კომენტარი

ნინო ბურჯანაძე: თვითმიზანი არ არის ივანიშვილთან შეხვედრა და ერთიანობა

20 იანვარი, 2012 • • 1374
ნინო ბურჯანაძე: თვითმიზანი არ არის ივანიშვილთან შეხვედრა და ერთიანობა

ითანამშრომლებს თუ არა ნინო ბურჯანაძე ივანიშვილთან, რატომ მიიჩნევს, რომ ალასანია ხელისუფლების პროექტია, მიიღებს თუ არა 2012 წლის არჩევნებში მონაწილეობას, რას ფიქრობს ივანიშვილსა და მის გუნდზე, რამდენად მისაღებია მისთვის ივნიშვილის გეგმები. ამ საკითხებზე “ნეტგაზეთს” “დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს” ლიდერი, “სახალხო კრების” წევრი ნინო ბურჯანაძე ესაუბრა.

 

ქალბატონო ნინო, დღეს არსებული პოლიტიკური რეალობიდან გამომდინარე, მაშინ, როდესაც ბიძინა ივანიშვილის გარშემო იქმნება გარკვეული ოპოზიციური პარტიების კოალიცია, თქვენი და თქვენი პოლიტიკური პარტიის “დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს”  პოზიცია ამ დრომდე უცნობია, ანუ რა იქნება პარტიის სამომავლო გეგმა? ეს გეგმები უკავშირდება კვლავ ქუჩის აქციებს, თუ სხვა გზებით აპირებთ ბრძოლას? თქვენი პარტია თუ აწარმოებს მოლაპარაკებებსა და კონსულტაციებს ბიძინა ივანიშვილთან?

უპირველეს ყოვლისა, მინდა გითხრათ, რომ ჩვენი პარტიის და “სახალხო კრების” მთავარი მეთოდები და ამოცანა არასოდეს ყოფილა ქუჩის აქციები. “სახალხო კრების” დოკუმენტაციაში აღნიშნულია, რომ ჩვენი მთავარი ამოცანაა თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნების მიღწევა. უბრალოდ, პრობლემა იმაშია, რომ ამ ხელისუფლების პირობებში დემოკრატიული არჩევნები შეუძლებელია და ამიტომ ჩვენ იძულებული ვიყავით გვებრძოლა, მათ შორის ქუჩის აქციებითაც, იმისათვის, რომ მიგვეღწია ამ ხელისუფლების გადადგომისთვის. მე ვფიქრობ, რომ ის საარჩევნო კანონმდებლობა, ის ფინანსური, მედიაშეზღუდვები, რომელიც დააწესა დღღევანდელმა ხელისუფლებამ, არავის უქმნის ილუზიას, რომ  ესენი თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნების ჩატარებას აპირებენ. ასე რომ, ქუჩის აქციების არგამორიცხვა პოლიტიკური ბრძოლიდან და არა ერთადერთი ბრძოლის  მეთოდად აღიარება, განპირობებულია სწორედ იმ ობიექტური რეალობიდან, რომელიც ქვეყანაშია შექმნილი და ეს არ არის ვინმეს აკვიატება.

რაც შეეხება ბატონი ბიძინას კოალიციას თუ  ერთობას, არ ვიცი, ჯერ მათ, მე მგონი, სამართლებრივი სახელი ამისათვის არ მიუციათ. ივანიშვილის გამოჩენას ჩვენი პარტია, “სახალხო კრება”, და პირადად მე, მივესალმეთ და მიგვაჩნია, რომ მას აქვს ნამდვილად ძალიან სერიოზული რესურსი იმისა, რომ რეალურად შეცვალოს ეს ხელისუფლება. რა თქმა უნდა, რამდენად რეალური იქნება ეს ჩვენი, ყველას სურვილი, დამოკიდებულია ივანიშვილის კონკრეტულ ნაბიჯებსა და გეგმებზე.

არავითარი მნიშვნელობა არ აქვს იმას, დღეს ჩვენი პარტია და “სახალხო კრება” იქნება მოლაპარაკების პროცესში ივანიშვილის ერთობასთან თუ არა. მთავარია, რომ სწორი ნაბიჯები  იქნას გადადგმული მათი და ჩვენი მხრიდანაც ხელისუფლების წინააღმდეგ  საბრძოლველად და ასეთ შემთხვევაში, თუ რეალური მზაობა არსებობს ხელისუფლების შეცვლისთვის საბრძოლველად, რეალური ოპოზიციის გზები რაღაც ეტაპზე ან გადაიკვეთება, ან პარალელურად წავა, ან  კოორდინირებული იქნება ერთმანეთთან. ასე რომ, აქ თვითმიზანი არ არის ან შეხვედრა, ან საუბარი, ან ერთიანობა,  აქ არის მიზანი რეალური ბრძოლის. პირდაპირი კონსულტაციები არ არის აუცილებელი და ერთადერთი ხსნა და გადარჩენა რეალური ბრძოლის გზაზე. რაღაც ეტაპზე, ალბათ, ეს კონსულტაციებიც საჭირო იქნება, თუმცა, კიდევ ვიმეორებ, ეს არ არის ჩვენი თვითმიზანი არც ერთ შემთხვევაში.

