კომენტარი

რეგიონული დამოუკიდებელი გაზეთის P.S.-ის სპეციალური განცხადება

4 მაისი, 2012 •
რეგიონული დამოუკიდებელი გაზეთის P.S.-ის სპეციალური განცხადება

3 მაისს ქუთაისში მომხდარი ინციდენტის შემდეგ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს ქუთაისში გამომავალი გაზეთი P.S. , რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: 

 

3 მაისი, პრესის თავისუფლების მსოფლიო დღე, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა  რეგიონის ჟურნალისტების ტერორით, მათი მუშაობის შეზღუდვებითა და ქუთაისში მოქმედი დამოუკიდებელი რეგიონული გაზეთის,  „პოსტსკრიპტუმის“ ჟურნალისტის, ირაკლი ვაჩიბერაძის ფიზიკური ანგარიშსწორებით აღნიშნეს. სამწუხაროდ, „მეორე დედაქალაქად“ წოდებულ ქალაქ ქუთაისში თავისუფალი მედია კიდევ  ერთხელ  ცემეს და  მის გაჩუმებას შეეცადნენ.

…თუმცა სასურველ შედეგს ვერ მიაღწიეს, რადგანაც ამ ფაქტმა ქუთაისელ ჟურნალისტებში უფრო მეტი სოლიდარულობა და ერთ მუშტად  შეკვრა გამოიწვია. ამის დასტური გახლდათ სწორედ ის მდუმარე აქცია, რომელიც ადგილობრივმა ჟურნალისტებმა იმავე დღეს ქუთაისის შუაგულში, ახალგახსნილი შადრევნის ირგვლივ სოლიდარული ჯაჭვის შეკვრითა და საპროტესტო სლოგანით გამოხატეს „გაერთიანებული მედია ძალადობის წინააღმდეგ!“’

ჩვენს ერთიანობას კიდევ უფრო აძლიერებდა ის ფაქტი, რომ  ქუთაისელ ჟურნალისტთა აქციას საქართველოში არსებულმა ფაქტობრივად ყველა, ცენტრალურმა თუ რეგიონულმა  დამოუკიდებელმა მედიამ სოლიდარობა გამოუცხადა. მადლობა მათ ამ მხარდაჭერისათვის, რადგანაც ჩვენი სიძლიერე მხოლოდ და მხოლოდ სოლიდარობაშია!

 ჯერ იყო და, 2 მაისს, ქუთაისობის დღესასწაულზე ჩამოსული პრეზიდენტის სიტყვის მოსასმენად მისულ რეგიონულ მედიას თეატრში შესვლის უფლება არ მისცეს, მერე „პოსტსკრიპტუმის“ ჟურნალისტს, ირაკლი ვაჩიბერააძეს ვიდეოკამერა წაართვეს და გადაღებული მასალა სრულად წაუშალეს, თან  სიტყვიერი  და ფიზიკური შეურაცხყოფაც  მიაყენეს, ხოლო 3 მაისს  შს მინისტრისა და ნაციონალების აქტივისტების შეხვედრაზე  კვლავ დაუპატიჟებლად მისულ ჟურნალისტს წიხლებითა და მუჯლუგუნებით ისე გაუმასპინძლდნენ, თითქოს ტერორისტი დაეჭიროთ.

და მაინც, ბატონო პრეზიდენტო, ბატონო შინაგან საქმეთა მინისტრო,  რა „საიდუმლო სერობა“ იგეგმებოდა ნაციონალური მოძრაობის აქტივისტებთან ისეთი, რომ აუცილებელი გახდა ჟურნალისტის ცემა და დიქტოფონისა და ფოტოკამერის წართმევა? …

სამწუხაროდ, საქართველოში და განსაკუთრებით რეგიონებში ხომ კარგა ხანია, აღარ არის პირველი შემთხვევა, როდესაც პრეზიდენტის ან მინისტრის დაცვის წევრი ჟურნალისტს ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებს და ხელს უშლის პროფესიული საქმიანობის შესრულებაში (რაც სისხლის სამართლის დანაშაულია მოქმედი კანონმდებლობით), თუმცა დღემდე არც ერთი შემთხვევა სათანადოდ

არ გამოძიებულა და დამნაშავე არ დასჯილა, რაც , რბილად რომ ვთქვათ, იმის საფუძველს იძლევა,  ვიფიქროთ, რომ ხელისუფლების უმაღლესი პირები, იწონებენ რა თავს ქართული დემოკრატიით, პარალელურად, ახალისებენ ჟურნალისტების ფიზიკურ შეურაცხყოფას და ირიბად ზღუდავენ ადამიანის ერთ–ერთ ძირითად და ფუნდამენტურ უფლებას – გამოხატვის თავისუფლებას .

