კომენტარი

დავით ბერძენიშვილი: საქართველო ობამასთვის არშემდგარი დემოკრატიული ქვეყანაა

31 იანვარი, 2012 •
დავით ბერძენიშვილი: საქართველო ობამასთვის არშემდგარი დემოკრატიული ქვეყანაა

“რესპუბლიკური პარტიის” წევრის, დავით ბერძენიშვილის შეფასებით, ობამას შეხვედრა სააკაშვილთან, ერთი მხრივ, მიანიშნებს იმაზე, რომ საქართველო ობამასთვის არშემდგარი დემოკრატიული ქვეყანაა და მეორე მხრივ, იმ ფაქტზე, რომ ობამას საქართველოზე, როგორც შესაძლო დემოკრატიულ ქვეყანაზე, ხელი ჩაქნეული არ აქვს.

“ის, რომ სააკაშვილთან ობამამ ისაუბრა და ხაზი გაუსვა დემოკრატიის ფორმალურ გადაცემას, სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩატარებას, ნიშნავს იმას, რომ საქართველო ობამასთვის არშემდგარი დემოკრატიული ქვეყანაა და ამიტომ უნდა შეახსენოს საქართველოს ხელისუფალს, რომ სამართლიანი არჩევნებია ჩასატარებელი, რომლის გზითაც ხელისუფლების გადაცემა მოხდება. მეორე მხრივ, ობამას საქართველოზე, როგორც შესაძლო დემოკრატიულ ქვეყანაზე, ხელი ჩაქნეული არ აქვს. ის ასე არ დაელაპარაკებოდა და არც ელაპარაკება რომელიმე ავტორიტარული სახელმწიფოს ხელისუფალს ცენტრალური აზიიდან თუ მსოფლიოს რომელიმე სხვა რეგიონიდან სრულიად გასაგები მიზეზების გამო, იმიტომ, რომ იქ დემოკრატიის რესურსი არ არის.

თუმცა კიდევ ვიმეორებ მისი გამოსვლიდან ყველაზე მნიშვნელოვან ფრაზას დემოკრატიის ფორმალური გადაცემის შესახებ. ერთი დემოკრატიული ქვეყნის ლიდერი მეორე ქვეყნის ლიდერს, თუ მას დემოკრატად მიიჩნევს, არ ელაპარაკება სამართლიანი არჩევნების აუცილებლობასა და ხელისუფლების ფორმალური გადაცემის შესახებ,” – აღნიშნავს “ნეტგაზეთთან” საუბარში რესპუბლიკური პარტიის ერთ–ერთი ლიდერი დავით ბერძენიშვილი.

ბერძენიშვილი პრეზიდენტ სააკაშვილის განცხადებას–ამდენი კონკრეტული შედეგით დატვირთული ამ კაბინეტიდან (თეთრი სახლი) არც ერთხელ არ გამოვსულვართ– ბუშისადმი გაუგონარ უმადურობად მიიჩნევს.

“ეს არის სააკაშვილის გაუგონარი უმადურობა ბუშთან მიმართებაში. სააკაშვილი სწორედ რომ ბუშის ადმინისტრაციაში იყო ძალიან პრივილეგირებული ხელისუფალი და არა მგონია, რომ ეს მოწონებული იყოს ამერიკულ პოლიტიკურ თუ ანალიტიკურ წრეებში. ახლა არ არის სააკაშვილი ისეთი პრივილეგირებული ამერიკის ადმინისტრაციის თვალში, როგორც ეს იყო წინა პრეზიდენტის დროს,” – აღნიშნავს ბერძენიშვილი.

“ნეტგაზეთის” შეკითხვაზე, რატომ წამოცდა ობამას რუსეთი საქართველოს მაგივრად, ბერძენიშვილი ვერ განმარტავს, თუმცა დასძენს, თუ ობამა მიჩნეულია, რომ კარგი ორატორია, და თუ რუსეთზე საუბარი სურდა, ალბათ ილაპარაკებდა, მაგრამ ახლა მე ვერ დავიწყებ მარჩიელობას, წამოიცდინა, თუ წამოცდა რუსეთი.

მასალების გადაბეჭდვის წესი