კამპანია “ეს შენ გეხებას” ფარგლებში, არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების ნაწილმა, „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებების შეტანისა და საარჩევნო პერიოდში მედიაგარემოს გაჯანსაღების მიზნით, 7 მაისს საქართველოს პარლამენტში საკანონმდებლო წინადადებათა პაკეტი შეიტანა. საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ ნეტგაზეთთან ”ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს” აღმასრულებელი დირექტორი თამარ კორძაია საუბრობს.
რა ძირითადი წინადადებები შემუშავდა კამპანიის ფარგლებში?
კამპანიის ფარგლებში შემუშავდა საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები და ამ ცვლილებებთან დაკავშირებით სხვა საკანონმდებლო აქტებში შესატანი ცვლილებები, ვინაიდან სრულყოფილად იყოს გააზრებული და აღსრულებული ის ცვილებები, რომელიც შევიმუშავეთ.
ამ საკანონმდებლო ცვლილებების მიზანია, არ მოხდეს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, არ მოხდეს წინასაარჩევნოდ სოციალური რეკლამის გამოყენება, ფარული პოლიტიკური რეკლამების წარმოება, იყოს უზრუნველყოფილი დეპატები, სადაც ყველა პოლიტიკური ძალა დაბალანსებულად იქნება წარმოჩენილი ა.შ.
ეს ცვლილებები მთლიანად ორიენტირებულია ამომრჩევლის ინტერესების დაცვაზე საარჩევნო პერიოდში, რომ საქართველოს მოქალაქეებს მიეცეთ ინფორმირებული არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა.
მაგალითად, საარჩევნო კოდექსში შედის ცვლილება, რომელიც ითვალისწინებს შემაჯამებელ ოქმებში ერთი პუნქტის დაბრუნებას.
არჩევნების დღეს ხმის დათვლის პროცედურის დახვეწა – პროექტის მიხედვით, საუბნო საარჩევნო კომისიებში საარჩევნო ყუთების გახსნამდე უნდა მოხდეს კენჭისყრაში მონაწილე ამომრჩეველთა რიცხვის დოკუმენტურად დაფიქსირება შემაჯამებელ ოქმში. ეს საუბნო საარჩევნო კომისიებს აღარ მისცემს საშუალებას, უბანზე არჩევნების შედეგების გარკევევის შემდეგ შეცვალონ მოსულ ამომრჩეველთა რაოდენობა. ცვლილება, საარჩევნო ადმინისტრაციისთვის არასასურველი შედეგების დაფიქსირების შემთხვევაში, ოქმების გადაკეთების შესაძლებლობას გაართულებს. უფრო მკაფიოდ გაიწერა საოლქო კომისიაში არჩევნების შედეგების შეჯამების მექანიზმები.
ჩვენ ვთვლით, რომ პრინციპულად მნიშვნელოვანია, გადამოწმების მექანიზმი არსებობდეს, რამდენად სწორად აისახა საარჩევნო ყუთში ამომრჩევლის ნება.
გარდა ამისა, უზრუნველყოფილი უნდა იყოს ცენტრალური საარჩევნო კომისიისა და საოლქო საარჩევნო კომისიების სხდომის ოქმების გამჭვირვალობა. ზოგადად, სხდომაზე დასწრების უფლება აქვს ნებისმიერ პირს, მაგრამ ბუნებრივია, რომ ეს თანამედროვე რეალობაში საკმარისი არ არის და ამიტომ ჩვენი ინიციატივით უნდა მოხდეს საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა – წინასაარჩევნო პერიოდში ცესკოსა და საოლქო საარჩევნო კომისიების სხდომების პირდაპირი ინტერნეტ-ტრანსლირება. ნებისმიერს უნდა შეეძლოს ამ პროცესებზე დაკვირვება, იგივე საჩივრების განხილვის პროცესზე და ა.შ.
ამ ცვლილებებში ჩვენ ვითვალისწინებთ ასევე მედიაგარემოს გაუმჯობესებას და მაუწყებელთა თანაბარ მდგომარეობაში ჩაყენებას.
თუ მაუწყებელი განათავსებს ფასიან პოლიტიკურ რეკლამას, მას ავტომატურად ექნება უფლება, განათავსოს უფასო პოლიტიკური რეკლამაც. შესაბამისად, ამ მხრივ რთულ სიტუაციაში აღმოჩნდნენ რეგიონული მაუწყებლები, სადაც უფასო პოლიტიკური რეკლამის პარალელურად, არ მიჰქონდათ ფასიანი პოლიტიკური რეკლამები, რომლითაც
ძირითადად ნაციონალური მაუწყებლები სარგებლობენ.
ჩვენ მიერ შემუშავებული წინადადების შესაბამისად, ის ტელევიზიები, რომლებიც განათავსებენ უფასო პოლიტიკურ რეკლამას, უნდა მიეცეთ კომპენსაცია სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
მაგალითად, ეროვნულ მაუწყებლებს განთავსებული პოლიტიკური რეკლამის 50 %, ხოლო რეგიონულ მაუწყებლებს, რომლებიც ფინანსურად უფრო მძიმე მდგომარეობაში არიან, უფასო პოლიტიკური რეკლამები 100 %– ით უნდა აუნაზღაურდეს.
გარდა ამისა, ფასიანი პოლიტიკური რეკლამის საშუალო ღირებულება დადგენილია და ის 3-4 –ჯერ აღემატება ჩვეულებრივი კომერციული რეკლამის ფასს. ეს ფასი შეიძლება საარჩევნო პერიოდში გაიზარდოს, მაგრამ არა ამდენად.
აღნიშნულ ცვლილებებთან დაკავშირებით თქვენ უკვე შეხვდით პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს, პავლე კუბლაშვილს. რას ითვალისწინებდა ეს შეხვედრა და თუ განიხილეთ თქვენ მიერ შემუშვებული წინადადებები?
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს გავაცანით ის ძირითადი პრინციპები, რასაც ეს პაკეტი ითვალისიწინებს. მან თქვა, რომ ის შეისწავლის ამ პაკეტს და ამისთვის მოითხოვა ერთკვირიანი ვადა, რის შემდეგაც, მისი თქმით, დავსხდებით და გავივლით თითოეულ ცვლილებას.
ფიქრობთ თუ არა, რომ უმრავლესობა თქვენ მიერ შემუშავებული წინადადებებიდან რომელიმეს სიფრთხილით მოეკიდება და არ განიხილავს, თუ ხედავთ ამ მხრივ რაიმე რისკებს?
ჩვენ ასეთ შეფასებებს ვერ გავაკეთებთ. ვფიქრობთ, ყველა ეს ცვლილება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებისთვის და ნებისმიერი სახელმწიფოს ინტერესებშია საარჩევნო გარემოს გაუმჯობესება.





