სახეობათა კონსერვაციის ცენტრი „ნაკრესი“ ავრცელებს მიმართვას ნადირობის წესებსა და პროცედურებში ცვლილებების კანონპროექტის შესახებ, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
„ნაკრესი“ მიესალმება საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის ინიციატივას, სამართლებრივად დარეგულირდეს და მოწესრიგდეს ნადირობა. ეს ინიციატივა მიუთითებს, რომ ხელისუფლება უკვე აღიარებს ცხოველთა სამყაროს მონეტარულ ფასეულობას, რაც ბრაკონიერობაზე კონტროლის გამკაცრების იმედს გვაძლევს.
მიუხედავად ამისა, წარმოდგენილ კანონპროექტში არის ორი უაღრესად პრინციპული საკითხი, რაც ეწინააღმდეგება როგორც ბუნებრივი რესურსების მდგრადი გამოყენების პრინციპებს, ასევე საქართველოს მიერ ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებებს:
- კანონპროექტი ითვალისწინებს საქართველოსა და საერთაშორისო წითელ ნუსხებში შეტანილ ზოგიერთ სახეობაზე ნადირობის დაშვებას, თანაც ყოველგვარი წინასწარი შეფასებისა და მონიტორინგის გარეშე;
- კანონპროექტი ითვალისწინებს ნადირობის დაშვებას საქართველოს ეროვნულ პარკებში.
ჩვენი აზრით, ამგვარი ცვლილება ცალსახად უარყოფით შედეგებს გამოიწვევს, რომელთა შორის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შემდეგი:
- სრული განადგურების საფრთხე დაემუქრება წითელ ნუსხაში შეტანილ ზოგიერთ მცირერიცხოვან სახეობას;
- ეროვნულ პარკებში ნადირობის დაშვების შედეგად, საქართველოში პრაქტიკულად აღარ დარჩება ადგილი, სადაც ველური სახეობები ბუნებრივ გარემოში გამრავლდებიან, ანუ აღარ იქნება ამ სახეობათა ბუნებრივი რეზერვუარები (მცირე ფართობის მქონე სახელმწიფო ნაკრძალები ამ ფუნქციას ვერ შეასრულებენ), რის გამოც აზრი ეკარგება დაცული ტერიტორიების ფუნდამენტურ არსს;
- ზოგიერთი შემოთავაზებული ცვლილება მოკლევადიან ფინანსურ ეფექტზეა ორიენტირებული და არ შეუწყობს ხელს მდგრადი სანადირო ტურიზმის განვითარებას;
- საფრთხის ქვეშ დადგება საქართველოს ეროვნული პარკების ტურისტული პოტენციალი, ისევე როგორც საქართველოს ეკოტურისტული მიმართულების საერთაშორისო იმიჯი;
- კანონპროექტით შემოთავაზებული ცვლილებების გატარება ფაქტობრივად საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ ბუნების დაცვის სფეროში ჩადებული მრავალმილიონიანი ინვესტიციების წყალში გადაყრას ნიშნავს. ეს სამომავლოდ ეჭვქვეშ დააყენებს ამ სფეროში ისეთი მნიშვნელოვანი დონორების დახმარებას, როგორიცაა ევროკავშირი და მისი წევრი ქვეყნები, გარემოს დაცვის გლობალური ფონდი და სხვ.
თხოვნით მივმართავთ საქართველოს პარლამენტს, აღნიშნული კანონპროექტის განხილვის პროცესში ჩართოს სათანადო კომპეტენციის ორგანიზაციები და ექსპერტები. ვფიქრობთ, არსებობს ამ კანონპროექტის დახვეწის შესაძლებლობა, რის შედეგადაც ის დაეფუძნება მდგრადი გამოყენების პრინციპებს, უზრუნველყოფს საქართველოს ველური ფაუნის გადარჩენასა და, ამავდროულად, გაითვალისწინებს კერძო ბიზნესისა და ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესებს.