კომენტარი

აქცია აპათიის და არა მხოლოდ შსს-სა და პროკურატურის წინააღმდეგ

6 მარტი, 2012 • • 1120
აქცია აპათიის და არა მხოლოდ შსს-სა და პროკურატურის წინააღმდეგ

ხაშურის პოლიციის განყოფილებაში სასიკვდილოდ დაშავებული სოლომონ ქიმერიძის სიკვდილისა და მისადმი არასათანადო მოპყრობის გამოძიების თხოვნით ონლაინ კამპანია დაიწყო. ”ნეტგაზეთი” აღნიშნული კამპანიის ერთ-ერთ ინიციატორს, იურისტ თამარ გურჩიანს ესაუბრა.

ოფიციალური ვერსიით, სოლომონ ქიმერიძე 27 თებერვალს ხაშურის პოლიციის რაიონულ განყოფილებაში დასაკითხად მიიყვანეს, რა დროსაც კიბიდან ჩამოვარდა და სასიკვდილოდ დაშავდა, ის რამდენიმე საათში ხაშურის საავადმყოფოში გარდაიცვალა.

შემთხვევიდან რამდენიმე დღეში, პირველ მარტს, შეიქმნა პეტიცია, რომელზეც ხელმომწერები სოლომონ ქიმერიძის წამების გამოძიებას მოითხოვენ.

ეს პეტიცია მე შევადგინე პირველ მარტს და განვათავსე პეტიციების ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ საიტზე change.org-ზე. პეტიციაზე ხელმომწერი თითოეული ადამიანი ითხოვს შემდეგ რაღაცას: პირველ მარტს რა ინფორმაციაც გვქონდა, იმ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ჩვენ ვითხოვდით მიუკერძოებელი და ობიექტური გამოძიების ჩატარებას სოლომონ ქიმერიძის საქმესთან დაკავშირებით. პეტიციას უკვე ჰყავს 600-ზე მეტი ხელმომწერი. რაც შეეხება მიუკერძოებელ და ობიექტურ გამოძიებას, პეტიციაში ცალსახად არის მითითებული, რომ ფაქტობრივი გარემოებები ისეა აღწერილი, როგორც ეს გაავრცელა მედიამ და შინაგან საქმეთა სამინისტრომ. ჩვენ ვამბობთ იმას, რომ როდესაც პოლიციის ზედამხედველობის ქვეშ იმყოფება პირი და ხდება მსგავსი ფაქტი, არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ის იყო არასათანადო მოპყრობის მსხვერპლი. არასათანადო მოპყრობის ფორმები კი სხვადასხვაა – არაადამიანური, არაჰუმანური მოპყრობა, წამება. სოსო ქიმერიძესთან დაკავშირებით მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, ფოტოები, სწორედ იმაზე მიუთითებს, რომ ეს ადამიანი იყო წამების მსხვერპლი. სანამ საწინააღმდეგო არ დადასტურდება, ჩვენ გვაქვს სამართლიანი ეჭვის ქონის უფლება, რომ ის იყო ნამდვილად წამების მსხვერპლი,” – განუცხადა ”ნეტგაზეთს” პეტიციის ავტორმა თამარ გურჩიანმა.

თამარ გურჩიანის თქმით, პეტიციაზე ხელმოწერა ნებისმიერ ადამიანს შეუძლია. ხელმომწერები კი ითხოვენ, რომ ობიექტური გამოძიება უნდა ჩატარდეს არა მარტო ქიმერიძის გარდაცვალებასთან, არამედ მის წამებასთან დაკავშირებითაც.

სოლომონ ქიმერიძის გარდაცვალების საქმეს პროკურატურა იძიებს. შსს-მ კი დღეს უსაფრთხოების ზომების არასაკმარისად უზრუნველყოფის გამო თანამდებობიდან გაათავისუფლა ხაშურის პოლიციის განყოფილების უფროსი გიორგი ხარშილაძე. გარდა ამისა, პროკურატურამ დღეს, 6 მარტს, გამოაქვეყნა ქიმერიძის ექიმისა და იმ პოლიციელების დაკითხვის მოკლე შინაარსი, რომლებსაც სოლომონ ქიმერიძესთან გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე ჰქონდათ კავშირი.

