
ლიბერალიზმი. ამ სიტყვის მნიშნელობის შესახებ ინფორმაციის მოპოვება იოლია. ალბათ ვიკიპედიაში ამ ცნებასაც მისი კუთვნილი, რამოდენიმე ათეული კილობაიტი უკავია. ლიბერალიზმს, კლასიკურის გარდა, მრავალი ალტერნატიული განმარტებაც აქვს. მოკლედ ვიტყვი, მე როგორ მესმის ეს ცნება: ადამიანის ნებისმიერი სახით დისკრიმინაციის უარყოფა. საერთაშორსო სამართალი და საქართველოს კონსტიტუცია ყოველ მოქალაქეს თანაბარ უფლებებს გვანიჭებს_ კანონის წინაშე ყველა თანასწორნი ვართ. მაგრამ თანასწორობა ცხოვრებაში რომ განხორციელდეს, მხოლოდ უფლება საკმარისი არ არის, უფლების გამოყენების შესაძლებლობა უნდა გვქონდეს. უფლება და შესაძლებლობა_ამ ორი მოვლენის ერთობლიობის გარეშე თანასწრობის უზრუნველყოფა შეუძლებელია. სწორედ შესაძლებლობის საკითხია რეალურ ცხოვრებაში გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე, მის გარეშე ქაღალდზე დეკლარირებული თანასწორუფლებიანობა ვერ განხორციელდება.
სირთულე იმაში მდგომარეობს, რომ ადამიანები არათანაბარნი იბადებიან. თანდაყოლილი ფაქტორი_ გონებრივი, ფიზიკური და სხვა შესაძლებლობები განსხვავებული აქვთ. თანდაყოლილ ფაქტორს შეძენილი ფაქტორები_განსხვავებულ ეკონომიკურ, სოციალურ, ქონებრივ შესაძლებლობების ოჯახებში ცხოვრება ემატება. ერთი სიტყვით, ბუნება და გარემო თანასწორობის საწინააღმდეგო ფაქტორებია, მაგრამ კაცობრიობამ შექმნა ცივილიზაცია იმისთვის, რომ ამ მოცემულობას გაუმკლავდეს.
შესაძლებლობების ცნებასთან განსხვავებულმა დამოკიდებულებამ ლიბერალური პოლიტიკური აზრი ორ ნაწილად_მემარჯვენე და მემარცხენე ფრთად დაყო.
მემარცხენე ხედვით, თანასწორობა მთავარი საზოგადოებრივი სიკეთეა და მის მისაღწევად მხოლოდ თანაბარი უფლებები არ კმარა_საზოგადოება ვალდებულია ყველასთვის თანაბარი სოციალური პირობები შექმნას. სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული განათლება და ჯანდაცვა ამ მიზანს ემსახურება. ამით ღარიბ ოჯახში დაბადებული ბავშვი მის მდიდარ თანატოლს შესაძლებლობებში უთანაბრდება და მას თანდაყოლილი ნიჭის და უნარის გამოვლენის შანსი ეძლევა.
მემარჯვენე ხედვით სახელმწიფომ მოქალაქისთვის მხოლოდ უფლებრივი თანასწორობა უნდა უზუნველყოს. შესაძლებლობებზე ზრუნვა თავად მოქალაქის საქმეა. განათლება, ჯანდაცვა და სხვა მომსახურება მოქალაქემ თვითონ უნდა მოიპოვოს. მემარჯვენეობა მეტ აქცენტს თავისუფალ კონკურენციაზე აკეთებს და მოქალაქეს კანონით მოწესრიგებულ, სამართლიან შეჯიბრში მონაწილეობის შანსს აძლევს.
მარტივად რომ ჩამოვაყალიბოთ, მემარჯვენე ხედვით ადამიანებმა საზოგადოებაში მათი კუთვნილი ადგილი თანდაყოლილი ფაქტორების_ნიჭის და უნარის შესაბამისად უნდა დაიკავონ. კონკურენცია სამართლიანია, თუ ზემოთ ნახსენები თანდაყოლილი ფაქტორები კონკურირებენ. მემარცხენეობა კი, თანდაყოლილი ფაქტორების გარდა, შეძენილ ფაქტორებს_ ოჯახს, მშობლებს და გარემოს ითვალისწინებს. შეძენილი ფაქტორებით წარმოშობილი უთანასწორობა უნდა აღმოიფხვრას, რომ ადამიანებს თანდაყოლილი ნიჭის გამოვნენის თანაბარი შანსი მიეცეთ .
