კომენტარი

აწმყო თუ არა გვწყალობს, მომავალი ვისია?

11 იანვარი, 2012 • 1051
აწმყო თუ არა გვწყალობს,  მომავალი ვისია?

“თანამედროვე სახელმწიფო საზოგადოედბრივ ხელშეკრულებას ემყარება’’ ეს,  პოლიტიკური აქსიომა ჩვენშიც ხშირად ითქმება, მაგრამ ამ სიტყვების შინაარსი  ჯერ კიდევ კარგად არ გვესმის. ვინ ვის და რაზე უნდა შეუთანხმდეს? როგორც წესი, შეთანხმების აუცილებლობა დაპირისირებულ, მაგრამ საერთო ინტერესების მქონე მხარეებს შორის წარმოიშობა..

საზოგადოებრივი შეთანხმება-ხელშეკრულება,  სხვადავა მსოფლხედვის და მაშასადამე, მიზნების მქონე ჯგუფებს შორის შეთანხმებას ნიშნავს. შეთანხმების აუცილებლობა დაპირისპირების შედეგია. დაპირისპირება  მწვავდება, როდესაც  საზოგადოების ერთი ნაწილი საკუთარ წარმოდგენებს ერთად-ერთ ჭეშმარიტებად აცხადებს და  ამ წარმოდგენების ‘’თამაშის წესად’’ დამკვიდრებას ცდილობს. ერთი ჯგუფის მიერ საკუთარი  ხედვების სხვებზე  თავსმოხვევა და საზრისების მონოპოლიზება დანარჩერნი ჯგუფების წყრომას იწვევს. წყრომა დაპირისპირებაში გადადის და  სახელმწიფო უსაფრთხოებას ემუქრება.

საქართველოს  90-იანი წლების დასაწყისში ომში გადაზრდილი დაპირისპირების გამოცდილება აქვს. თუმცა ე.წ. თბილისის ომი და შემდეგ განვითარებული მოვლენები ელიტებს შორის დაპირისპირების შედეგი იყო და არა  საზოგადოების შიგნით მომწიფებული, მსოფლხედვითი შეუთავსებლობა.  დღეს საქმე უფრო რთულად არის.  საზოგადოების შიგნით სხვადასხვა ჯგუფები ერთმანეთის მიმართ ანტაგონისტურად არიან განნწყობილნი და  ვითარება უფრო მძიმეა, ვიდრე 90-იან წლებში. დაპირისპირება, ურთიერთდემონიზება  ჯერ-ჯერობით სოციალურ ქსელებში ვლინდება და  შიგადაშიგ ქუჩაშიც გადადის.

ორი,  ურთიერთდაპირისპირებული ჯგუფი რომ  ერთმანეთში შეთანხმდეს, მეტნაკლებად თანაზომადი ძალისანი უნდა იყვნენ. არც ერთ მათგანს დანაკარგების გარეშე გამარჯვების იმედი არ უნდა ჰქონდეს, რომ იოლმა გამარჯვებამ არ აცდუნოს.. არაფრის მაქნის, უძალო ოპონენტთან შეთანხმების საჭიროება არ არსებობს. ჯუნგლებში ორი ლომი თუ  ერთმანეთს გადაეყრება,  ბრძოლას არ მართავენ და ერთ-ერთი უთმობს. ხშირად ის,  რომელიც მეორე  ლომის ‘’ტერიტორიაზე’’ შეიჭრა.  ორივე ლომი გრძნობს, რომ გამარჯვება ძვირი დაუჯდება და მოწინააღმდეგისაგან  ჭრლიობების მიღებას, გაცლას ამჯობინებს.. მაგრამ როგორც კი  ერთი ლომი იგრძნობს, რომ გამარჯვება იოლი მოსაპოვებელია,  მოწინააღმდეგეს თავს ესხმის. ადამიანებიც  დაახლოვებით იგივენაირად  იქცევიან- დომინირება/დათმობა გაწეული წინააღმდეგობის პროპორციულია ხოლმე.  ადამიანები, დაპირისპირებით დაღლის შემდეგ, საერთო სივრცეში თანაცხოვრების წესებს ადგენენ, რომ  ურთიერთატანა უფრო კომფორტული იყოს.

თანამედროვე სახელმწიფოებში სამოქალაქო ხელშეკრულების ყველაზე უშუალო გამოვლინება კონსტიტუციაა. ჩვენი კონსტიტუცია საზოგადო შეთანხმებას  შეიცავს, იქ ყველა ჯგუფის ინტერსია გათვალისწინებული და ყველა თანასწორია კანონის წინაშე.  მაგრამ პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ეს კონსტიტუცია მექანიკურად არის მიღებული.   კონსტიტუციის სულისკვეთება ჩვენ მიერ განცდილი არ არის, მისი პრინციპები ცდისა და შეცდომის გზით დაგროვილი  გამოცდილებით არ გაგვითავისებია.

ჩვენი საზოგადოების აქტიური ნაწილი  ორ ძირითად ნაწილად იყოფა: 1-რომელსაც უნდა, ყველაფერი ისე იყოს, როგორც უწინ ყოფილა. 2-რომელსაც  უნდა, საქართველო  აპრობირებული გზით წავიდეს და თანამედროვე საზოგადოებად ჩამოყალიბდეს. დღევანდელობა-აწმყო არც ერთს მოსწონს და არც მეორეს. რომელია ამ ორი გზიდან  შესაძლებელი და მაშასადამე, უკეთესი? ჯერ ავხსნი, რატომ ვთქვი  ‘’უკეთესი’’ და არა,  მაგალითად, ‘’ჭეშმარიტი ‘’.

არ ვამბობ ‘’ჭეშმარიტს’’ იმის გამო, რომ ჭეშმარიტება რწმენითი კატეგორიაა და ყოველგვარი რწმენა აუხსნადია. ის არ ემყარება ფაქტებს და ადამიანის თვითგანცდიდან გამომდინარეობს. რწმენა მნიშვნელოვანი რამ არის, ზოგისთვის უმნიშვნელოვანესი და ცხოვრების აზრიც, მაგრამ  რაც ერთის რწმენით ჭეშმარიტებაა, მეორესთვის მცდარი მოსაზრება და შეცდომაა. თუ რაიმეს გარკვევა და გაგება გვსურს, რწმენითი კატეგორიები გვერდით უნდა გადავდოთ და ფაქტებით ვიკამათოთ. სხვაგვარად შეთანხმება შეუძლებელია.

ქართული საზოგადოების დიდი ნაწილი სიახლეს არ იღებს და წარსულს მისტირის (სხვა საქმეა,  წარსულზე წარმოდგენა  რამდენად სწორია და  ხშირად გუშინ  გამოგონილ ტრადიციას მრავალსაუკუნოვანს არქმევენ). აქვს თუ არა  უმრავლესობას იმის განცდა,  რომ  საზოგადოების მეორე ნაწილის ინტერესების გათვალისწინება მოუწევს? მე მგონი, არა. უმრავლესობა ცდუნებას არის აყოლილი და ჰგონია, რომ საზოგადოების მეორე   ნაწილს თავიდან მოიშორებს და თავის გემოზე იცხოვრებს.

უმრავლესობა უნდა დარწმუნდეს, რომ  ‘’ ჩხუბს’’ მეორე მხარის ატანა და მასთან შეთანმება სჯობს. კიდევ ერთი: ლომებისგან   განსხვავებით,  ადამიანებს საერთო, საკუთარი თავის გარდა,  ქვეყანასთან კუთვნილების განცდა  გვაქვს და მის ინტერესებს უნდა გავუფრთხილდეთ. ჩხუბი კი  სახელმწიფოს დააზარალებს, მიუხედავდ იმისა, ვინ გაიმარჯვებს და რის ფასად. სწორედ საერთო ინტერესის გათვალისწინებაა ის  მთავარი მოტივი, რაც ადამიანებს  განხსხვავებული აზრის ატანას და ურთიერთშეთანხმებას აიძულბს.  ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ  უმრავლესობის წინამძღოლებს-ავტორიტეტებს  პატრიოტული გრძნობები აქვთ და სახელმწიფო დამოუკიდებლობის შენარჩუნება მათთვის ფასეულია. სამოქალაქო დაპირისპირება არავის არგებს და სახელმწიფოებრიობას დაგვაკარგინებს.

