კომენტარი

ქიბარ ხალვაში: ივანიშვილი ჩაენაცვლება სააკაშვილს

8 ნოემბერი, 2011 • 1295
ქიბარ ხალვაში: ივანიშვილი ჩაენაცვლება სააკაშვილს

გერმანიაში ემიგრირებული ქართველი ბიზნესმენი ქიბარი ხალვაში სრულ მხარდაჭერას უცხადებს ბიძინა ივანიშვილს. საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის მეგობარი, ტელეკომპანია “რუსთავი 2″–ისა და “მზის” ყოფილი თანამფლობელი, საქართველოში ყველაზე მსხვილი სადისტრუბუციო კომპანია “არტი ჯგუფის” ყოფილ მფლობელი ქიბარ ხალვაში “ბათუმელებთან” საუბარში იხსენებს, თუ როგორ და რა ვითარებაში მოუხდა მას საქართველოს დატოვება და რა მიზანს ემსახურება მისი მხრიდან ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური საქმიანობისადმი მხარდაჭერის გამოცხადება:

– ბატონო ქიბარ, ახლა რას საქმიანობთ?

– ამჟამად ვიმყოფები გერმანიაში, მიუნხენთან ახლოს, ოჯახთან ერთად. წყნარად ვცხოვრობ. ახლაც ბიზნესმენი ვარ და ახლაც მაქვს გავლენა. უბრალოდ, საქართველოში – ნაკლებად. დღეს ქართველებს არ გვეძლევა ჩვენი რესურსის გამოყენების საშუალება ქვეყნის ასაშენებლად. მიშა სააკაშვილს მდიდარი ქართველის ეშინია და ცდილობს, უცხოელები შემოიყვანოს. უცხოელების შემოყვანა კარგია ქვეყნისთვის, მაგრამ ისინი ჩვენი ქვეყნის აშენებაზე არ ფიქრობენ, მათ ერთი მოტივაცია აქვთ – რამენაირად ბიზნესში ჩადებული ინვესტიცია ამოიღონ.

– თქვენ მუშაობდით კავკასიის მასშტაბით. ეს ბიზნესი სად გაქვთ შენარჩუნებული?

– საქართველოში შექმნილი სიტუაციის გამო, “პროქტერ ენდ გემბელმა” ჩათვალა, რომ მე პოლიტიკურად ანგაჟირებული ვიყავი და ამიტომ მთელ კავკასიაში მომიხდა ბიზნესის დათმობა. ქვეყნის გარეთ არსებული აქტივების რეალიზაციიდან ამოგებული თანხით ბიზნესი გადავიტანე თურქეთში და უფრო პასიური ბიზნესით ვარ დაკავებული.

– ბოლო დღეებში ბევრი დაიწერა იმაზე, თუ რა გზით აძლევდა ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებას ფულს. თქვენ როგორ აძლევდით ხელისუფლებას ფულს, თუ აძლევდით საერთოდ და რა საქმეს ხმარდებოდა ეს ფული?

– ძალიან დიდ  ფულს ვაძლევდი ხელისუფლებას, ოღონდ გადასახადების გზით. არასდროს, არც ერთი ჩვენი კომპანიის ისტორიაში, არც ერთი პარტიისთვის ფული არ გადაგვიხდია. ზედმეტი არც სააკაშვილის ხელისუფლებისთვის და არც “ნაციონალური მოძრაობისთვის” არ მიგვიცია და მე ეს მეამაყება. ერთ ისტორიას მოვყვები: 2006 წლის ადგილობრივ არჩევნებზე ფულის გამოსართმევად მიადგნენ ჩვენს ერთ-ერთ კომპანიას. ფინანსური პოლიციიდან იყვნენ და ამიტომ კეზერაშვილს დავურეკე, რა ხდება-მეთქი. არ ვიცოდი, შენი თუ იყო, ბოდიშიო. მაგრამ ისე არ გიღირსო… მაშინ უარი ვუთხარი. კომპანიებს პოლიტიკური პროცესებისგან დამოუკიდებლად ვმართავდი, რადგან მეშინოდა პოლიტიკური პროცესების, მაგრამ ეს ბოლოს მაინც შეგვეხო.

– საქართველოში ვინ ჩაანაცვლა თქვენი ბიზნესი, კეზერაშვილთან დაკავშირებულმა კომპანიამ?

– ეს მნიშვნელოვანი არ არის. პროქტერ ენდ გემბელმა თვითონ მოიყვანა ებრაული კომპანია. ეჭვი მეპარება, რომ სახელმწიფო სტრუქტურებიდან ლეგალურად ვინმე იყოს დაინტერესებული… არ არსებობს ეგ ვარიანტი. სამშენებლო კომპანიები კი სახელმწიფომ წაიღო, მთელი ტექნიკა მიითვისეს და ახლა თვითონ მუშაობენ.

– ხანძარი არტი”–ში, საწყობების გაძარცვა ბათუმში… ამ საქმეების სასამართლო პროცესები რა სტადიაზეა?

– ტელევიზორებში ვანოს უძლეველობაზე ლეგენდები რომ დადის, არაფრის მაქნისები არიან. ან ვერ ნახეს, ან თვითონ მოიპარეს ის, რაც ბათუმის ოფისის გაძარცვას ეხება. დიდი ეჭვი მაქვს, რომ აჭარის უშიშროების შესრულებული იყო ეს ოპერაცია. ეს ინფორმაცია შიგა სტრუქტურებიდან მაქვს… სასამართლო პროცესებს მოვრჩი. აღმოჩნდა, რომ არ ვართ მართლები. საერთაშორისო დონეზე გადავიტანეთ ეს პროცესები.

– ოქრუაშვილზე მინდა გკითხოთ. თქვენ ამბობთ, რომ ბიზნესს აკეთებდით ჩარევის გარეშე. ანუ ოქრუაშვილის გავლენას გამორიცხავთ?

– მე, ჩემი პრინციპებიდან გამომდინარე, არ შემიძლია უპირატესობა მივიღო, არალეგალური, არაეთიკური გზით. ის როდესაც სახელმწიფო სამსახურში გადავიდა, მე ბიზნესის კეთების გამარტივებისთვის სახელმწიფოსთვის არ მიმიმართავს, არც ოქრუაშვილისთვის, არც სხვა ნაცნობ–მეგობრებისთვის და არც სააკაშვილისთვის. თუ რამე გავაკეთე, ისევ მათი თხოვნით, რომ სახელმწიფოს დავხმარებოდი. და ძალიან დიდი შეცდომაც დავუშვი.

– თქვენი ყველაზე დიდი შეცდომა რა იყო?

– ის იყო, რომ მეგობრობა გავაგრძელე ძველ მეგობრებთან მათი ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ. ამ შემთხვევაში მხოლოდ ოქრუაშვილი არ მყავს მხედველობაში – ადეიშვილი, მერაბიშვილი და ა.შ. მე მეგონა, რომ ის ადამიანები, ვისთანაც ვმეგობრობდი და მერე ხელისუფლებაში მოვიდნენ, სასიკეთო საქმეს აკეთებდნენ. როცა დავრწმუნდი, რომ არც მთლად მასეა საქმე, გვიანი იყო, მე უკვე ჩათრეული ვიყავი მაგ საქმიანობაში. ამიტომაც აბსოლუტურად მესმის ივანიშვილის.

– ივანიშვილს პირადად იცნობთ?

– არა.

– მაგრამ იცნობთ საქართველოს ხელისუფლებაში გადაწყვეტილების მიმღებ ყველა პირს. აქედან გამომდინარე გეკითხებით, თქვენი აზრით, ივანიშვილს ქართულ პოლიტიკაში დამკვიდრების შანსი აქვს?

– ჭკვიან ადამიანს ყველგან აქვს დამკვიდრების შანსი. ეჭვიც არ მეპარება, რომ ივანიშვილი წარმატებას მიაღწევს. საქმიანი ადამიანის წარმატების საფუძველი, პირველ რიგში, ის არის, რომ მის ნათქვამს ჰქონდეს ფასი. პირობას რომ მისცემ ადამიანებს, ამ პირობის მეორე მხარესაც უნდა სჯეროდეს. რაკი ამხელა წარმატებას მიაღწია, ე.ი. იმ ადამიანმა სიტყვის ფასი იცის. როცა ის ამბობს, რომ ამას გააკეთებს, ის მისთვის ვალდებულებაა. ვფიქრობ, სიცრუის ჩანაცვლების დროა, ანუ ივანიშვილი ჩაენაცვლება სააკაშვილს.

– ახლა რასაც ამბობთ, იმის გჯერათ, თუ ეს სურვილია?

– არარეალური ცხოვრებიდან არ ვარ მოსული. გავეცანი ივანიშვილის განცხადებებს, ინტერვიუს, ვნახე პრესკონფერენცია… მან ახსნა, როგორ შევიდა შეცდომაში, რატომ ეხმარებოდა ხელისუფლებას, რას და რატომ აპირებს. „ჩემგან ბევრს ნუ დაელოდებით“, „მე განსაკუთრებული ადამიანი არა ვარ, შეცდომა შეიძლება მეც მომივიდეს“, – ის როცა ამას ამბობს, ცდილობს, ხალხს ცრუ მომავლის იმედი არ გაუჩინოს. ცდილობს, რომ მის ნათქვამ სიტყვას ფასი შეუნარჩუნოს. ის არ ჰგავს იმ ადამიანებს, რომლებიც 100 დოლარი პენსიის ნაცვლად 100 ლარს იძლევიან. სწორი რეაქცია აქვს ხალხსაც – ბანკებთან ანგარიშების გასახსნელად რიგები დგას. აქედანაც ჩანს, რომ მიშა ხალხს ამოუვიდა ყელში.

მიშა სააკაშვილმა ამოწურა ყველა რესურსი, მათ შორის ტყუილის რესურსი. სააკაშვილს არ შეუძლია ეს ადამიანი მოიშოროს ფიზიკურად, არ შეუძლია რუსის აგენტობა დააბრალოს, მისი აღარ სჯერა ხალხს… ისინი გაკოტრდნენ და რამდენადაც მათ ვიცნობ, ვფიქრობ, ეს გამოიწვია მაგათი ცხოვრების კრედომ – საქართველოს უყურებენ, როგორც პირად საკუთრებას. ეს სჭირდებათ იმისთვის, რომ დრო ატარონ, იფრინონ თვითმფრინავებით საუკეთესო კურორტებზე და მერე ერთმანეთს ეტრაბახონ… მთელი ცხოვრების შინაარსი ეგ არის.

– ვის გულისხმობთ?

– მიხეილ სააკაშვილია ეგეთი კაცი. ვინც მასთან ახლოს არის, ყველა ცდილობს პატარა მიშა სააკაშვილი იყოს – ადეიშვილი, მერაბიშვილი, ბოკერია, ახალი გამოჩეკილი ახალაიები…

– იცნობთ იმ მხარეს, რომელზეც ახლა საუბრობდით, მეორე მხრივ, არის დიდი კაპიტალის მქონე ადამიანი. თქვენ როგორ ხედავთ მოვლენების განვითარებას?

– კაპიტალი სააკაშვილისა და მისი გუნდისთვის ფულია, როდესაც ისინი ჩემთან მოლაპარაკებას აწარმოებდნენ, მთავაზობდნენ, რომ ფული მექნებოდა, ქონება შემინარჩუნდებოდა, მაგრამ არ მექნებოდა ადამიანობა. ფული არაფერი არ არის იმასთან შედარებით, რაც ამ კაცს საქართველოსთვის გაუკეთებია და ნდობა გააჩნია. დღეს სააკაშვილს არანაკლები ფული აქვს, მაგრამ კაპიტალი – არა, მის სიტყვას ფასი დაეკარგა… არავის აინტერესებს რა გაქვს ჯიბეში, იმისგან სარგებელი არავის აქვს.

– აპირებთ საქართველოში დაბრუნებას?

– აბა, უსახელო და უგვარო უცხოელი ვიყო?! დავბრუნდები, მაგის დროც მოვა.

– თქვენს ძმაზე მინდა გკითხოთ. ითქვა, რომ როცა ის დააკავეს, ნაღდი ფული გადაიხადეთ, 5 მილიონი დოლარი…

– 5 მილიონი კი არა მთელი ჩვენი აქტივები ჩავდეთ და მოვშორდით მაქაურობას. 5 მილიონი არ გადამიხდია. ერთ-ერთი კომპანია, რომლის ვალიც გააჩნდა სახელმწიფოს, დასათვლელი იყო ეს ვალი, მაგრამ დაახლოებით 14 მილიონს აღწევდა, ის გადავუფორმეთ. მაგის ნაცვლად გამოუშვეს ჩემი ძმა და ერთ-ერთი ჩემი კომპანიის დირექტორი. ჩემი კომპანია თითქოს სახელმწიფომ წაიღო, მაგრამ ბევრი გადარიცხვა-გადმორიცხვის შემდეგ თანხა მათთვის სასურველ ანგარიშებზე დასვეს. მაგის დამადასტურებელი ყველა საბუთი მაქვს. მაგ საბუთების გამკეთებელს ჩემს ძმაზე უარესი ცხოვრება შეხვდება, არაფერს ვაპატიებ.

– ვის გულისხმობთ?

– ეჭვი მაქვს, რომ ახალაიას დავალებას აძლევდნენ მერაბიშვილი, ადეიშვილი და მიშა სააკაშვილი. იმედი მაქვს, მაგ კომბინაციის გმირებს სასამართლო წესით პასუხს ვაგებინებ.

– ამჟამად საქართველოში რაიმე ქონებას ფლობთ?

– აბსოლუტურად არაფერს.

– ამხელა ბიზნესი ერთი ადამიანის, ირაკლი ოქრუაშვილის გამო დაკარგეთ?

– ოქრუაშვილის გამო არაფერი დამიკარგავს. ეგ მოხდა მიხეილ სააკაშვილის ავადმყოფობის გამო და არამარტო მე ჩავვარდი მაგ დღეში. დღეს თავიანთი გუშინდელი მეგობარი გაწირეს და მთელი ქონება წაართვეს. კობა ნაყოფიაზე მაქვს საუბარი. მიშა სააკაშვილი არის არანორმალურად გაუმაძღარი ადამიანი, რომელიც ნებისმიერ ადამიანს გაწირავს.

– გაქვთ ინფორმაცია რა მოხდა ნაყოფიას შემთხვევაში?

– არა. საქმე კარგად რომ იყოს, ჩანაცვლება არ მოხდებოდა. ეგ ყველაფერი პირად ინტერესებსა და ფინანსებთან არის დაკავშირებული.

– ოქრუაშვილთან ახლაც ახლო ურთიერთობა გაქვთ?

– ოქრუაშვილის ბავშვის ნათლია ვარ, შესაბამისად, კონტაქტი მაქვს. პოლიტიკური თვალსაზრისით, არც ერთ პარტიასთან დღემდე არ მითანამშრომლია. მე ისეთი ქცევა, როგორც პოლიტიკოსები იქცევიან, არ მეხერხება. ვფიქრობ, მომავალში ცოტა მიუახლოვდება ბიზნესს თავისი შინაარსით პოლიტიკა. შესაბამისად, ხალხს ორმაგი ლაპარაკი არ დასჭირდება, ერთი ეკრანზე და ერთი ვიღაცებთან.

– ხომ არ გისაუბრიათ ოქრუაშვილთან ბოლო განცხადებაზე, რომელიც მან რუს ჟურნალისტებთან გააკეთა?

– მე არ ვაგებ პასუხს ოქრუაშვილის განცხადებებზე. მას ჩემთვის აზრი არ უკითხავს და მე არავის ჭკუას არ ვარიგებ. ისე, ეგ ამბავი ზუსტად არც მახსოვს.

– მე შემიძლია შეგახსენოთ, თქვა რომ ერთ-ერთ ტერორისტს საქართველოს ხელისუფლება მუდმივად აძლევდა დერეფანს.

– არ მაინტერესებს ეგ ამბავი. არ მინდა პოლიტიკაზე საუბარი.

– თქვენ აქტიურად უჭერთ მხარს ბიძინა ივანიშვილს…

– მიხარია, ივანიშვილისთანა ადამიანმა რომ აიღო ვალდებულება საქართველოს მოსახლეობის ცხოვრების დონის გაუმჯობესებაზე. მე მხარს ვუჭერ საქართველოში პოლიტიკური პროცესების გაჯანსაღებას და არა – რომელიმე პიროვნებას.

ეს იმას არ ნიშნავს, რომ თოფი უნდა აიღო სამართლიანობის აღდგენის სახელით და ყაჩაღობა დაიწყო. არც ტანკის ქვეშ მატროსოვივით დაწოლისკენ მოვუწოდებ არავის. ჩუმად შეიძლება საქმის კეთება. ადამიანებს, რომლებსაც ავტორიტეტი აქვთ, ახლობლებს უნდა მოუწოდონ, რომ მხარი დაუჭირონ საქართველოს პროგრესს. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ღია ომი გამოაცხადო. ამ ეტაპზე ვინც ღია ომს გამოაცხადებს, აუცილებლად დაზარალდება. გერმანიიდან ჩემთვის ადვილია ამის თქმა – მიდი, ებრძოლე. უბრალოდ, მათ შეუძლიათ ჩუმად გააკეთონ საქმე და იმის დროც მოვა, როდესაც ღიად უნდა დააფიქსირონ თავიანთი პოზიცია.

მასალების გადაბეჭდვის წესი