თქვენ “თავისუფალი დემოკრატების” ლიდერს, ირაკლი ალასანიას მიხეილ სააკაშვილის პროექტი უწოდეთ. რატომ მიიჩნევთ, რომ ალასანია, როგორც თქვენ აღნიშნეთ, ხელისუფლების არა ჩამოშორებას, არამედ მის ჩანაცვლებას, ცდილობს?

ბატონი ბიძინა ლაპარაკობს იმაზე, რომ მისი ამოცანაა უმრავლესობით მოსვლა ხელისუფლებაში, არჩევნების მოგება და ხელისუფლებაში მოსვლა და მე ამას ნამდვილად მივესალმები. ხოლო მისი უახლოესი პარტნიორი ირაკლი ალასანია ლაპარაკობს იმაზე, რომ არაფერი არ უჭირს, თუ მოვლენ მეორე ადგილით. ამიტომ, ალბათ, მეტი სიცხადე როდესაც იქნება, მაშინ უფრო ადვილად შემეძლება ძალიან ბევრი რამის თქმა იმიტომ, რომ ჩემთვის მიუღებელია სრულიად, როდესაც ნაწილი ამ ერთობის წარმომადგენლებისა ლაპარაკობს იმაზე, რომ მათთვის გაცილებით უფრო მისაღებია ბოკერია, ბენდუქიძე, სააკაშვილი და უგულავა, ვიდრე – ბურჯანაძე და სახალხო კრება. აქაც, რა თქმა უნდა, გარკვეული სინათლე არის შესატანი იმიტომ, რომ  თუ ალასანიასთვის ბოკერიასი და ბენდუქიძის ფსიქოლოგია, მორალური პრინციპები და თვისებები უფრო მისაღებია, ვიდრე ბურჯანაძის, ასეთ შემთხვევაში, ჩემთვის ხდება ის კატეგორიულად მიუღებელი და არა მარტო ჩემთვის, ასევე, ძალიან ბევრი ადამიანისთვის.

მსგავსი შეფასებები კოალიციის სხვა წევრების მიმართაც ხომ არ გაქვთ?

ახლა ყველა  პარტიაზე ერთად ხომ არ ვილაპარაკებ. მე ვთვლი, რომ ამ ეტაპზე რაც იყო საჭირო, ის გითხარით.

აპირებს თუ არა საპარლამენტო არჩევნებში თქვენი პარტია მონაწილეობას?

არჩევნებში მხოლოდ მაშინ მივიღებთ მონაწილეობას, როდესაც არჩევნებს რეალურად აზრი ექნება. ჩვენ არაერთგზის გვითქვამს, რომ ჩვენ სწორედ იმიტომ უნდა ვიბრძოლოთ საარჩევნო გარემოს გუმჯობესებისათვის, რომ არჩევნებში მონაწილეობის მიღებას ჰქონდეს აზრი. ხელისუფლებამ მიიღო კანონები, რომლის მიხედვითაც შეუძლებელია ფინანსურად არსებობა პარტიის, რომლის მიხედვითაც შეუძლებელია სარჩევნო აგიტაციის წარმოება. მთელ მსოფლიოში საარჩევნო აგიტაცია, პროპაგანდა არის დაპირებებზე აგებული. მე თუ თქვენთან მოვედი და გითხარით, რომ ის პრობლემები, რომლებიც თქვენ, თქვენს სამეზობლოს, მეგობრებს გაწუხებთ და გითხარით, რომ ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში მოგვარდება, ამის გამო შეიძლება თქვენც დაგიჭირონ და მეც დამიჭირონ. იმიტომ, რომ ახალი კანონმდებლობით ეს აღიქმება როგორც ამომრჩევლის მოსყიდვა. ფინანსური დაფინანსების კუთხით, ისევე, როგორც სხვა პარტიებს, ეს კანონი პრობლემებს შეგვიქმნის. მარაზმში გადავიდა უკვე ხელისუფლება. სრული იგნორირება მიდის ჩვენი იმისათვის, რომ ხალხს დაავიწყონ, რომ არიან ადამიანები და არიან ძალები, რომლებიც რეალურად ებრძვიან ამ ხელისუფლებას, რომლებმაც უკან არ დაიხიეს უზარმაზარი წნეხისა და ცილისწამების, ათობით დაპატიმრებული, დასახიჩრებული ადამიანის მიუხედავად. ყველა ეს ადამიანი ახლა საბრძოლველად არის მზად. აი, ამ ძალის იგნორირება სურთ, ამიტომ არ გვაჩენენ არც ერთი წამით ტელეეთერში. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, დღეს არჩევნებში მონაწილეობას ამ წუთში რა აზრი აქვს?! ჩვენ არჩევნებამდე უნდა ვიბრძოლოთ აქტიურად, გამოვგლიჯოთ სააკაშვილს ხელიდან რეალური საარჩევნო ბერკეტები, უზრუნველვყოთ, რომ თუნდაც მინიმალური კონკურენტული გარემო არსებობდეს ქვეყანაში, ასეთ შემთხევევაში ჩვენ, რა თქმა უნდა, მივიღებთ არჩევნებში მონაწილეობას, მაგრამ თუ ოპოზიციამ, ეს ეხება აბსოლუტურად ყველას, ჩვენც, ბიძინა ივანიშვილის გუნდსაც, გააგრძელა იმ ტემპით, აქტიურობით, იმ დინამიკით, რა დინამიკაც დღეს არის, მე გეუბნებით, რომ გამორიცხულია არჩევნების არა თუ მოგება, არამედ მეორე ადგილზე გასული პარტიის მხრიდან სერიოზული გუნდის დაფიქსირება პარლამენტში.  

