საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა საკუთარი ინიციატივით დაიწყო საქმის წარმოება პოლიტიკური პარტიების წევრებისა და ჟურნალისტების უფლებების სავარაუდო დარღვევასთან დაკავშირებით.
სახალახო დამცველის აპარატის ცნობით, 2012 წლის 13 და 14 მარტს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმად, ქუთაისში, ზუგდიდში, ფოთში, ბათუმში, საგარეჯოში, გურჯაანში, ლანჩხუთში, ჩოხატაურში და საქართველოს სხვა ქალაქებში, საქართველოს კონტროლის პალატის მიერ „პოლიტიკური სუბიექტების მოჩვენებითი, თვალთმაქცური გარიგების გზით დაფინანსების ფაქტზე ადმინისტრაციული წარმოების მიმდინარეობისას ახსნა–განმარტებების მიცემის მიზნით“ დაბარებულ იქნენ პოლიტიკური პარტიების წევრები. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს კონტროლის პალატის მიერ ზემოაღნიშნული პროცედურების წარმოებისას ჟურნალისტებს შეეზღუდათ პროფესიული საქმიანობის განხორციელების უფლება და, ამავდროულად, ზემოთ ხსენებული პირების კანონიერ წარმომადგენლებს არ მიეცათ შესაძლებლობა, განეხორციელებინათ ადვოკატირება. საქმის ყოველმხრივი გამოკვლევის მიზნით, საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებულები ახსნა–განმარტებებს ართმევენ იმ მოქალაქეებს, რომლებიც გამოკითხულნი იქნენ კონტროლის პალატის უფლებამოსილი წარმომადგენლების მიერ. ამავდროულად „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის საფუძველზე,
სახალხო დამცველის აპარატის მართლმსაჯულების დეპარტამენტის უფროსმა საქართველოს კონტროლის პალატის პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახურის უფროსისგან გამოითხოვა შემდეგი ინფორმაცია:
– რა საკითხთან დაკავშირებით მიმდინარეობს ადმინისტრაციული წარმოება საქართველოს კონტროლის პალატაში, რომლის მიმდინარეობისას დაბარებულნი იქნენ ზემოხსენებული პირები;
– მოცემულ საკითხთან დაკავშირებით რა სახის ადმინისტრაციული წარმოება (მარტივი, ფორმალური, საჯარო) მიმდინარეობს საქართველოს კონტროლის პალატაში;
– რის საფუძველზე იქნენ დაბარებულნი ზემოთ ხსენებული პირები ახსნა–განმარტებების მისაცემად საქართველოს კონტროლის პალატაში და რა სტატუსით;
– საქართველოს კონტროლის პალატამ ზემოთ ხსენებული პირების მიერ ახსნა–განმარტებების მიცემისას უზრუნველყო თუ არა მათი კანონიერი წარმომადგენლების (ადვოკატების) დასწრების უფლება;
– აღნიშნული ადმინისტრაციული წარმოებისას საქართველოს კონტროლის პალატის მიერ დაცული იქნა თუ არა სხდომების მიმდინარეობის საჯაროობა და უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, გთხოვთ, მიგვითითოთ მოცემული შეზღუდვის სამართლებრივი საფუძველი.
სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, საქმის შესწავლის დასრულების შემდეგ დამატებით გავრცელდება ინფორმაცია საზოგადოებისთვის.