უფლებებსა და შესაძლებლობებთან დაკავშირებით ერთი პრინციპული, ფილოსოფიული საკითხი დგება: არის თუ არა თანასწორობა (არ აგვერიოს თანასწორუფლებიანობაში) სიკეთე? ვინც მეტს შრომობს, მეტს მეცადინეობს და უფრო მოწადინებულია, რატომ უნდა იყოს უქნარასთან თანასწორი? ვინც მეტს ქმნის, მეტიც უნდა მიიღოს. გამოდის, რომ თანასწორობა სიკეთე არ არის_პირიქით, უსამართლობაა. მაგრამ რა დააშავა ნიჭიერმა ბავშვმა, რომელსაც არ გაუმართლა და არაკეთილსაიმედო ოჯახში დაიბადა, მისი მშობლები არ შრომობენ და მთელ დროს სპირტიანი სასმელების სმაში ატარებენ? რატომ არ უნდა მისცეს სახელმწიფომ ასეთ ბავშვს უფასო განათლება, კვება, ჯანდაცვა, რომ ნიჭის გამოვლენა შესძლოს? ამგვარად, მემარჯვენე და მემარცხენე ხედვებს თავისი ნაკლი და ღირსებები გააჩნიათ. აქ მთავარი ბალანსის დაცვა და ზომიერებაა. სახელმწიფოს ზრუნვამ ადამიანები უქნარობას არ უნდა მიაჩვიოს. მეორე მხრივ, მკაცრმა და ტოტალურმა კონკურენციამ სუსტი არ უნდა დაჩაგროს.
მემარცხენე და მემარჯვენე ხედვებს, სოციო-ეკონომიკური საკითხების გარდა, ეთიკასა და მორალთან დამოკიდებულებაც განასხვავებთ. განსხვავებულია მათი დამოკიდებულება შემოქმედებით, თვითგამოხატვის, მრწამსობრივ, სექსუალურ, სიტყვის თავისუფლებებთან. ჩვენს საზოგადოებაში ლიბერალიზმის მიმართ პრეტენზიები სწორედ ეთიკური საკითების ირგვლივ გამოითქმება ხოლმე.
ლიბერალიზმი პოლიტიკური იდეოლოგიაა, მაგრამ მისი მიზანი დეიდეოლოგიზირებული საზოგადოების შექმნაა. მას სხვა პოლიტიკური იდეოლოგიებისგან განსხვავებით მისია, გეზი და საბოლოო მიზანი არ აქვს. ლიბერალიზმის მიზანი საზოგადოებისა და ცალკე ადამიანისთვის უსაფრთხო ცხოვრების უზრუნველყოფაა.
სხვადასხვა იდეოლოგიებით შეიარაღებული, განსხვავებული საზოგდოებრივი ჯგუფები ერთმანეთზე გაბატონებას და საკუთარი მრწამსის მთელ საზოგადოებაზე თავს მოხვევას ცდილობენ. ამას დაპირისპირებები და სამოქალაქო ომები მოსდევს. გამარჯვებული რეპრესიებს მიმართავს, დამარცხებული კი რევანშისთვის ემზადება. დაპირისპირებათა ციკლების გადატანის შემდეგ მოქიშპე მხარეები საბოლოო გამარჯვების უპერსპექტივობაში რწმუნდებიან და საზოგადოება ხვდება, რომ ასეთი დაპირისპირება ყველასთვის საზიანოა. ამგვარად, საზოგადოების განსხვავებული ჯგუფები მშვიდობიანი თანაარსებობის აზრამდე მიდიან. დღის წესრიგში საერთო ‘’თამაშის წესების’’ შემოღება დგება. იდეოლოგია, ეთიკური შეხედულებები, მრწამსი თავისუფალი არჩევანის საგანი ხდება და პირად სივრცეში გადადის.. საერთო-საჯარო სივრცე კი ნეტირალური და დეიდეოლოგიზირებულია, რომ ცხოვრება და მოქმედება ყველასთვის მოსახერხებელი იყოს. საგანმანათლებლო, საინფორმაციო, ადმინისტრაციულ სფეროს იდეოლოგია ცილდება. მასების დარაზმვისა და “ერთადერთ ჭეშმარიტ’’ გზაზე გაძღოლის ნაცვლად ეს ინსტიტუტები მომსახურების ფუნქციას კისრულობენ. ჭეშმარიტება ერთის ნაცვლად მრავალია, პიროვნებას არჩევანის თავისუფლება აქვს და საზოგადოება მოქალაქეს მათ პატივისცემას და მათდამი ტოლერანტულ დამოკიდეულაბას აჩვევს_ასეთია ლიბერალიზმის განვლილი გზა უახლეს ისტორიაში.
ადგილობრივი თავისებურებების გათვალისწინებით, ჩვენთანაც მსავსი პროცესები მიმდინარეობს. ჯერჯერობით, კონსერვატულ უმრავლესობასა და მოდერნისტულ უმცირესობას შორის რაოდენობრივი შეფარდება პროცესების სასიკეთოდ განვითარეისთვის საკმარისი არ არის. უმრავლესობა ჯერ საერთო ‘’თამაშის წესებზე ‘’ შეთანხმების აუცილებლობას ვერ ხედავს, მას ნულოვანი გამარჯვების იმედი აქვს და ‘’ან ყველაფერი, ან არაფერის’’ პრინციპით მოქმედებს. ამგვრ მოლოდინებს უპასუხისმგებლო ელიტა (პოლიტიკური, საეკლესიო და ე. წ. ელიტური ინტელიგენცია) ქმნის. სინამდვილეში, თითქმის ნებისმიერი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა კონსერვატიულია, მაგრამ იქაური ინტელექტუალური ელიტა (მცირე გამონაკლისების გარდა) პოპულიზმისგან თავს იკავებს.