ფაქტია ისიც, რომ ხელისუფლების მაღალი თუ დაბალი რანგის ჩინოვნიკებისაგან ჟურნალისტების შეზღუდვები განსაკუთრებით მას შემდეგ გამძაფრდა,  რაც პოლიტიკურ არენაზე პრეზიდენტისთვის არასასურველი მოწინააღმდეგე გამოჩნდა. როგორც ჩანს, მართლაც ისე შეიცვალა პოლიტიკური სიტუაცია, რომ მმართველი პოლიტიკური ძალა უკვე ყველაფერზე მიდის, რათა რეგიონშიც კი არ დაუშვას დამოუკიდებელი ჟურნალისტიკა, რათა მკითხველმა არ მიიღოს ობიექტური ინფორმაცია საკუთარი ხელისუფლების საქმიანობის შესახებ.

ამის თქმის უფლებას ისიც გვაძლევს, რომ ეს არ არის გაზეთ „პოსტსკრიპტუმის“ ჟურნალისტებისთვის მუშაობის შეზღუდვის,  ზეწოლისა თუ მუქარის ფაქტის პირველი შემთხვევა. მაგალითად, იმის გამო, რომ „პოსტსკრიპტუმის“ ჟურნალისტმა ნოდარ ჯოჯუამ გააშუქა ახალი წლის დღეებში იმერეთის გუბერნატორსა  და საჩხერლებს შორის რესტორანში მომხდარი დაპირისპირება და ცემის ფაქტი, ხელისუფლებიდან დაიწყო ზეწოლა და მუქარა ნოდარ ჯოჯუას ოჯახის წევრებზე. ამ საკითხის შესწავლა სახალხო დამცველის მიერაც მოხდა.

2 და 3 მაისს მომხდარ ჟურნალისტის ცემის ფაქტებსაც სახალხო დამცველის აპარატი იკვლევს. თუმცა, სამწუხაროდ,  ამ ქვეყანაში ჯერჯერობით  სახალხო დამცველის  არც ერთი რეკომენდაცია ხელისუფლებას არ გაუთვალისწინებია… რაც კიდევ და კიდევ იმაზე მეტყველებს, რომ ჩვენს ქვეყანაში  ჯერჯერობით ვირტუალური დემოკრატიაა და წინ კიდევ დიდი ბრძოლა გვაქვს გადასატანი ნამდვილი დემოკრატიის მოსაპოვებლად. ის, რომ მედიის მდგომარეობა საქართველოში არ შეესაბამება ჩვენი პოლიტიკური ხელისუფლების მიერ დეკლარირებულ დემოკრატიულ კრიტერიუმებს, ეს ყველაზე ნათლად ჩანს საერთაშორისო ორგანიზაცია, ფონდ  IREX–ის მიერ ამ ცოტა ხნის წინ  გამოქვეყნებულ ანგარიშში  „მედიის მდგრადობის ინდექსი 2012.“   ანგარიშის მიხედვით, საქართველო „არამდგრადი შერეული სისტემის“ კრიტერიუმებს აკმაყოფილებს  და ის მედიის მდგრადობის ინდექსით კავკასიის რეგიონში ბოლო ადგილზეა.

ეს  იმ მედიაგარემოს დამსახურებაა, რაც ხელისუფლების პოლიტიკური ნებით არის შექმნილი საქართველოში.“ 

გაზეთი „პოსტსკრიპტუმი“,  ყველა დამოუკიდებელი ჟურნალისტის სახელით, კიდევ ერთხელ მიმართავს და მოუწოდებს ხელისუფლებას, რომ შეწყვიტოს მედიაზე ზეწოლა და მისცეს საშუალება ჟურნალისტებს, შეასრულონ პროფესიული მოვალეობები.

ამავე დროს , მივმართავთ საერთაშორისო ორგანიზაციებსა და საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსებს, რათა მათთვის კიდევ უფრო თვალნათელი გახდეს ის პრობლემა, რომ  დამოუკიდებელი  მედიის  ჟურნალისტობა  თანდათან სიცოცხლისათვის საშიში პროფესია ხდება და  მათი თანადგომის გაძლიერებაზე ბევრადაა დამოკიდებული თავისუფალი პრესის გადარჩენა რეგიონებში. გაზეთი „პოსტსკრიპტუმი“ სიამაყით აცხადებს , რომ ჩვენ არ ვართ სუსტები და ვიქნებით სოლიდარულები, რათა ერთიანი ძალით გავუძლოთ თავისუფალ მედიაზე პოლიტიკური ხელისუფლების შეტევას და მივაწოდოთ მოქალაქეებს ობიექტური  ინფორმაცია, რათა მათ საარჩევნო ყუთთან გააკეთონ ინფორმირებული და თავისუფალი არჩევანი!

პატივისცემით,
ნატო გუბელაძე
გაზეთ „პოსტსკრიპტუმის“ დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი
04.05.2012წ

მასალების გადაბეჭდვის წესი