კომენტარი

„ცენტრისტების“ პოლიტიკურ რეკლამასთან დაკავშირებით

15 აგვისტო, 2016 • 1379
„ცენტრისტების“ პოლიტიკურ რეკლამასთან დაკავშირებით

გთავაზობთ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრ სულხან სალაძის წერილს მაუწყებლის ეთერით გადაცემულ „ცენტრისტების“ უფასო პოლიტიკური რეკლამის შესახებ:



შაბათი დღის მეორე ნახევრიდან მოყოლებული საზოგადოების განსჯის საგანი საზოგადოებრივ მაუწყებლის ეთერით პოლიტიკური გაერთიანება „ცენტრისტების“ უფასო პოლიტიკური რეკლამის გაშვება გახდა. მაუწყებელმა „ცენტრისტების“ რეკლამა შეაჩერა და ამის მიზეზად პოლიტიკური გაერთიანების რეკლამის შინაარსში სახელმწიფოს სუვერენიტეტის საწინააღმდეგო გზავნილების შესაძლო არსებობა მიიჩნია. მიუხედავად იმისა, რომ მაუწყებელი პოლიტიკური რეკლამის შინაარსზე პასუხისმგებელი არ არის, მან ეს მაინც გააკეთა. შეიძლება ვისაუბროთ იმაზე, ამით მაუწყებელმა კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულებები ხომ არ დაარღვია, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს ახლა სრულიად უადგილოა. უადგილოა იმიტომ, რომ როცა ვინმე კითხვის ნიშნის ქვეშ შენი სახელწიფოს სუვერენიტეტს აყენებს, იქ გადაწყვეტილება სწრაფად უნდა მიიღო. საუკეთესო გადაწყვეტილება კი ამ რეკლამის გაშვებაზე საერთოდ უარის თქმა იქნებოდა.

არ დავიწყებ სხვადასხვა კანონის ნორმების ციტირებას და იმის ახსნას, თუ რომელ კანონში რა წერია, ან კიდევ რომელ ადმინისტრაციულ ორგანოს რა ევალება. მე, როგორც საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი, სრულად ვიზიარებ მაუწყებლის განცხადებაში აღნიშნულ მოსაზრებას, რომ პოლიტიკური გაერთიანების რეკლამის შინაარსი შესაძლოა სახელმწიფოს სუვერენიტეტის საწინააღმდეგო გზავნილების შეიცავდეს. უფრო მეტიც, შემიძლია პირდაპირ ვთქვა, რომ „ცენტრისტების“ ე.წ. წინაასარჩევნო რეკლამა არათუ შესაძალოა შეიცავდეს, არამედ სავსეა სახელმწიფო სუვერენიტეტის საწინააღმდეგო გზავნილებით. ის ეწინააღმდეგება ქართული სახელმწიფოს სწრაფვას ევრო-ატლანტიკურ სტრქტურებში ინტეგრაციის გზაზე და ემსახურება იმ ქვეყნის ინტერესებს, რომელსაც საქართველოს ტერიტორიის ნაწილი ოკუპირებული აქვს.

ვამაყობ საზოგადოებრივი მაუწყებლის თანაშრომლების გადაწყვეტილებით, რომ ისინი მზად არიან საკუთარი ხელფასიდან გადაიხადონ ის ჯარიმა, რომელიც შესაძლოა საქართველოს სახელმწიფოს სუვერენიტეტის შემლახავი რეკლამის არგაშვების გამო დაეკისროს მაუწყებელს. აქვე ვადასტურებ ჩემს მზადყოფნას, მეც ისევე გადავიხადო ის ჯარიმა, როგორც მაუწყებლის თანამშრომლებმა.

ახლა ჯერი ცეკსოსა და მარეგულირებელ კომისიაზეა, ისევე როგორც სასამართლოზე და ზოგადად საზოგადოების აქტიურობაზე. ახლა ჯერი ხელისუფლებაზეა, რომელმაც უფრო ქმედითი ნაბიჯები უნდა გადადგას, ვიდრე მხოლოდ განცხადების გავრცელება შეიძლება იყოს. და საერთოდაც, ახლა ჯერი თითოულ ჩვენგანზეა. ჩვენი სუვერენიტეტი და ჩვენი სახელმწიფოდ ყოფნა მხოლოდ ჩვენი საქმეა და სხვისი არავის დედამიწის ზურგზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი