“ბრიტანელმა ჟურნალისტებმა იმ დროს ახალი გამოსული ფილმის, „ოუშენის 11 მეგობრის“ გმირებსაც კი შეგვადარეს. რეალურად, ჩვენ საკუთარ თავზე უნდა აგვეღო დიდი რისკი.”
მ. სააკაშვილი, გამოსვლა ჯორჯთაუნის უნივერსიტეტში
“ადრე ყველაფერი ცივილიზებურად ხდებოდა: შენ ძარცვავდი, გკლავდნენ. ახლა ყველაფერი სხვანაირადაა!” – ამბობს ოუშენის ერთ-ერთი მეგობარი. ამ ფრაზის მეორე ნაწილს ხშირად იმეორებს საქართველოს პრეზიდენტიც. დაჟინებით ამტკიცებს, რომ “ახლა ყველაფერი სხვანაირადაა”.
ბრიტანელი ჟურნალისტების მიერ შემჩნეული მსგავსებაც ზემოთ აღნიშნული ფილმის გმირებსა და საქართველოს ახალგაზრდა მთავრობას შორის მხოლოდ ის კი არ არის, რომ მათაც უდიდესი პოტენციალი აქვთ, ისევე მოხერხებულად რომ გაგვაცურონ, როგორც ამას ფილმის გლამურული პერსონაჟები აკეთებენ… საქმე ამ ვარდოსან, ერთადერთსა და განუმეორებელ გუნდშია, რომელიც უზარმაზარ რისკზე მიდის და ასჯერ გაზომვის ნაცვლად, ისე მოუზომავად ჭრის, ჭრის, დაუფიქრებლად და ენერგიულად! საქმე – ლაპარაკის, განსჯის, თანაგრძნობის, შედეგზე ფიქრის ნაცვლად!
ამ ძალაუფლებას მოწყურებულმა, გამორჩეულმა ბიჭუნებმა მოახერხეს და ჩვენი ქვეყნის მოქალაქეთა მენტალობის ახალი ავტოსტრადები გაიყვანეს, ჩვენი გონების ახალი აეროპორტები ააშენეს და მენტალობა პოლიციის შენობებივით გამჭვირვალე გახადეს, სადაც ყველანი ვამჩნევთ, როგორ მოძრაობენ ჩვენი კარგად ჩაცმულ, დავარცხნილი შეხედულებები და წარმოდგენები.
რა არის საერთოდ მენტალობა? (ლათ. mens, mentis – ჭკუა, გონება, ინტელექტი) ითვლება, რომ პირველად ტერმინი ეთნოლოგმა ლევი-ბრიულმა იხმარა. ეს ბატონი პირველყოფილ ტომებს სწავლობდა და თანამედროვე ადამიანის აზროვნებასთან მიმართებაში პირველყოფილი ადამიანის სპეციფიკური აზროვნება მენტალობით აღნიშნა. თუმცა მასობრივად ეს ტერმინი “ანალების სკოლის“ შემდეგ გავრცელდა.
“რა აკავშირებს საფრანგეთის მეფესა და რიგით ჯარისკაცს” – დაახლოებით ასე ესმოდათ “ანალებს” მენტალიტეტი. “მენტალობა ესაა საზოგადოებრივი ცნობიერების დონე, რომელშიც აზრი არ არის გამიჯნული ემოციისაგან. ადამიანები იყენებენ მას ისე, რომ არ ფიქრობენ მასზე, ვერ ამჩნევენ მას, არ აანალიზებენ მის არსს, წანამძღვრებს თუ ლოგიკურ დასაბუთებულობას.”
მიუხედავად იმისა, რომ ვარდების რევოლუციის შემოქმედნი ამტკიცებენ, “ყველაფერი სხვანაირადააო”, საინტერესოა, როგორ შეცვალა ნაციონალურმა პარტიამ ისედაც ძლიერი ეთნიკური ნაციონალიზმისათვის დამახასიათებელი აზროვნების ტიპი, როცა გაიდეალებული წარსული და მისი დღევანდელობასთან დაკავშირება რეალური საფუძვლის გარეშე არსებობდა.“
ოუშენის ჯგუფის გაქანების ვარდებიან რევოლუციონერებს მენტალობის გამოცვლის ყველაზე მკაფიო მაგალითად პოლიციის რეფორმის შედეგები მოჰყავთ. ასე იხსნებენ: “2004 წლის გაზაფხული იყო, უეცრად ქუჩაში არ იდგა არც ერთი პოლიციელი, პრობლემის არსებობის შემთხვევაში არ არსებობდა ნომერიც კი პოლიციის გამოსაძახებლად. და რა მოხდა?”
მოხდა ის, რომ ახლა უკვე ქართველი ცეროდენები, ნაცვლად მაფიოზობაზე ოცნებებისა, პოლიციელობაზე ოცნებობენ.
მე პირადად მთელი ბავშვობა მეკობრეობაზე ვოცნებობდი. ვაღიარებ, რომ ძალიან მრცხვენია. ჩემი ფიქრები მხოლოდ შორეულ მიწებს, პლანეტებს, ზღვა-ზღვა, გალაქტიკა-გალაქტიკა მოგზაურობასა და მეკობრეთა თავგადასავლებს უტრიალებდა. ნეტავ, მიწა გამისკდეს და თან ჩამიტანოს, რომ ასეთი უსინდისო და უვარგისი შევხვდი მენტალურ ცვლილებათა გარიჟრაჟზე გამოჩენილ, ბუბა კიკაბიძის სიმღერებზე აღზრდილი გმირის ახირებებს.
მაგრამ შეიძლება საპირისპირო არგუმენტიც მოვიტანოთ. თუნდაც სულ ცოტა ხნის წინ მომხდარი სოსო ქიმერიძის საქმე. რა თქმა უნდა, ის პოლიციელები, ვინც “მოაჯირიდან გადავარდნილ ადამიანს” ხელი არ გაუწოდა, უნდა დაისაჯონ, მაგრამ პრობლემას თუ განვაზოგადებთ, მივხვდებით, რომ საჭიროა ფესვებშიც ჩავძვრეთ. მთავარი პრობლემა პრეზიდენტისა და მისი მეგობრების ძალაუფლებისადმი ნარკოდამოკიდებულებაა.
ეს პოლიციელები მხოლოდ მიმბაძველები არიან. და არა მარტო პოლიციელები, ბაძავს ყველა. მაგრამ თუნდაც მონიტორინგის სამსახურის თანამშრომელი, რომელიც ავტობუსში საკუთარ „ძალაუფლებაში“ ისეა დარწმუნებული, რომ უტიფრობით არაფრით ჩამოუვარდება მავან მხედრიონელს, სულაც არ არის დამნაშავე, ის მხოლოდ მიმბაძველია. მას უბრალოდ ცუდ მაგალითს აძლევს ოუშენის ნაციონალური რაზმი.
იმედია, ოდესმე მოვახერხებთ ძალაუფლებაზე „შემჯდარი“ მდგომარეობის და ჩვენი დაშტამპული შეხედულებების შეცვლას, რადგან სწორედ ჩვენი შეუმდგარი საზოგადოების შვილები არიან ამჟამად არსებული მენტალური მინდვრის თაგვებიცა და გუთნის დედებიც.