პრაღაში არაერთხელ ჩემი მასპინძელი ვაცლავის თანამოაზრე და მეგობარი ირჟინა შიკლოვა იყო. ირჟინას ყველა იცნობს. განა მარტო პრაღაში? მთელს ქვეყანაში. ფემინისტი, ძალიან აქტიური ადამიანი. კარლოვის უნივერსიტეტში სოცმუშაკის ფაკულტეტის დამაარსებელი. 6 წლის წინათ პრეზიდენტობის კანდიდატაც კი დაასახელეს. ირჟინაც ციხეში იჯდა. მაშინ ერთმანეთს არ იცნობდნენ. უბრალოდ, როცა ვაცლავი ციხეში იჯდა, ირჟინა მის წერილებსა და მიმართვებს ავრცელებდა და დასავლეთს აგებინებდა. ერთხელ ჩემმა მასპინძელმა ერთ ცნობილ კაფეში წამიყვანა. იქ ძველი ანტისაბჭოელი დისიდენტები და მოქმედი მთავრობის წევრები ერთმანეთს ხვდებოდნენ და ერთმანეთს გვარიანადაც „შეჯორავდნენ“ ხოლმე. უფრო პირველები – მეორეებს. ეს არ იყო რესტორანი. ეს იყო საოცრად გემრიელი დელიკატესების „ფონზე“ ერთმანეთის კრიტიკა. როგორც ახლა იტყოდნენ – „კონსტრუქციულად“. ანეკდოტებითაც. იქ ვაცლავ ჰაველის ძმა გავიცანი. ირჟინამ სურათიც კი გადაგვიღო. იმ საღამოს ვაცლავ ჰაველისგან ინტერვიუს აღების იდეა მომივიდა. რასაკვირველია, ყველაზე მოკლე გზა ირჟინას პროტეჟეობაზე გადიოდა. თან ვნანობდი, იქნებ ვაცლავის ძმასთან „ჩამეწყო“. ძალიან თბილად ახსენა საქართველო და იმიტომ. ირჟინას მივმართე, მაგრამ ვერ გავითვალისწინე, რომ იქ ამგვარი რაღაცეები არ მოსულა. ირჟინამ მკაცრი უარი მტკიცა. მომცა პრეზიდენტის ვებგვერდის მისამართი და აი, აქ მისწერეო, ჰაველის პრეს–სამსახურსო. ვაცლავს ასეთი თხოვნები არ უყვარსო და არც მეო. მოვუბოდიშე. სასწრაფოდ გავამზადე კითხვები ინგლისურად და გავაგზავნე. უკვე საქართველოში რომ ვიყავი, პასუხი მაშინ მომივიდა. გავითვალისწინებთო… ჩემი მეგობარი კი მას მერე მეხუმრებოდა: „ნეტა, მაშინ რომ არ დავბნეულიყავით და შენ იმ „ულიჩკაზე“ შენი დიქტოფონით პრეზიდენტს მიახლოებოდი, მაშინ ხომ მაინც გავიგებდით, მიჰყვებოდა თუ არა მას დაცვაო?“…
თბილისში, კედელზე, ხის ჩარჩოში ვაცლავ ჰაველისა და მისი მეორე მეუღლის მიერ გამოგზავნილი საახალწლო მილოცვა მაქვს; ფოტოალბომში კი ერთი განათებული ფანჯრის სურათს ვინახავ. როცა პრაღაში ჩავდიოდი, ჩემთვის ყველაზე საინტერესო გიდი ვაცლავ ჩერნი იყო, რადგანაც არასოდეს ეზარებოდა და საღამოს პრაღაში ჩემთან ერთად, ჩემი ხათრით, საათობით, ლამის გათენებამდე დაბორიალობდა. თან პრაღის ამბებს ქართულად მიამბობდა. საქართველოს დიდი მოყვარული, საოცრად ნიჭიერი, პოლიგლოტი და თოვლის ბაბუასავით თბილი ადამიანი მსოფლიოში ყველაზე კარგი გიდია. ისე, ვაცლავ ჩერნი მართლაც ჰგავს თოვლის ბაბუას, დიდი და თეთრწვერა, გულღია სიცილით. ჰოდა, რამდენჯერმე პრეზიდენტის სასახლეში შევბორიალდით. ერთხელ ძალიან გვიანი იყო, მგონი, დილის ორი საათი. ჰოდა, ვაცლავმა ერთ ანთებულ ფანჯარაზე მიმითითა. პრეზიდენტის კაბინეტის ფანჯარააო. ნახეო, სინათლეც ანთია და იქვე დროშაც ფრიალებსო. როცა დროშა დაშვებულია, ე.ი. პრეზიდენტმა სასახლე დატოვაო. იმ თითქმის გამთენიისას დროშაც მაღლა ფრიალებდა და სინათლეც ენთო…
