვის და სამარშრუტო ტაქსებში რადიოსიგნალის გათიშვის შედეგად საქართველოს მოქალაქეებს ეზღუდებათ წვდომა საინფორმაციო წყაროებთან.  მაშინაც კი, თუ აღნიშნულ გადაწყვეტილებებს ზოგ შემთხვევაში გარკვეული სამართლებრივი საფუძველი შეიძლება მოეძებნოს, მიღებული შედეგი მრავალი არასამთავრობო თუ მედიაორგანიზაციისა და მოქალაქის შეშფოთების საგანი გახდა.

 

ყოველივე ეს ხდება მაშინ, როდესაც სამოქალაქო საზოგადოებისა თუ საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან დღის წესრიგში განსაკუთრებული სიმწვავით დადგა მოსახლეობისთვის ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობისა და პლურალისტური მედიის ხელშეწყობის  საკითხი. ამას ადასტურებს საქართველოში ვიზიტისას აშშ–ის სახელმწიფო მდივნის, ქალბატონი ჰილარი კლინტონის საქართველოს ხელისუფლებისადმი მოწოდებაც „მედიის დამოუკიდებლობისა და ხელმისაწვდომობის“ უზრუნველყოფის შესახებ; აგრეთვე, საქართველოში აშშ-ის ელჩის, ბატონი ჯონ ბასისა თუ  სხვა ქვეყნების დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენელთა მიერ გამოთქმული მოსაზრებები მოქალაქეთათვის განსხვავებული და თავისუფალი მედიის ხელმისაწვდომობის აუცილებლობის თაობაზე.

 

შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ საქართველოს პარლამენტში 7 მაისს კამპანიის – „ეს შენ გეხება“ მონაწილე ორგანიზაციების მიერ წარდგენილი საკანონმდებლო  წინადადებათა  პაკეტიდან განსაკუთრებით მნიშვნელოვნად სწორედ ე.წ. Must carry-ს და must offer-ის პრინციპების დანერგვა მიგვაჩნია. როგორც საერთაშორისო პრაქტიკა ადასტურებს, ამ წინადადებების გაზიარება მოსახლეობისათვის სხვადასხვა ტელეარხებზე და მრავალფეროვან ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს და მოხსნის კითხვებს საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას მოსახლეობის ინფორმირებისა და მედიაპლურალიზმის პრობლემების თაობაზე.  

 

მიგვაჩნია, რომ აღნიშნული პრობლემების გადაჭრის გარეშე   შეუძლებელია  დემოკრატიული და თავისუფალი არჩევნების ჩატარება.  ამიტომ მოგიწოდებთ:

 

  • იმოქმედოთ საზოგადოების და ამომრჩეველთა ინტერესების გათვალისწინებით და  არ დაუშვათ, რაიმე ფორმით შეიზღუდოს  რომელიმე მედიასაშუალების გავრცელება;
  • უახლოეს პერიოდში უზრუნველყოთ მედიის საქმიანობის მარეგულირებელ კანონმდებლობაში “must carry”-ს და “must offer”-ის პრინციპების დანერგვა; 
  • მაქსიმალურად გაითვალისწინოთ საერთაშორისო ორგანიზაციების მოსაზრებები და რეკომენდაციები ქვეყანაში  პლურალისტური მედიის აუცილებლობის თაობაზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი