კომენტარი

ქარტია დაუშვებლად მიიჩნევს ხელისუფლების მხრიდან ჟურნალისტებზე ძალადობას

4 მაისი, 2012 •
ქარტია დაუშვებლად მიიჩნევს ხელისუფლების მხრიდან ჟურნალისტებზე ძალადობას

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ფოთსა და ქუთაისში ჟურნალისტების მიმართ განხორციელებულ ქმედებებზე სამართლებრივ რეაგირებას მოითხოვს.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია დაუშვებლად მიიჩნევს ჟურნალისტების მიმართ ნებისმიერი სახის ძალადობის განხორციელების ფაქტს.

“განსაკუთრებით აღმაშფოთებელია 3 მაისს, პრესის თავისუფლების დაცვის საერთაშორისო დღეს, ქუთაისსა და ფოთში ჟურნალისტებისათვის ინფორმაციის დაუბრკოლებლად მიღების უფლების შეზღუდვა”, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო ავრცელებს.

ქარტიის საბჭო მიიჩნევს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს გამოძიება ქუთაისში გაზეთ “P.S”-ის ჟურნალისტ ირაკლი ვაჩიბერაძის ცემისა და ჟურნალისტური საქმიანობის ხელისშეშლის ფაქტზე, ასევე, რეაგირება მოახდინოს TS PRESS-ის ჟურნალისტის, იზა სალაყაიასათვის ვიდეო კამერისა და ჩანთის წართმევის ფაქტზე

“ქარტია დაუშვებლად მიიჩნევს უკანასკნელ პერიოდში ჟურნალისტების მიმართ ხელისუფლების წარმომადგენელთა მხრიდან ძალადობის ფაქტების მატებას. მსგავს ფაქტებზე საგამოძიებო ორგანოების მხრიდან არასათანადო რეაგირება წარმოადგენს ერთგვარ “წახალისებას” ჟურნალისტების უფლებების შეზღუდვისათვის. დაუსჯელობის სინდრომის დამკვიდრება მხოლოდ და მხოლოდ გააუარესებს მედია სფეროში არსებულ ვითარებას.” 

ქარტია კატეგორიულად მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომ დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება მომხდარ ფაქტებზე და საზოგადოებას კანონით დადგენილ ფარგლებში მიაწოდოს ინფორმაცია გატარებული ღონისძიებების შესახებ.

მასალების გადაბეჭდვის წესი