ბატონო ანზორ, რა პირობებში შეგატყობინეს, რომ შეწყალებული იყავით?
ეს ჩემთვის აბსოლუტურად მოულოდნელი ამბავი იყო. ჩემმა ერთ-ერთმა ადვოკატმა შემატყობინა. 26 მაისს მითხრეს ამის შესახებ და იმავე დღეს გამათავისუფლეს. საბუთების მოწესრიგებას რამდენიმე საათი დასჭირდა. ჩემთვის გათავისუფლება ძალიან მოულოდნელი იყო. მე არ მიმიმართავს შეწყალებისთვის და არც ის ბრალდება მიღიარებია, რაც მქონდა წაყენებული. მე არანაირი დანაშაული არ ჩამიდენია, ყოველთვის კანონმორჩილი ვიყავი. უწმინდესის თხოვნით გამათავისუფლეს.
საპყრობილეში როგორ გეპყრობოდნენ თქვენ ან სხვა პატიმრებს?
რაიმე ფიზიკური ზეწოლა მქონდა-მეთქი რომ ვთქვა, არასწორი იქნება. ჩემთვის ყველაზე დიდი ზეწოლა იყო, როცა ბიჭები დააპატიმრეს. ის საპყრობილე, სადაც მე ერთი წელი და 10 თვე გავატარე, ისედაც დახურული სისტემაა, მკაცრი რეჟიმის დაწესებულებად მიიჩნევა. სხვებზე ზეწოლის შესახებ კი თითქმის იმდენივე ვიცი, რაც შეიძლება თქვენც იცოდეთ.
თუ აპირებთ ბიზნესის დაბრუნების მიზნით დავის გაგრძელებას?
სარჩელი 2011 წლის სექტემბერში შევიტანე სტრასბურგის სასამართლოში “ელიტ ელექტრონიქსის” წილის დასაკუთრების ნაწილში. სარჩელი სასამართლოს წარმოებაში ჯერ არ მიუღია. ერთი წლის განმავლობაში ან მიიღებს წარმოებაში, ან უკან დაგვიბრუნებს. სხვა ეპიზოდებში დავა ქართული სასამართლოების სხვადასხვა ინსტანციაში გრძელდება. ჩემს ახლობლებს – მალხაზ ნაგერვაძეს 6 წელი და 6 თვე მიუსაჯეს, ლევან დუმბაძეს – 9 წელი, თენგიზ ნაგერვაძეს – 15 წელი. მათი დანაშაულის შესახებ საფუძველი არ არსებობს, ამიტომ პირველი ინსტანციის ამ გადაწყვეტილებას მეორე ინსტანციაში ვასაჩივრებთ. იმედი გვაქვს, რომ პოზიტიურ შედეგს მივიღებთ.
თქვენ არაერთხელ განმარტეთ, რომ პრობლემები ძირითადად შეგიქმნათ „თიბისი“ ბანკმა. გათავისუფლების შემდეგაც იმავე შეფასებას აკეთებთ?
არა, მე აქამდეც ვამბობდი, რომ მამუკა ხაზარაძე ამას მარტო ვერ მოახერხებდა. ამ საქმეში მთელი სისტემა იყო ჩართული. მტკიცებულების ფორმით ვერ ვიტყვი, მაგრამ ერთი ძირითადი მიზეზი იყო “ელიტ ელექტრონიქსი”, მეორე მიზეზი კი ის გახდა, რომ “ელიტ ელექტრონიქსის” შემდეგ “ტექნობუმმაც” სწრაფად მიაღწია წარმატებას.
თქვენი დაკავების სხვა ვერსიაც არსებობს. მათ შორის ერთ-ერთი ის არის, რომ თითქოს ნინო ბურჯანაძესთან ზედმეტი სიახლოვის გამო დაისაჯეთ…
არა, ქალბატონ ნინოს მე პირადად არც კი ვიცნობ. მეც გამიგია ეგ ჭორი, მაგრამ ჩემს საქმეს ნინო ბურჯანაძეს არ ვუკავშირებ. არც კი ვიცი, ეს ინფორმაცია საიდან გაჩნდა.
თქვენ ხელისუფლებასთან დაახლოებულ ბიზნესმენად მიიჩნეოდით, რატომ და როდის დაიწყო თქვენ შორის უთანხმოება?
რას გულისხმობთ დაახლოებულში?
მაგალითად, აფინანსებდით სახელისუფლებო პროექტებს…
ხელისუფლებასთან თანამშრომლობის ფორმატში ერთადერთი მაღაზია გავხსენი – თამარაშენის მაღაზია. ისედაც, ბიზნესი დაპირისპირებულ რეჟიმში არ უნდა იყოს ხელისუფლებასთან, მაგრამ ზედმეტად დაახლოებული ურთიერთობა ან რაიმე უკანონო გარიგება ჩვენ არასოდეს გვქონია, ამას ვერავინ იტყვის. დღესაც რომ უკან დამაბრუნონ, იმავეს გავაკეთებდი თამარაშენთან დაკავშირებით. მართალია, მაშინ დიდი ზარალი მივიღეთ, მაგრამ ეს აუცილებელი იყო. თუ გინდა, რომ ქვეყანაში პრობლემა მშვიდობიანად მოგვარდეს, მსგავსი პროექტები უნდა დააფინანსო. ჩვენ მაშინ დავასაქმეთ როგორც ოსები, ისე – ქართველები. მართალია, იდეა ხელისუფლების იყო, მაგრამ მასშტაბები მას არ განუსაზღვრავს… ამით იმის თქმა მინდა, რომ თანამშრომლობა აუცილებელიცაა, მაგრამ პრობლემები იმან გამოიწვია, რომ არ იყო ეს თანამშრომლობა. ზოგადად კი, ბიზნესი და სახელმწიფო უნდა თანამშრომლობდეს.
თქვენ ხართ პოპულარული ბიზნესმენი, რომელიც შეიწყალეს. საარჩევნო პერიოდში ამნისტირებულ-შეწყალებული პატიმრების ხელისუფლების სასარგებლოდ ხმების მოგროვების არაერთი ფაქტია ცნობილი. თქვენ თუ შემოგთავაზეს მსგავსი ვალდებულების აღება მომავალ არჩევნებთან დაკავშირებით?
არა, ჩემთან მიმართებაში მსგავსი არაფერი ყოფილა და არც შემდგომში ველოდები რამეს. ყველას აქვს უფლება, ვიღაცას რაღაც შესთავაზოს, მეორეა – ვინ რა გზას აირჩევს. არა მგონია, ჩემზე რაიმე გათვლა გააკეთონ.






