კომენტარი

ომბუდსმენის განცხადება ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის დღესთან დაკავშირებით

19 მაისი, 2012 • 1093
ომბუდსმენის განცხადება ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის დღესთან დაკავშირებით

სახალხო დამცველმა  ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: 

 


17 მაისს მთელი მსოფლიო ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ეს დღე 1990 წლის 17 მაისს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ ჰომოსექსუალობის დაავადებათა ნუსხიდან ამოღებას უკავშირდება.


ტერმინი “ჰომოფობია” ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციაში განმარტებულია, როგორც „წინასწარგანწყობაზე დაფუძნებული ირაციონალური შიში და სიძულვილი ლესბოსელების, გეების, ბისექსუალებისა და ტრანსგენდერი ადამიანების მიმართ, რომელიც მსგავსია რასიზმის, ქსენოფობიის, ანტისემიტიზმისა და სექსიზმის”. ჰომოფობიის აღნიშნული განმარტება და ამ მოვლენის რასიზმთან, ქსენოფობიასთან, ანტისემიტიზმთან და სექსიზმთან გათანაბრება ნათლად მიგვანიშნებს, თუ რაოდენ აუცილებელია ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლა და მისი აღმოფხვრა.


ადამიანის უფლებების განვითარების კუთხით არსებული პროგრესის მიუხედავად, ჰომოფობია მთელს მსოფლიოში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრობლემად რჩება და, სამწუხაროდ, გამონაკლისს არც საქართველო წარმოადგენს. საზოგადოების მხრიდან უარყოფითი დამოკიდებულება ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი, ტრანსგენდერი და ინტერსექსუალი ადამიანების მიმართ ხშირია. ჰომოფობური გამონათქვამები თუ სხვაგვარი ქმედებები კონკრეტულ ადამიანთა ჯგუფს ხშირად შეურაცხყოფს და საზოგადოებაში სტერეოტიპების ჩამოყალიბებას უწყობს ხელს.


თანასწორობა ნებისმიერი დემოკრატიული სახელმწიფოს წამყვანი ღირებულებაა და ყველა ინსტიტუტის საქმიანობის ფუნდამენტურ პრინციპს უნდა წარმოადგენდეს. ტოლერანტული ღირებულებების განვითარება დემოკრატიული საზოგადოების ჩამოყალიბების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა, მაშინ, როდესაც ჰომოფობია სოციალურ ჯგუფთა შორის უთანხმოებასა და დაპირისპირებას იწვევს. თითოეულ ჩვენგანს მუდმივად უნდა ახსოვდეს, რომ აუცილებელია თვითგამოხატვის ფორმებისა და ადამიანის ინდივიდუალობის გამოვლინების პატივისცემა და მიღება.


მიმაჩნია, რომ საქართველოში პოლიტიკოსებისთვის, სამოქალაქო სექტორისა და მედიის წარმომადგენლებისთვის უმნიშვნელოვანესი უნდა გახდეს ტოლერანტობის კულტურის ხელშეწყობა, მათ შორის ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი, ტრანსგენდერი და ინტერსექსუალი ადამიანების უფლებებით და მათ წინაშე არსებული პრობლემებით დაინტერესება. მხოლოდ ამ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი ჩვენი სახელმწიფოსა და საზოგადოების დემოკრატიული და ლიბერალური განვითარება.


ჩვენ ყველამ ერთად უნდა მოვახერხოთ ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც თავისუფალი იქნება ნიებისმიერი სახის სიძულვილისგან და სადაც ყველა თანასწორი იქნება განურჩევლად სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობისა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი