“ჟურნალისტების მიმართ ძალადობის ფაქტების მოხშირება ძალზე საშიშ ტენდენციებს იძენს, იზრდება საფრთხე იმისა, რომ წინასაარჩევნო პერიოდში კიდევ უფრო გაძლიერდეს მათ მიმართ ძალადობის, შანტაჟისა და ცემის ფაქტები”, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც “საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია” ავრცელებს.
ქარტია ეხმაურება დღეს დილით ზუგდიდში მომხდარ ფაქტს, როდესაც “ნეტგაზეთისა” და “ლაივპრესის” რეპორტიორებს –ოთარ დალაქიშვილსა და თამარ ზანთარაიას ვიდეოკამერები წაართვეს და გადაღებული მასალების განადგურების შემდეგ დაუბრუნეს.
რეპორტიორები ზუგდიდის პროკურატურასთან ბომბის შესაძლო არსებობის შესახებ ინფორმაციის გადამოწმების მიზნით მუშაობდნენ, თუმცა მათ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულმა უცნობმა ადამიანებმა მუშაობის საშუალება არ მისცეს.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია გმობს საგამოძიებო ორგანოების მხრიდან ჟურნალისტებზე ძალადობის ფაქტების რეაგირების გარეშე დატოვებას.
ქარტიამ ასევე დაგმო ქუთაისსა და ფოთში ჟურნალისტების მიმართ საჯარო მოხელეების მიერ განხორციელებული ძალადობის ფაქტები.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მიიჩნევს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს გამოძიება მომხდარ ფაქტებზე და კიდევ ერთხელ მოუწოდებს, გააკეთოს საჯარო განცხადება გამოძიების მიმდინარეობის შესახებ.
ამავე თემაზე:
ჟურნალისტებს ზუგდიდში კამერები წაართვეს
ქარტია დაუშვებლად მიიჩნევს ხელისუფლების მხრიდან ჟურნალისტებზე ძალადობას
”პრეზიდენტის დაცვის წევრებმა tspress.ge-ს ჟურნალისტს კამერა და ჩანთა წაართვეს”
მერაბიშვილთან დახურული შეხვედრის დროს ჟურნალისტი ცემეს