კომენტარი

რწმენა და გენდერული თანასწორობა

30 აპრილი, 2012 • 2199
რწმენა და გენდერული თანასწორობა

არის თუ არა პატრიარქის 29 აპრილის ქადაგება ოჯახში თანასწორობის შესახებ გენდერული ნიშნით დისკრიმინაციისკენ მიმართული?

ქალთა ფონდისა და მეხსიერების ცენტრი “ტასოს” გენერალური დირექტორი მარინა თაბუკაშვილი ამბობს, რომ ეს ქადაგება არ არის მოწოდება გენდერული უთანასწორობიკენ, თუმცა წარმოთქმულია ისეთი ადამიანის მიერ, ვისაც გენდერული მგრძნობელობა არ აქვს.

“საღვთო წერილი ამბობს, რომ ოჯახის მეთაური არის ქმარი. ოჯახი – ეს არის ერთი სხეული და არ შეიძლება, რომ ერთ სხეულზე იყოს ორი თავი. ეს შეუძლებელია,” – განაცხადა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა 29 აპრილს, საკვირაო ქადაგებისას.

მარინა თაბუკაშვილი
მარინა თაბუკაშვილი

მისივე თქმით, სასურველი იქნებოდა, პატრიარქი ამ განცხადებამდე გენდერის საკითხებზე მომუშავე ადამიანებს გასაუბრებოდა, რომლებიც შეძლებდნენ  სხვანაირად ეჩვენებინათ მისთვის გენდერული უთანასწორობის  პრობლემა. მარინა თაბუკაშვილი ამბობს, რომ რწმენა და გენდერული თანასწორობა ერთმანეთს ხელს არ უშლის და პირიქით, სიყვარულით და სათნოებით აძლიერებენ ერთმანეთს.

ქალის უფლებების დამცველი ნინო ციხისთავი ამბობს, რომ “უწმინდესი არის ის ადამიანი, ვინც ყველანაირ თანასწორობაზე, ცხოვრებისეულ საკითხებზე და ოჯახისეულ პრობლემებზე ყველაზე მეტად, ჩვენზე მეტად შეწუხებულია, მზრუნველია, ამიტომაც მისი ყველა სიტყვა, ყველა მოქმედება ერის გაჯანსაღებისკენაა მიმართული. ჩემი მთავარი ინტერესი ამ შემთხვევაში ის არის, რომ სახელმწიფომ შეასრულს ის მოვალეობა, რომელიც გენდერის დაცვის კუთხით მას აკისრია”.

გალინა პეტრიაშვილი
გალინა პეტრიაშვილი

გალინა პეტრიაშვილი, ჟურნალისტთა ასოციაცია “გენდერმედიაკავკასიის” ხელმძღვანელი, ამბობს, რომ პატრიარქის განცხადება იმ ტრადიციებიდან და ნორმებიდან გამომდინარეობდა, რაც ღირებულია მართლმადიდებლური ეკლესიისათვის:

“თუმცა ეს ქადაგება არ უნდა იყოს მოწოდება სახელმწიფოსთვის და სამოქალაქო ინსტიტუტებისთვის. სახელმწიფიმ უნდა უზრუნველყოს გენდერული თანასწორობა, როგორც სახელმწიფო სტრუქტურებში, ასევე – ოჯახში. ოჯახის შიგნითაც ქალებს უნდა ჰქონდეთ თანაბარი უფლებები, მიუხედავად იმისა, თუ რას ამბობს ამ საკითხზე ეკლესია”, – აცხადებს გალინა პატრიაშვილი.

ამავე თემაზე:

გამოკითხვა პატრიარქის ქადაგებაზე გენდერული თანასწორობის წინააღმდეგ [Video]

პატრიარქი გენდერული თანასწორობის წინააღმდეგ

მასალების გადაბეჭდვის წესი