კომენტარი

MDF: “100 გრადუსი ცელსიუსით” დაირღვა მაუწყებელთა ქცევის კოდექსი

25 აპრილი, 2012 •
MDF: “100 გრადუსი ცელსიუსით” დაირღვა მაუწყებელთა ქცევის კოდექსი

“მედიის განვითარების ფონდი” (MDF) მიიჩნევს, რომ ტელეკომპანია “იმედის” ეთერში 20 აპრილს გასული გადაცემა „1000C” არ უნდა დარჩეს მედია-ეთიკაზე მომუშავე ორგანიზაციათა და უფლებადამცველთა რეაგირების გარეშე.

ორგანიზაცია ასევე მოუწოდებს გადაცემის შედეგად უშუალოდ დაზარალებულ მხარეს – არასრულწლოვნებს, მათ მშობლებს და/ან კონკრეტული სუბკულტურული ჯგუფების წარმომადგენლებს, გაასაჩივრონ გადაცემის მიერ მათი უფლებებისა და მაუწყებელთა ქცევის კოდექსის დარღვევა, რადგან საქართველოს მაუწყებელთა ქცევის კოდექსი საკითხის გასაჩივრებას ითვალისწინებს მხოლოდ „დაინტერესებული პირის“ მიერ, რის გამოც საჩივრების განმხილველი კომისიების მიერ არასამთავრობო ორგანიზაციები „არასათანადო მომჩივანებად“ განიხილებიან.

„მედიის განვითარების ფონდის“ აზრით, გარდა პროფესიონალური პრობლემებისა (ზედაპირულობა, განსახილველ თემატიკაზე ინფორმაციისა და განათლების სიმცირე, დაუბალანსებლობა, მაყურებლის შეცდომაში შეყვანა დაუდასტურებელი და გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებით და ა.შ.), გადაცემა თავისი შინაარსითა და საკითხის გაშუქების ფორმით არღვევს საქართველოს მაუწყებელთა ქცევის კოდექსს, რომლის შესრულებაც სავალდებულოა სამაუწყებლო ლიცენზიის მფლობელი ტელეკომპანიებისთვის.

„მედიის განვითარების ფონდის“ აზრით, გადაცემის ავტორებმა და ტელეკომპანია “იმედმა” დაარღვიეს მაუწყებელთა ქცევის კოდექსის შემდეგი მუხლები:

თავი III, ჯეროვანი სიზუსტის დაცვა, რომელიც მოითხოვს, რომ „მაუწყებელმა  მიიღოს ყველა გონივრული ზომა, რათა უზრუნველყოს ინფორმაციის წყაროს და ფაქტების სიზუსტე; მიაწოდოს აუდიტორიას სანდო და ზუსტი ინფორმაცია, არ დაუშვას ცრუ ან შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის გავრცელება“.

“გადაცემაში ახალგაზრდული სუბკულტურების გაშუქება მოხდა არასანდო ინფორმაციაზე დაყრდნობით, ნაჩვენები ფოტო თუ ვიდეომასალის წარმოშობის წყაროს მითითების გარეშე; მთელი რიგი ფაქტების – მტრედებისა თუ სხვა ცხოველების დახოცვა და ასე შემდეგ,  ყოველგვარი საფუძვლისა და დამამტკიცებელი მასალის გარეშე, გადაცემის ავტორებმა დაუკავშირეს ემო-ს, გოთებისა თუ სხვა სუბკულტურულ ჯგუფებს. მოახდინეს განზოგადება, რასაც კოდექსის კიდევ ერთი მუხლი საგანგებოდ კრძალავს”, – აცხადებენ “მედიის
განვითარების ფონდში”.

ამავე ორგანიზაციას მიაჩნია, რომ  ტელემაუწყებელმა „იმედმა“ უგულვებელყო ინფორმაციის წყაროების მრავალფეროვნების  მოთხოვნა და მიუკერძოებლობის პრინციპი (თავი IV. მუხლი 15), რომელიც მოითხოვს, რომ დებატები არ უნდა შუქდებოდეს მაუწყებლის პირადი დამოკიდებულების ან მოსაზრების საფუძველზე.

“მედიის განვითარების ფონდი” განმარტავს, რომ “პოლიტიკური ან სხვა სახის დავის გაშუქებისას მაუწყებელმა უნდა უზრუნველყოს  გადაცემების ციკლის განმავლობაში ბალანსის  დაცვა. (გადაცემაში თავად წამყვანისა და სტუმრების მიერ არაერთხელ იქნენ მოხსენიებული ახალგაზრდული სუბკულტურების წარმომადგენლები „სატანისტებად“, „შავი წარსულის“ მქონეებად და ასე შემდეგ; ფსიქოლოგის კომენტარი, რომელსაც შეეძლო მსგავსი სოციალური ჯგუფების შინაარსისა და მასში ახალგაზრდების გაწევრიანების ახსნა და განმარტება, გადაცემის საეთერო დროს 5 პროცენტზე ნაკლებს მოიცავდა; გადაცემაში საერთოდ არ იყო მოყვანილი ამ სუბკულტურული ჯგუფების ისტორია, მათი წარმოშობის სოციალური და ფსიქოლოგიური წინაპირობები და, რაც მთავარია – რეალური შინაარსი; სუბკულტურული ჯგუფის წარმომადგენელი ახალგაზრდების (არასრულწლოვნების) ოპონენტებად მოწვეული იყო 3 სასულიერო პირი (მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენელი), რითიც საბოლოოდ დაირღვა ბალანსი. შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ დარღვეულია სამართლიანი მოპყრობის პრინციპიც (თავი V; მუხლი 19).”