ივანიშვილის პოლიტიკაში გამოჩენის შემდეგ ქართული პოლიტიკა ორ პოლუსად გაიყო, ხელისუფლებისა და ივანიშვილის (მის გარშემო შექმნილი კოალიციის) მხარეებად. ექსპერტების შეფასებით, ამ ფონზე სხვა პოლიტიკური პარტიებისა თუ საზოგადოებრივი ორგნიზაციების საზოგადოებაში გავლენა შესუსტდა. ქალბატონო ნინო, როგორ ფიქრობ, რამდენად დიდია ხალხში თქვენი პარტიისა და “სახალხო კრებისადმი” ნდობა, ანუ რამდენად გამოგყვებათ საზოგადოება ამ ბრძოლაში დღევანდელი გადმოსახედიდან?

დააკვირდით, როგორ მიმდინარეობს პოლიტიკური დინამიკა. ამას წინათ წავიკითხე, რომ ბურჯანაძე და მისი პარტია მკვდარიაო და ამაზე ძალიან გულიანად გამეცინა იმიტომ, რომ მე მგონი, ჯერ მსოფლიო ისტორიაში არ ყოფილა პრეცედენტი პოლიტიკაში მკვდარზე ამდენი ელაპარაკოთ, რამდენსაც ჩვენზე საუბრობენ. ეს კი იმაზე მეტყველებს, რომ ყველა ცოცხალზე უფრო ცოცხლები ვართ. გაიხსენეთ 2010 წლის 25 ნოემბერი, როდესაც პირველად ჩატარდა კრების დამფუძნებელი ყრილობა. ამის შესახებ მაშინ ბევრი ითქვა, რომ კრება მოკვდა, გარდაიცვალა. თუმცა რა მოხდა ამ ყრილობის შემდეგ? – “სახალხო კრებამ” შეძლო 30 ათასი ადამიანის ქუჩაში გამოყვანა. რა თქმა უნდა, 26 მაისის შემდეგ შეიზღუდა კრების მოქმედებები, ახლა, ბუნებრივია, ბრძოლის სხვა ეტაპზე გადავედით.

რაც შეეხება ივანიშვილის გარშემო მყოფ პარტიებს, მათ ჯერ კიდევ ნათლად უნდა დაანახონ ქართულ საზოგადოებას, რომ ისინი რეალურად მებრძოლი ძალა არიან, რომ ისინი აპირებენ ბრძოლას ხელისუფლების შესაცვლელად და არა – მათ ჩანაცვლებას.

როგორ აფასებთ პოლიტიკურ სპექტრში ბიძინა ივანიშვილის მეუღლის – ეკატერინე ხვედელიძის ჩართვას?

ეს ბატონი ბიძინას გადაწყვეტილებაა და არ ვიცი, ამას რა უძღოდა წინ. ერთ რამეს ნამდვილად აჩვენებს, რომ ის თავის პოლიტიკურ ოპონენტებს არ ენდობა და ნდობის დეფიცი ნამდვილად არსებობს. სხვა შემთხვევაში, მე ნამდვილად არ ვთვლი, რომ ადამიანს მარტო იმიტომ უნდა გადაუკეტო პოლიტიკაში აქტიურობის გზა, რომ ვინმეს ცოლი, ვინმეს ქმარი, ან ვინმეს ახლობელია. ეს გადაწყვეტილება ნდობის დეფიციტის მაჩვენებელია.

მასალების გადაბეჭდვის წესი