არის თუ არ მნიშვნელოვანი 8 მარტის აღნიშვნა? რამდენად სწორად ესმის საზოგადოებას 8 მარტის მნიშვნელობა და რა გამოწვევებია საზოგადოების წინაშე ქალთა უფლებების დაცვის კუთხით? – ამ და სხვა საკითხებზე “ნეტგაზეთი” გენდერის სპეციალისტს, ეკატერინე აღდგომელაშვილს ესაუბრა:
არის თუ არ მნიშვნელოვანი 8 მარტის აღნიშვნა და რატომ?
ჩემთვის, როგორც ფემინისტისათვის, რაღა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ამ დღის აღნიშვნა. 8 მარტი ქალთა უფლებებისათვის ბრძოლის, ქალთა სოლიდარობის საერთაშორისო დღეა. თავისთავად ის ფაქტი, რომ ჩვენთან 8 მარტის მნიშვნელობა დაცლილია თავისი პირვანდელი აზრისაგან, მხოლოდ საბჭოთა გამოცდილებისა და კონტექსტის დამსახურება არაა. როგორც ხშირ–ხშირად გვახსენებენ ხოლმე, საქართველო „ტრადიციული ქვეყანაა“. დავამატებდი – პატრიარქალური კულტურის მქონე ქვეყანა. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ „ტრადიციულ ქართულ ფასეულობებთან“, „ფესვებთან“ დაბრუნების სურვილი იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ 70 წლით კი არა, მინიმუმ საუკუნით მაინც უკან დაგვაბრუნა. ყოველ შემთხვევაში, XIX საუკუნის ბოლოს ქართველი ფემინისტებს უკვე მოლეული ჰქონდათ ამ საკითხებზე ოპონენტებთან კამათი.
თქვენი აზრით, ქართულ საზოგადოებას სწორად ესმის ამ დღის მნიშვნელობა?
ის, რომ დღეს მხოლოდ ქალთა ორგანიზაციები და ცალკეული აქტივისტები ცდილობენ სხვადასხვა აქციებითა და ღონისძიებებით საზოგადოების ყურადღება მიაპყრონ ქალთა საკითხებსა და ამასთან დაკავშირებულ პრობლემებს ქვეყანაში, მხოლოდ იმის მაჩვენებელია, რომ ჩვენთან ქალთა და გნებავთ, ადამიანთა უფლებები რაღაც განყენებულ, ქაღალდზე ჩამოწერილ დებულებებად აღიქმება – ადამიანების უმეტესობა არ აცნობიერებს, არ იაზრებს მას, როგორც უშუალოდ მასთან დაკავშირებულ უფლებებსა და პრინციპებს. ასეთ საზოგადოებაში სულაც არაა გასაკვირი, რომ კულტურამ ისევე დაამახინჯოს უფლებების დაცვასთან დაკავშირებული საკითხების მნიშვნელობა, როგორც მოდა „ჭამს“ ხოლმე ჩაცმულობით გამოხატულ პროტესტს.
რატომ არსებობს გარკვეული ნეგატიური დამოკიდებულება 8 მარტის მიმართ?
საქართველოს გასაბჭოების შემდეგ ევროპაში მიმდინარე ქალთა მოძრაობიდან ასე ერთი ხელის მოსმით მოკვეთამ, ერთი მხრივ, დაგვაშორა იმ საერთო სივრცეს, მეორე მხრივ, „ზემოდან ნაბოძებმა თანასწორობამ“, ასევე, მზა პროდუქტის სახით მოგვაწოდა ქალის ახალი, საბჭოური იმიჯები – „კრესტიანკა“, „კოლხოზნიცა“, მაგრამ ფაქტია, რომ ეს იმიჯები დღემდე ცოცხლობს და ქალთა უფლებებისათვის ბრძოლა მაინცადამაინც ქალის გამამაკაცურებისათვის ბრძოლა ჰგონია ბევრს. ფემინისტის ყველაზე გავრცელებული იმიჯიც ხომ სწორედ ასეთია ჩვენში.
რა შეიცვალა ქალთა უფლებების კუთხით და დღეს რა გამოწვევები დგას საზოგადოების წინაშე?
1990–iანი წლების შემდეგ, შეცვლით, რა თქმა უნდა, ბევრი რამ შეიცვალა, თუმცა, უფრო დეკლარირების დონეზე. რეალობა და სტატისტიკა კი სხვა რამეს გვიჩვენებს ქვეყანაში სიღარიბის ფემინიზაციიდან დაწყებული, პოლიტიკაში ჩართული ქალების რაოდენობით დამთავრებული. სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია –დღეს სწორედ იმის შეხსენება გვიწევს საზოგადოებისათვის, რომ წელიწადში ერთხელ მორთმეული ყვავილები და გიტარაზე დამღერებული „უშენოდ ყოფნას არა აქვს ფასზე“ მეტად ქალს თვითრეალიზაციისათვის საჭირო სივრცე და რესურსებზე თანასწორი ხელმისაწვდომობა სჭირდება.