კომენტარი

გიორგი ტუღუში პარლამენტში მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა

24 აპრილი, 2012 •
გიორგი ტუღუში პარლამენტში მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა
გიორგი ტუღუში
გიორგი ტუღუში

სახალხო დამცველი, გიორგი ტუღუში დღეს, 24 აპრილს, პარლამენტში მომხადარ ინციდენტს განცხადებით გამოეხმაურა. ომბუდსმენის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: 

“მინდა გამოვეხმაურო, დღეს, 24 აპრილს, საქართველოს პარლამენტში აზერ სულეიმანოვის მხრიდან პარლამენტარ ჯონდი ბარათურიას მისამართით გაკეთებულ განცხადებებს.
სამწუხაროდ, აზერ სულეიმანოვმა განსხვავებული ეთნიკური ნიშანი დამაკნინებელ, შეურაცხმყოფელ კონტექსტში წარმოაჩინა და ამ კუთხით, ოპონენტის დისკრედიტაციას შეეცადა. შემაშფოთებელია, რომ გამონათქვამების ავტორი საქართველოს პარლამენტის დეპუტატია, რომელსაც, მიმაჩნია, რომ ამ თვალსაზრისით, გამორჩეული პასუხისმგებლობა აკისრია.

მიუხედევად იმისა, რომ დისკუსიის საგანი, რასაც მოჰყვა ხსენებული განცხადება, ისეთი უაღრესად სენსიტიური თემა გახლდათ, როგორიცაა ეროვნებათშორისი ურთიერთობა, დაუშვებელია ხსენებული, რომელიმე ეთნიკური ჯგუფის შეურაცხყოფისა და დაკნინების მიზეზი გახდეს.

ვთვლი, რომ ყოველი ასეთი ფაქტი საფრთხეს უქმნის საქართველოს მშვიდობიან განვითარებას, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეთა ერთობას, ეწინააღმდეგება ჩვენი კონსტიტუციის სულისკვეთებასა და საქართველოს სახელმწიფოებრივ ინტერესებს.

მინდა ასევე შეშფოთებით აღვნიშნო, რომ ბოლო პერიოდში საჯარო პირებისა და პოლიტიკური ფიგურების მხრიდან გახშირდა ამ ტიპის განცხადებებისა და გამონათქვამების გამოყენების შემთხვევები. 

მინდა კიდევ ერთელ მოვუწოდო ყველას, განსაკუთრებით საქართველოს პარლამენტის დეპუტატებს, პოლიტიკოსებსა და საჯარო პირებს, ერთი მხრივ, თავი შეიკავონ ამგვარი რიტორიკისგან და მეორე მხრივ, უმკაცრესი შეფასება მისცენ ქსენოფობიისა და შეუწყნარებლობის გამოვლინების ნებისმიერ შემთხვევას.”

მასალების გადაბეჭდვის წესი