რა ახალ აქცენტებზე გამახვილდა ყურადღება პრეზიდენტის 28 თებერვლის გამოსვლაში, რატომ არ საუბრობს სააკაშვილი პირდაპირ საკუთარ პოლიტიკურ მომავალზე, რამდენად სწორი ნაბიჯი იყო პრეზიდენტის მხრიდან სხდომათა დარბაზის რამდენიმე წუთით დატოვება მაშინ, როდესაც ბაღათურიას მისი ოჯახის წევრების მისამართით ბრალდებები გააჩნდა, რატომ შეასუსტა პრეზიდენტმა წლევანდელ გამოსვლაში ყურადღება ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობის აღდგენის საკითხზე. ამ საკითხებზე “ნეტგაზეთი” პოლიტოლოგ გია ნოდიას ესაუბრა.
ბატონო გია, რით განსხვავდებოდა პრეზიდენტ სააკაშვილის პარლამენტში ყოველწლიური გამოსვლა წინა წლების გამოსვლებისგან და თქვენი შეფასებით, რამდენად რეალურად აფასებს პრეზიდენტი ქვეყანაში არსებულ პოლიტკურ პროცესს?
განსაკუთრებული პრინციპული სიახლე პრეზიდენტის წლიურ გამოსვლაში არ ყოფილა. დაპირებები იყო ძირითადად სოციალური ხასიათის, თემები: განათლება, ჯანდაცვა და სოფლის მეურნეობა იყო გამოყოფილი. ანუ, ეს ის თემებია, რაზეც უფრო ხშირად აკრიტიკებენ ხელისუფლებას, განსაკუთრებით ჯანდაცვასა და სოფლის მეურნეობაზე. ჩემი აზრით, ეს ფოკუსი შეიძლება აიხსნას, გარკვეულწილად, საარჩევნო წლის თავისებურებით.
ეს გამოსვლა არ იყო რაღაც ანალიტიკური გამოსვლა, რა მდგომარეობაა ქვეყანაში. გასაგებია, რომ არის ზოგადი ფრაზები, რომ წინ მივდივართ და წარმატებები გვაქვს, მაგრამ ხალხს უჭირს და ა.შ. რაც ჩვეულებრივია. ნუ, გარკვეულად აღიარებული იყო, რომ ის მაკრო–ეკონომიკური თუ პოლიტიკური, ინსტიტუციური წარმატებები არ აისახება ძალიან ბევრი, კონკრეტული ადამიანის კეთილდღეობაზე. ეს რეალობა არსებობს და ფოკუსი იყო ამ რელობის აღიარებაზე.
გამოსვლაში ასევე გამოვყოფდი არჩევნების საკითხზე პრეზიდენტის განცხადებას. ეს იყო რიტორიკული განცხადება, რომლის ძირითადი შინაარსი არის ის, რომ არჩევნების სამართლიანობას და გამჭვირვალობას დიდი მნიშვნელობა აქვს საქართველოსთვის. სწორედ ამის აღიარებას ნიშნავდა ამის თქმა. ინფორმაციული ღირებულება ამ გამოცხადებას ვერ ექნებოდა.
ბატონო გია, ზუსტი პასუხი ვერ მივიღეთ პრეზიდენტისგან მისი სამომავლო პოლიტიკური გეგმების შესახებ. მან აღნიშნა, “მე მიმაჩნია, რომ ამ გუნდს, რომელიც დღეს საქართველოს მართავს, დემოკრატიის ფარგლებში… აქვს რესურსი მრავალი წლის განმავლობაში საქართველოს მართვის და მე ამაზე ნამდვილად არ ვიტყვი, ამ პერსპექტივაზე უარს“. თქვენი შეფასებით, პირდაპირ რატომ არ საუბრობს სააკაშვილი პოლიტიკურ მომავალზე?
პრეზიდენტს კონსტიტუციის შეცვლის შემდეგ სულ ეკითხებიან, რას იზამს ის სამომავლოდ. პრეზიდენტი კი ნათლად არ პასუხობს ამ შეკითხვას. ჩემი აზრით, საკმაოდ შეგნებულად და ამ შემთხვევაში გააზრებული აქვს ეს პასუხი, რომ ეს არ უნდა თქვას პირდაპირ. თვითონ მისი მოსაზრება ასე ახსნა, რომ ამ შემთხვევაში ეს პრობლემებს გამოიწვევს იმ თვალსაზრისით, რომ ნებისმიერი პასუხი მას პოლიტიკურად დაასუსტებს. ყოველ შემთხვევაში, საპარლამენტო არჩევნებამდე მისი პრიორიტეტია, რომ არჩევნებში გაიმარჯვოს “ნაციონალურმა მოძრაობამ” და ნებისმიერი პასუხი გარკვეულ ზიანს მოუტანს ამ პერსპექტივას. თავისთავად, ეს მოგვწონს, თუ არ მოგვწონს, სხვა საკითხია, მაგრამ, ჩემი აზრით, საკმაოდ რაციონალური მიდგომაა ამ საკითხისადმი.