”ის, რომ პროკურატურამ რაღაც ჩვენებების ნაწილი გამოაქვეყნა, ჩემთვის მსგავსი გამჭვირვალობა არაფერს ნიშნავს იმიტომ, რომ პროკურატურის მიერ ქიმერიძის სიკვდილის გამოძიებასთან დაკავშირებული მასალების გამოქვეყნება, რომელიც იდენტურია შსს-ს  მიერ წინასწარ გავრცელებულ ინფორმაციასთან, ეჭვს ქმნის, რომ ეს აბსოლუტურად არაობიექტური ინფორმაციაა,” – მიაჩნია სამოქალაქო აქტივისტ თამარ გურჩიანს, – “რა მნიშვნელობა აქვს, გამჭვირვალე იქნება, თუ არ იქნება გამჭვირვალე ინფორმაცია, როცა ის არის ტყუილი. როცა ტყუილს ღიად აცხადებენ, ჩემთვის ეს არის ტყუილის ღიად გაცხადება, რაც არაფერს ნიშნავს.”

თამარ გურჩიანის მოსაზრებით, პროკურატურის მიერ სხვადასხვა პირების ჩვენებების გამოქვეყნება არის ზეწოლა იმ ადამიანებზე, ვისაც აღნიშნული ჩვენებები ეკუთვნით.

”ზეწოლა ხდება არა მარტო იმ ადამიანზე, ვინც დაზარალებულის სახით იკითხებოდა, ასევე, ექიმზე, ოჯახის წევრებზეც.  თუნდაც ის, რომ როგორ ეპყრობიან ჟურნალისტებს გარდაცვლილის ოჯახის მეზობლები, ნათესავები, როგორი შეძრწუნებულია ოჯახი. ზედმეტია იმაზე ლაპარაკი, რომ ამ სიტუაციაში რამეს ნიშნავს ეს გამჭვირვალობა. ჩვენ აბსოლუტურად გამჭვირვალედ ვნახეთ, როგორ და რა მდგომარეობაშია ოჯახი  – პანიკაშია და ამ შიშის გამო ცდილობს ყოველგვარი კომუნიკაცია შეწყვიტოს გარესამყაროსთან,” – უთხრა ”ნეტგაზეთს” თამარ გურჩიანმა.

სოლომონ ქიმერიძის სიკვდილითან დაკავშირებით პირველი საპროტესტო აქცია თბილისში, პარლამენტის წინ 4 მარტს გაიმართა, მეორე აქცია კი სტუდენტურმა ორგანიზაციამ ”ლაბორატორია 1918” გამართა ხაშურის პოლიციის განყოფილების წინ.

”რაც შეეხება ამასთან დაკავშირებით გამოსვლას და პროტესტს, თავის თავზე ამ პასუხისმგებლობას ძალიან ცოტა იღებს. ეს, რა თქმა უნდა, არის ძალიან სამწუხარო ამბავი და მიუხედავად საზოგადოებაში დამკვიდრებული ამ აპათიისა, ეს აქცია მიმართულია სწორედ ამ აპათიის და არა მხოლოდ შსს-სა და პროკურატურის წინააღმდეგ.  ჩავალთ ხაშურში და ამ ჩასვლით, უბრალოდ, თვითონ საზოგადოებრივი აპათიის წინააღმდეგაც გამოვხატავთ პროტესტს, იმ საზოგადოების წინააღმდეგ, რომელმაც იცის, რა მოხდა და არაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ამას შეეწინააღმდეგოს,”- ამბობს თამარ გურჩიანი.

ამავე თემაზე:

ხაშურის პოლიციის სამმართველოს უფროსი თანამდებობიდან გათავისუფლებულია

პროკურატურა ქიმერიძის საქმის გამოძიებას აწარმოებს

სოლომონ ქიმერიძის გარდაცვალების ბუნდოვანი გარემოებები [Video]




მასალების გადაბეჭდვის წესი