მაუწყებელთა ქცევის კოდექსის მიხედვით, თუ მონაწილე არის 18  წლამდე ასაკის, თანხმობა მიღებული უნდა იყოს მშობლისგან, მეურვისაგან ან მზრუნველისაგან.

“მიგვაჩნია, რომ ასევე დარღვეულია შემდეგი მოთხოვნა (თავი V; მუხლი 21), რომ: თუ გამოყენებულია იმ პირის ან ორგანიზაციის შეხედულებები, რომელიც უშუალოდ არ მონაწილეობს პროგრამაში, დაცული უნდა იყოს სამართლიანობა. ეს პირობა განსაკუთრებით დაცული უნდა იყოს დაპირისპირებული მხარეების საკითხის განხილვისას. (გადაცემის განმავლობაში საუბარი იყო სხვადასხვა სუბკულტურის წარმომადგენლებზე ისე, რომ მათი უმეტესობის პოზიცია არ გახლდათ მოყვანილი გადაცემაში).  

გადაცემაში ე.წ. ფარული გადაღების დროს დარღვეული იქნა არასრულწლოვანთა უფლებაც, მოხდა რა ფარულად ჩაწერილი მოზარდის ფაქტობრივი იდენტიფიცირება – მოზარდის ხმა არ იყო შეცვლილი, კორესპოდენტმა დაასახელა რესპოდენტი გოგონასათვის დამახასიათებელი გარეგნული ნიშანი და, ასევე, გამოქვეყნდა ფოტოსურათები, რომელშიც მოზარდის ასევე მოზარდი მეგობრები არიან იდენტიფიცირებული; დარღვეულია არასრულწლოვანთა დაცვის სხვა საკითხებიც (თავი XI; მუხლი 44.” )

კერძოდ, ეს მუხლი გვეუბნება, რომ: „არასრულწლოვანის ინფორმაციისა და გამოხატვის თავისუფლების პატივისცემასთან ერთად, მაუწყებელმა უნდა უზრუნველყოს პროგრამაში მონაწილე არასრულწლოვანთა ფიზიკური, ფსიქოლოგიური და სულიერი კეთილდღეობის დაცვა, მშობელთა, მზრუნველთა ან მეურვეთა თანხმობის მიუხედავად”:

“ტელემაუწყებელმა მის მიერვე ფაქტობრივად „კატისმკვლელებად“ და „სატანისტებად“ შერაცხული მოზარდების იდენტიფიცირება მოახდინა. ისაუბრა იმაზე, რომ მოზარდებს, რომლებიც მსგავს ჯგუფებში იმყოფებიან, „შავი წარსული“ აქვთ და ა.შ. შესაბამისად, აქ არც კი იყო მცდელობა, მომხდარიყო „არასრულწლოვანთა ფიზიკური, ფსიქოლოგიური და სულიერი კეთილდღეობის დაცვა“.

“მედიის განვითარების ფონდში” მიაჩნიათ, რომ მთლიანად დარღვეულია მაუწყებელთა კოდექსის თავი – მრავალფეროვნება თანასწორობა და შემწყნარებლობა, კერძოდ:

“გადაცემა მთლიანად წარმოადგენდა ახალგაზრდული სუბკულტურების მიმართ სიძულვილის, არატოლერანტობის გაღვივების მაგალითს. აქ იყო მოყვანილი სრულიად დაუსაბუთებელი მოსაზრებები იმის თაობაზე, რომ მსგავსი ჯგუფების წარმომადგენლები დასავლეთში „ბავშვებს ხოცავენ სასაფლაოებზე“. წამყვანი კი იმის ნაცვლად, რომ გამიჯვნოდა მსგავსი სტერეოტიპის დამკვიდრებას, წამქეზებლის ამპლუაში მოგვევლინა”, – აცხადებენ “მედიის განვითრების ფონდში”.

“მედიის განვითარების ფონდში” მიაჩნიათ, რომ გადაცემაში პირდაპირ არის დარღვეული მაუწყებელთა კოდექსის მუხლი 33, რომელშიც მითითებულია, რომ:

“მაუწყებელმა თავი უნდა აარიდოს უმცირესობების და სოციალური პრობლემების შესახებ არასწორი და შეცდომაში შემყვანი განცხადებების გაკეთებას, ხელი არ უნდა შეუწყოს სტერეოტიპების ჩამოყალიბებას, აუცილებლობის გარეშე არ უნდა აღნიშნოს პირის ეთნიკური წარმოშობა და რელიგიური მრწამსი; მაუწყებელმა  თავიდან უნდა აიცილოს რელიგიური, ეთნიკური, ან სხვა ნიშნის მიხედვით რომელიმე ჯგუფის შეურაცხყოფა, მათ შორის გარკვეული ლექსიკის ან გამოსახულების გამოყენება. ეს მოთხოვნა არ უკრძალავს მაუწყებელს, ხელი შეუწყოს ინფორმირებულ  და არა ცალმხრივ დისკუსიას შეუწყნარებლობის ან დისკრიმინაციის საკითხებზე, ან გადასცეს ფაქტობრივი მასალა ან საზოგადოებაში რეალურად არსებული მოსაზრება“.

„მედიის განვითარების ფონდი“ დაინტერესებულ პირებს სარჩელის მომზადებასა და გასაჩივრების პროცედურების დაწყებაში თანადგომას სთავაზობს.

ამავე თემაზე:

როგორ დასრულდა აქცია “ყველაზე ცხელი თოქ-შოუს” წინააღმდეგ [Video]

“100 გრადუსი ცელსიუსის” წინააღმდეგ


 

მასალების გადაბეჭდვის წესი