დღეს მომქმედი კონსტიტუცის შინაარსობრივ შეცვლაზე ჯერ ხელი არავის აუწევია, მაგრამ ფრაგმენტულ ცვლილებებზე საუბარი ხშირია. ბევრისთვის დღევანდელი კონსტიტუცია და საგარეო პოლიტიკური კურსი დროებითი გაუგებრობაა და ქვეყანა მალე ჩვეულ-‘’ქართულ’’ კალაპოტს დაუბრუნდება.
მაგრამ ქვეყნის შიდა წყობის შეცვლა, ლიბერალურ-დემოკრატიაზე უარის თქმა, დასავლეთთან დაცილების და რუსეთის ნაწილად გახდომის საწინდარია_ამის გათვალისწინება ყველას მოუწევს.
სამწუხაროდ, ქართული საზოგადოების მიერ ხელისუფლების მიმართ წაყენებული პრეტენზიები არ ეხება კანონის წინაშე თანასწორობას, თანაბარი შესაძლებლობების შექმნას, სოციალური ლიფტების არქონას, ვერტიკალურ მობილურობას და სხვა თანამედროვე საზოგადოებისთვის უმნიშვნელოვანეს საკითხებს. საზოგადოებას ეროვნულობის დაკარგვის, გადაგვარების, გადაჯიშების, მრწამსის წართმევის და სხვა ირაციონალური თემები უფრო აღელვებს. უფრო სწორად, ეს უპასუხისმგებლო ელიტა აღელვებინებს. საზოგადოებიდან მოდერნიზაციაზე მოთხოვნა არ არის, მაგრამ მოდერნიზაციის ნაყოფები_ კომფორტი და კეთილდღეობა ყველას სურს. ეს პრინციპებსა და სურვილებს შორის ცდომილება, განვითარების შეფერხების ერთ-ერთი მთავარი მიზეზია.
თუმცა სხვა მიზეზიც არსებობს. დეკლარირებულია, რომ ლიბერალურ-დემოკრატიას ვაშენებთ. საქმე და სიტყვა კი ხშირად ერთმანეთს არ ემთხევა. მემარჯვენე ეკონომიკური კურსის ( ბაზარზე მინიმალური შეზღუდვები და რეგულაციები) გვერდით კარტელური გარიგებები, ეკონომიკის რიგ სექტორებში მონოპოლიები და ფასების ხელოვნური დადგენა გვაქვს. კონკურენტული გარემო და კარიერის შექმნისთვის ხსნილი გზა ეპიზოდური მოვლენაა. სინამდვილეში, არაფორმალური კავშირები ბევრს წყვეტს. ამის ‘’კარგი’’ მაგალითი სტუდკავშირებია, სადაც ახალგაზრდები პროფესიონალური მლიქვნელობის სკოლას გადიან და შემდეგ სახელმწიფო სამსახურში მაღალ თანამდებობებზე ინიშნებიან. თუმცა, ამავე დროს, იგივე უმღლეს სასწავლელებში მისაღები გამოცდები მართლაც სამართლიანად არის მოწყობილი. გვაქვს საპატრულო პოლიცია, გამჭვირვალე შენობები, მაგრამ მათ მანიპულირებადი ექსპერტიზა და კონიუნქტურაზე დამოკიდებული სასამართლო სისტემა ჩრდილს აყენებს. გვაქვს ნაირ–ნაირი ტელევიზიები, რომელთაგანაც ნაწილი ხელისუფლებას ემსახურება, ნაწილი ემტერება და არ არსებობს ნამდვილი საზოგადოებრივი ტელევიზია, რომელიც სამოქალაქო საზოგადოების შექმნაზე იმუშავებს.
სხვა მსგავსი მაგალითების ჩამოთვლაც შეიძლება, დასკვნა კი ერთია: ქვეყანა ორმაგი მორალით, ორმაგი სტანდარტებით ცხოვრობს. სამწუხაროდ, ეს საბჭოთა ტრადიცია ისევ გრძელდება. ხელისუფლებას თავის სამართლებელი აქვს_ საზოგადოება არქაიზაციისკენ არის მოდრეკილი და მოდერნიზაციაზე მოთხოვნა არ არისო. მაგრამ ხელისუფლება ამ მოთხოვნას თვითონ უნდა ქმნიდეს. სახელმწიფოს შენარჩუნების და თანამედროვე ერად ქცევის სხვა გზა ბუნებაში არ არსებობს.