კომენტარი

ხიდაშელი: სააკაშვილის გაჯიუტებას არგებენ ქვეყნის კონსტიტუციას

19 მაისი, 2012 •
ხიდაშელი: სააკაშვილის გაჯიუტებას არგებენ ქვეყნის კონსტიტუციას

კოალიცია “ქართული ოცნების” წევრის, “რესპუბლიკელი” თინა ხიდაშელის განცხადებით, საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით კოალიციის პოზიცია არ შეცვლილა.

“ჩვენი პოზიცია ამის შესახებ ცნობილია. ვისთან მოხდა შეთანხმება, ბოდიშს ვიხდი, გიორგი თარგამაძეს შეუთანხმდა მიშა სააკაშვილი, თუ ვინ ვის შეუთანხმდა, ჩვენ ეს პროცესი არ გვაინტერესებს. ბევრჯერ აღვნიშნეთ, რომ კატეგორიული წინააღმდეგები ვართ ერთი კაცის ხუშტურებზე კონსტიტუციის მორგების. ეს არის შემთხვევა, როდესაც მიხეილ სააკაშვილის გაჯიუტებას არგებენ ქვეყნის კონსტიტუციას. ეს არის დაუშვებელი, მიუღებელი, უკანონო. ამიტომ რა მნიშვნელობა აქვს, რას დაწერენ?!” – აღნიშნავს “ნეტგაზეთთან” საუბარში თინა ხიდაშელი.

მისივე განცხადებით, როდესაც ბოლო ტექსტს მიიღებენ, ანუ როდესაც სამი მოსმენით უყრიან კენჭს საკონსტიტუციო ცვლილებებს, მერე შეიძლება რაღაცა კომენტარის გაკეთება.

“როდესაც ასე ელვისებური სისწრაფით, საათში ერთხელ ახალ–ახალ აღმოჩენებს აკეთებენ, სასაცილოა და სამარცხვინო. მე ვურჩიე მათ, რომ ყველა პრობლემას მოიგვარებდნენ, ერთი წინადადებით რომ ეთქვათ, რომ საქართველოს კონსტიტუციით ბიძინა ივანიშვილს უფლება აქვს, მონაწილეობა მიიღოს არჩევნებში და დაიკავოს ნებისმიერი თანამდებობა და დამთავრდებოდა ეს ყველაფერი. რად უნდოდათ, ასე რომ გაირთულეს ცხოვრება და ამდენი პრობლემები შეიქმნეს?!” – აცხადებს ხიდაშელი.

კითხვაზე – ისარგებლებს თუ არა ივანიშვილი ამ საკონსტიტუციო ცვლილებებით, ხიდაშელი პასუხობს:

“ჯერ მიიღონ საბოლოო ცვლილებები, ჯერ ვნახოთ, როგორ დასრულდება მოქალაქეობის დავა და შემდეგ, წინასაარჩევნო პერიოდში ვნახავთ, რა პროცედურით და რომელი კანონმდებლობისა და წესების შესაბამისად იქნება კოალიცია “ქართული ოცნების” მიერ ეს საკითხი გადაწყვეტილი”, – აღნიშნავს კოალიცია “ქართული ოცნების” წევრი თინა ხიდაშელი.

შეგახსენებთ, დღეს, 15 მაისს საქართველოს პარლამენტმა მეორე მოსმენით მიიღო საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი, რომლითაც საქართველოს საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობისა და ხმის მიცემის უფლება ექნებათ საქართველოში დაბადებულ პირებს, რომლებიც არიან ევროკავშირის წევრი ქვეყნის მოქალაქეები და ბოლო 5 წლის განმავლობაში მუდმივად ცხოვრობენ საქართველოში. აღნიშნული პირები ამ უფლებით ისარგებლებენ 2014 წლის 1 იანვრამდე.

წარმოდგენილ ცვლილებებს მხარი დაუჭირეს “ქრისტიან-დემოკრატებმა”, რომლებიც მანამდე ალტერნატიულ პროექტს უჭერდნენ მხარს, რომლითაც საარჩევნო უფლება ენიჭებოდა საქართველოში დაბადებულ ევროკავშირის მოქალაქეებს, რომლებსაც 10 წელი მაინც უცხოვრიათ საქართველოში. გიორგი ახვლედიანის განცხადებით, მათი მხრიდან საკითხის მხარდაჭერა იყო ერთგვარი კომპრომისი.

პარლამენტი საკონსტიტუციო ცვლილებებს საბოლოოდ მესამე მოსმენით დაამტკიცებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი