
ჰილარი კლინტონმა ბათუმში განაცხადა, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი შემოდგომაზე საქართველოს არჩევნებია და არა რუსეთის სამხედრო წვრთნები საქართველოსთან ახლოს. გარკვეულწილად ამ განცხადებით კლინტონმა ხომ არ მიანიშნა საქართველოს ხელისუფლებას, რომ რიტორიკა უნდა გადააწყონ და ყურადღება ქვეყნის შიგნით არჩევნებზე გაამახვილონ? ამ თვალსაზრისით, თქვენ როგორ შეაფასებთ კლინტონის გამოსვლას?
ჩემი აზრით, არ მგონია, რომ მას ხელისუფლებისთვის ერჩია რიტორიკის შეცვლა. როდესაც კლინტონმა ისაუბრა დემოკრატიულ არჩევნებზე, მას არსად არ უთქვამს, რომ ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს. აქ საუბარია, რომ აუცილებელია ჩატარდეს არჩევნები დემოკრატიული გზით, მაგრამ მოთხოვნა არსებობს ორივე მხარის მიმართ, როგორც ხელისუფლების, ასევე ოპოზიციის მიმართ. შემთხვევითი არ იყო, რომ ის შეხვდა ოპოზიციასაც. ანუ, როგორც ხელისუფლებამ თავის თავზე უნდა აიღოს ვალდებულება, რომ არ გამოიყენებს ადმინისტრაციულ რესურსსა და თანაბარ მისაწვდომობას უზრუნველყოფს მასმედიის საშუალებით, მეორე მხრივ, ოპოზიციამ უნდა აიღოს ვალდებულება, რომ დამარცხების შემთხვევაში აღიარებს შედეგებს და პატივს სცეს ხალხის არჩევანს.
რაც შეეხება რუსეთის წვრთნებს საქართველოსთან ახლოს. ქალბატონი კლინტონი აცნობიერებს თვითონ, თუ რა პრობლემების შექმნა შეუძლია რუსეთს საქართველოსთვის დივერსიული აქტების განხორციელების გზით, თუმცა ამ შემთხვევაში მან დიპლომატიურად აარიდა თავი კითხვას, ამ შემთხვევაში არ გაამწვავა ვითარება და განაცხადა, რომ ბევრი რამ არის დამოკიდებული ქართველი ხალხის ერთიანობაზე. თუ ქართველი ხალხი იქნება ერთიანი, ბუნებრივია, რუსეთი ვერ გამოიყენებს ამ შემთხვევაში დაქსაქსულობას ქართველების შიგნით.
სახელმწიფო მდივანმა არჩევნებზე საუბრისას განაცხადა, რომ 2013 წელს უნდა მოხდეს დემოკრატიულად ძალაუფლების გადაცემა. თქვენ როგორ გაიგეთ კლინტონის ეს განცხადება. რას ნიშნავს დემოკრატიულად ხელისუფლების გადაცემა? საერთოდაც ბოლო პერიოდში ხშირად კეთდება ასეთი განცხადებები. კერძოდ, იანვარში პრეზიდენტების შეხვედრაზეც ობამამ მსგავსი რამ განაცხადა. ბატონო ნიკა, თქვენი შეფასებით, ძალაუფლების დემოკრატიულად გადაცემა რას ნიშნავს?
პირველ რიგში, დემოკრატიული გადაცემა ნიშნავს იმას, რომ საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით პრეზიდენტად ადამიანი შეიძლება არჩეულ იქნას ზედიზედ მხოლოდ ორჯერ, ხუთი წლის ვადით. აქედან გამომდინარე, ვინაიდან და რადგანაც საქართველოს პრეზიდენტს 2013 წელს ეწურება საპრეზიდენტო ვადა, შესაბამისად, ქვეყანას ეყოლება ახალი პრეზიდენტი. ხოლო ეს იქნება “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელი თუ ოპოზიციის წარმომადგენელი, ჯერ უცნობია, თუმცა ფაქტია, რომ ახალი ადამიანი იქნება და შეიცვლება აღმასრულებელი და საპარლამენტო ხელისუფლების სტრუქტურა. ეს ახლაც ხდება, მაგალითად, 2012 წელს თუ გაეცანით მაჟორიტართა სიას, ნახავდით, გიორგი ბარამიძე აღარ იქნება სახელმწიფო მინისტრი და გიორგი ვაშაძე იუსტიციის მინისტრის მოადგილე, ან გიორგი კარბელაშვილი ეკონომიკის მინისტრის მოადგილე.
ანუ ახალი სახეები გამოჩნდება აღმასრულებელ ხელისუფლებაში, და იგივე მოხდება 2013 წელს. ქვეყანას, რა თქმა უნდა, ახალი პრეზიდენტი ეყოლება. აქ ორი აზრი არ არსებობს.
როიტერის ჟურნალისტის შეკითხვაზე, გამორიცხავს თუ არა პრეზიდენტი პრემიერ მინისტრის პოსტის დაკავებას, პრეზიდენტმა კონკრეტული პასუხი არ გასცა. სააკაშვილმა აღნიშნა, რომ “ძალაუფლების დემოკრატიული გადაცემა, ეს არის დემოკრატიის შემადგენელი ნაწილი”. თქვენი შეფასებით, რატომ არ სცემს პრეზიდენტი პირდაპირ ამ შეკითხვას პასუხს?
ფრანსუა ვოლტერმა თქვა, ხელისფულება ამოუცნობი რამაა. სწორედ ამაშია მისი ძალა. აქედან გამომდინარე, მგონია, რომ პრეზიდენტი საიდუმლოდ იტოვებს ამას. ეს არის ერთგვარი ტაქტიკური ნაბიჯი ამ შემთხვევაში პრეზიდენტის მხრიდან. ის ინარჩუნებს ამ ინტრიგას. შეიძლება გადაჯგუფებასაც ჰქონდეს ადგილი ნაციონალურ მოძრაობაში და ბევრმა ნაც. მოძრაობის წევრმაც არ იცის, ის რჩება თუ არა, ამ დასკვნამდე მივდივარ ამ შემთხვევაში.