საზოგაოებრივ შეთანხმება-ხელშეკრულებაზე დამყარებულ სახემწიფოს ლიბერალური დემკრატია ეწოდება.  სიტყვა ‘’ლიბერალს’’ ხშირად ახსენებენ ხოლმე ჩვენში და არც თუ იშვიათად უადგილოდ. ასეთი სახელმიფო  წყობა ვინმე  აბსტრაქტული ‘’ლიბერალებისთვის ‘’  არ არის, ის საზიგადოებრივი შეთანხმების შედეგი-პროუქტია, სადაც   ყველა ჯგუფს ექნება თავისი ადგილი. დასავლეთში სახელმწიფოს ამგვარ  მოწყობამდე  ნაბიჯ-ნაბიჯ მივიდნენ და ამ გზაზე ზოგმა მათგანმა სისხლისღვრა  და სამოქალაქო ომები გადაიტანა. ამის მკაფიო მაგალითი ესპანეთია. რა თქმა უნდა,  საქართველოში სამოქალაქო ომი არ და ვერ მოხდება, სხვა დრო და ვითარებაა, მაგრამ სამოქალაქო დაპირისპირება და ‘’პოგრომები’’ შესაძლებეელია. თუმცა,  არასასურველი გზის არჩევის შემთხვევაშიც,  მრავალი ტკივილის და განსაცდელის გადატანის შემდეგ, ისევ იმ დასკვნამდე მივალთ, რომ საზოგადოების ერთი ნაწილის მიერ მეორეზე დომინირება არასტაბილურობის მიზეზი, ენერგიის ფუჭად ხარჯვა და განვითარების შემაფერხებელია. ბოლოს მაინც  იმ დასკვნამდე მივალთ, რომ საზოგადოებრივ შეთანხმებაზე დამყარებული სახელმწიფო  გარდაუვალი აუცილებლობაა.

რწმენების მეშვეობით,  უშედეგო კამათისგან განსხვავებით, ფაქტები არ სტყუიან. საზოგადო შეთანხმებაზე დამყარებული სახელმწიფოს უპირატესობის სასარგებლოდ ზემოთ ხსენებულ ესპანეთის სამოქალაქო ომის დროინდელ ერთ მაგალითს მოვიტან. ესპანეთში ორი მხარე – უკიდურესი მემარჯვენე-ფრანკისტები (ჩვენი კონსერვატიულ-ტრადიციული საზოგადოების ექვივალენტი)  და ნაირგვარი ჯგუფების ერთობა ( ლიბერალები, სოციალისტები, ანარქისტები, კომუნისტები )– იბრძოდა..  ომის დასასრულისკენ,  დამარცხებისთვის განწირული ერთ-ერთი ანტიფაშისტური  რაზმის მეთაურმა თანამებრძოლებს ასეთი სიტყვებით მიმართა :  ჩვენი მტერი თვლის, რომ სიმართლე მის მხარეზეა,  მათ  სწამთ, რომ მართალი საქმისთვის იბრძვიან. მე შემიძლია გითხრათ, სინამდვილეში ვისთან არის სიმართლე.  თუ მტერმა გაიმარჯვა, ესპანეთი მხოლოდ მათი იქნება და ჩვენთვის ამ ქვეყანაში ადგილი აღარ დარჩება. ჩვენი გამარჯვების შემთხვევაში კი, ესპანეთი ყველასთვის იქნებაჩვენთვისაც და მათთვისაც,  ვინც დღეს   სამშობლოს გვართმევს.

ამ სიტყვებით ყველაფერია ნათქვამი..

მასალების გადაბეჭდვის წესი