კომენტარი

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” განმარტება “ტაბულას” განცხადებაზე

14 დეკემბერი, 2011 • 1564
“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” განმარტება “ტაბულას” განცხადებაზე

ჟურნალი “ტაბულას“ რედაქციის 14 დეკემბერს გამოქვეყნებული განცხადების საპასუხოდ,  „საერთაშორისო გამჭვირვალობა -საქართველოს“ განმარტავს, რომ ჟურნალი ჩვენი კვლევის განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში არ ყოფილა. კვლევის უმთავრესი მიზანი საქართველოს სარეკლამო ბაზრის სისტემური პრობლემების გამოვლენა იყო. 50-გვერდიან ანგარიშში ერთი აბზაცი ეთმობა ჟურნალი „ტაბულას“ და ამ აბზაცში მხოლოდ იმ ფაქტებზეა საუბარი, რასაც ნებისმიერი მსურველი ამ ჟურნალის გადაშლისას თავადაც აღმოაჩენს. კერძოდ, ანგარიშში ჩვენ აღვნიშნეთ, რომ „ტაბულას“ აქვს ძალიან ბევრი რეკლამა.  აქ რეკლამას ათავსებენ სამთავრობო სტრუქტურებიც. ამ შემთხვევაში რეკლამის განთავსება საჯარო ფინანსების ხარჯზე ხდება და ამ უწყებებს მეტი გამჭვირვალობა მოეთხოვებათ. ჩვენ გვჯერა, რომ სახელმწიფო სტრუქტურების მიერ ნებისმიერ მედია–საშუალებაში რეკლამის განთავსებისას დარწმუნებულები უნდა ვიყოთ, რომ ხალხის ფული, რომელიც ერთ კონკრეტულ მედიასაშულებაში იყრის თავს, არ წარმოადგენს ბიზნესისთვის ფარული სუბსიდირების წყაროს.

რაც შეეხება კერძო კომპანიების მიერ კონკრეტულ მედია–საშუალებებში რეკლამის განთავსებას, “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” ამაში პრობლემურს არაფერს ხედავს. ანგარიშზე მუშაობისას ორგანიზაციას ამ საკითხზე ყურადღება არ გაუმახვილებია. ასევე,  არ შეუსწავლია კონკრეტული მედია–საშუალებების მარკეტინგული სტრატეგია, მათ შორის საფასო პოლიტიკა.

ანგარიშზე მუშაობისას აღმოჩენილი ერთ–ერთი საკვანძო პრობლემა არის ის, რომ საგამოძიებო საქმიანობით  დაკავებულ რიგ დამოუკიდებელ მედიაგამოცემებს უჭირთ რეკლამის მოზიდვა და ეს, ხშირ შემთხვევაში, ბიზნესმენთა თვითცენურის შედეგია. მეორე ზოგადი პრობლემა, რასაც ანგარიშშიც ხაზი გავუსვით, პოლიტიკის, მედიის და ბიზნესის ურთიერთკავშირია. ეს კავშირი არ არის უკანონო, მაგრამ აუცილებელია, მკითხველმა იცოდეს ამის შესახებ.

„ტაბულას“ და „ლიბერალის“ სამიზნე აუდიტორიის დადგენისას ზოგადი შეფასებებით ვიხელმძღვანელეთ.  ორივე ჟურნალი მაღალი  ხარისხით გამოირჩევა და მათი მკითხველი ძირითადად ურბანული მოსახლეობაა – ადამიანები, რომლებიც პოლიტიკასა და კულტურაში მიმდინარე პროცესებით არიან დაინტერესებული.

ჩვენ გაკვირვებული ვართ „ტაბულას“ რეაქციით, რადგან  ჩვენი კვლევის შესაბამისი ნაწილის კითხვისას ნათლად ჩანს, რომ „ტაბულა“, მისი მფლობელი, ან მთავარი რედაქტორი  არაფერში  დაგვიდანაშაულებია. ყოველთვის ვცდილობთ, ჩვენი ანგარიშები იყოს ყოვლისმომცველი და სამართლიანი, და  არა გვაქვს იმის პრეტენზია, რომ ჩვენი კვლევები სრულყოფილია. თუ ვინმე ფაქტობრივ შეცდომაზე მიგვითითებს, რა თქმა უნდა, ამას გავასწორებთ, მაგრამ ჯერ ასეთი  მოთხოვნით არავინ დაგვკავშირებია.

ვებგვერდზე ატვირთულ ჩვენს ანგარიშს კომენტარად დავურთეთ ჟურნალ “ტაბულას” 14 დეკემბრის განცხადება, რადგან მკითხველს საშუალება მიეცეს, გაეცნოს ორივე მოსაზრებას,”–ავრცელებს განცხადებას “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო.”

მასალების გადაბეჭდვის წესი