კომენტარი

დარჩიაშვილი დარწმუნებულია, რომ მაინა კიაის შეფასებები შეიცვლება

14 თებერვალი, 2012 • 1387
დარჩიაშვილი დარწმუნებულია, რომ მაინა კიაის შეფასებები შეიცვლება

საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის დავით დარჩიაშვილის შეფასებით, ევროკავშირთან მოლაპარაკებები ვერ დაიწყებოდა, საქართველოში დემოკრატია რომ არ ვითარდებოდეს.

“2011 წლის ბოლოს ევროკომისიის პრეზიდენტის დონეზე გაცხადდა, რომ ევროკავშირი საქართველოსთან იწყებს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულებაზე მოლაპარაკებებს და ეს მოლაპარაკებები დაიწყება მარტის დასაწყისში.
ეს შეუძლებელი იქნებოდა დემოკრატიული ინსტიტუტების არსებობის გარეშე,” – აღნიშნა დარჩიაშვილმა.   

დარჩიაშვილი პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე გამოეხმაურა გაეროს მომხსენებელ მაინა კიაის შეფასებებს და აღნიშნა, რომ ეს შეფასება დაუმთავრებელია, მის  მომზადებას განსაკუთრებული ძალისხმევა და დრო სჭირდება და ის შეიცვლება.

“თქვენ ახსენეთ შეფასება, რომელიც დაუმთავრებელია, რომელიც მზადდება ძალიან რთულ კომპლექსურ ორგანიზაციაში, რომლის ერთ-ერთი ქვედენაყოფი, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭო, ძალიან ბევრ ქვეყანას მოიცავს, მათ შორის, კადაფის დროინდელი ლიბიაც შედიოდა კონკრეტულად ამ საბჭოში და, ბუნებრივია, რომ მის  მომზადებას განსაკუთრებული ძალისხმევა და დრო სჭირდება,” – განაცხადა დარჩიაშვილმა.

აღნიშნული ორგანიზაციისა და მოხსენების პარალელურად, მან მოიყვანა მეორე ორგანიზაციის – ევროპის საბჭოს შედარებით მსუბუქი კრიტიკა და ის ვალდებულებები, რაც საქართველოს აქვს აღებული.  

“მაგრამ აქვე არის მეორე ორგანიზაცია – ევროპის საბჭო, რომლის წინაშე საქართველოს ვალდებულებები აქვს აღებული, რომელშიც დემოკრატიული, დემოკრატიისთვის მებრძოლი ქვეყნები შედიან. ზაფხულში იყო ამ ორგანიზაციის რეკომენდაცია და ახლა, იანვარში, სესიაზე ჩვენ კოლეგებთან ერთად მოვისმინეთ მონიტორინგის კომიტეტის საინფომაციო დასკვნა, სადაც, რა თქმა უნდა, არის კრიტიკაც, მაგრამ გარწმუნებთ, იქ არავითარ ტოტალიტარიზმის ნიშნებზე არ არის საუბარი,” – აღნიშნა დარჩიაშვილმა.   

შეგახსენებთ, შეკრების და გაერთიანების თავისუფლების საკითხებზე მომუშავე  გაეროს  სპეციალურმა მომხსენებელმა მაინა კიაიმ დღეს, 13 თებერვალს, თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს ხელისუფლება გააკრიტიკა. მან ხაზი გაუსვა იმ შემაშფოთებელ გარემოებებს, რამაც შესაძლოა ქვეყანას მოდერნიზაციის გზაზე მნიშვნელოვანი შეფერხებები შეუქმნას.

მაინა კიაის დასკვნა 2012 წლის ივნისში გამოქვეყნდება.

ამავე თემაზე:

გაეროს მომხსენებლის კრიტიკული შეფასებები საქართველოზე

კიაი: „მთავრობის მიზანი სადამსჯელო ღონისძიების ჩატარება არ უნდა იყოს“

მასალების გადაბეჭდვის წესი