რაც შეეხება დებატების მწვავე მხარეს. თქვენი შეფასებით, რამდენად სწორი ნაბიჯი იყო პრეზიდენტის მხრიდან სხდომათა დარბაზის რამდენიმე წუთით დატოვება მაშინ, როდესაც ბაღათურიას მისი ოჯახის წევრების მისამართით ბრალდებები გააჩნდა. ასევე, რამდენად ადეკვატურია ისეთი გამონათქვამების გამოყენება, რაც პრეზიდენტმა ოპოზიციის მისამართით გამოიყენა.
მართალი გითხრა, სწორედ მაგ პერიოდს არ ვუყურებდი. თუმცა მერე ვნახე, რომ პრეზიდენტი გავიდა. თავისთავად ნეგატიურია, როდესაც რაღაც ბრალდებების საპასუხოდ პრეზიდენტი გადის სხდომათა დარბაზიდან და მერე შემოდის. თავისთავად ეს ეპიზოდი არ არის მომგებიანი პრეზიდენტისთვის. რაც შეეხება პრეზიდენტის ფრაზებს. ასეთ ფრაზებს ადეკვატურობისთვის არ ამბობენ. ასეთი ფრაზების გამოყენება აჩვენებს, რომ პრეზიდენტმა საკმაოდ ემოციურად უპასუხა იმ ბრალდებებს, რაც გამოითქვა ბაღათურიას მხრიდან.
აქვე გამოვყოფ შინაგან საქმეთა მინისტრ ვანო მერაბიშვილის ფინანსურ მდგომარეობაზე გაკეთებულ განცხადებას. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ “ვანო მერაბიშვილი, როგორი გაღლეტილიც იყო, როცა გავიცანი, როცა მამამისის „კამაზით“ იყო მთელი მათი ოჯახის შემოსავალი, მე ეჭვი მაქვს, ისეთივე გაღლეტილია დღეს“. პრეზიდენტს არ წარმოუდგენია, თუ არ უნდა დაიჯეროს მისი მთავრობის წევრთა შესაძლო ფინანსური გამდიდრების ამბავი?
იმედი მაქვს, რომ ზუსტად ასე არ არის, როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა. მერაბიშვილის დღევანდელი ხელფასი უკეთესია, ვიდრე ეს იყო 15 წლის წინ. მაგრამ, ცხადია, ეს განცხადება გაკეთდა იმ ფონზე, როდესაც ბრალდებები ისმის მერაბიშვილის მილიონერობაზე და იმაზე, რომ ის ხელისუფლებაში ყოფნით გახდა ძალიან მდიდარი. ცხადია, ამის უარყოფა უნდოდა და არა იმის თქმა, რომ ძალიან უჭირს მერაბიშვილს და შია.
ბატონო გია, პრეზიდენტმა სააკაშვილმა თავის გამოსვლაში ტეროტირიული მთლიანობის აღდგენის საკითხს ყურადღება არ დაუთმო. თქვენი შეფასებით, რატომ მოხდა ასე?
ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე აქცენტი არ გაკეთდა. გეთანხმებით. ჩემი აზრით, ეს პოზიტიურია იმ აზრით, რომ გასაგებია ყველა საღად მოაზროვნე ადამიანისთვის, რომ უახლოეს მომავალში რაღაც კონკრეტული ნაბიჯების გაკეთება შეუძლებელია, ვინც გინდა იყოს მთავრობაში, სააკაშვილი თუ ვინმე სხვა.
ცხადია, ისეთ რამეზე საუბარი, რასაც ვერ გააკეთებ და რაც არის მტკივნეული პრობლემა, მაგრამ პრობლემა, რომელსაც ვერ გადაწყვეტ, ასეთ თემაზე ლაპარაკი წამგებიანია. ამაზე როდესაც არ ამახვილებ ყურადღებას, ეს ამავე დროს რეალისტურია. მე უფრო კრიტიკულად ვარ განწყობილი სააკაშვილის წინა წლების გამოსვლების რიტორიკის მიმართ, როდესაც ის აკეთებდა განცხადებებს, რომელიც არ იყო რეალისტური.
რაც შეეხება რუსეთის მიმართ პრეზიდენტის განცხადებებს. ცალკეული განცხადებები იყო საკმაოდ ცხადი, იმ თვალსაზრისით, რომ რუსეთის ხელისუფლება მტერია და მტრულად არის განწყობილი, ამის ამსახველი გამონათქვამები იყო, მაგრამ თავისთავად ის ინიციატივა, რაც წარმოადგინა პრეზიდენტმა, ჩემი აზრით, ძალიან ჭკვიანური და მომგებიანია (საუბარია რუსებისთვის ცალმხრივად უვიზო რეჟიმის დაწესებაზე). ცხადია, ამას უფრო ერთგვარი ჟესტის ხასიათი აქვს იმიტომ, რომ ისედაც მარტივი იყო რუსეთის მოქალაქეებისთვის დღევანდელ დღესაც არსებული პროცედურებითაც საქართველოში შემოსვლა, მაგრამ ეს ასევე ძალიან მნიშვნელოვანი პოზიტიური გზავნილია რუსეთის მოქალაქეების მიმართ. ასევე საერთაშორისო თანამეგობრობასაც ძალიან პოზიტიურ სიგნალს უგზავნის.