ქუთაისში გაფიცული მუშების დაკავების მიზეზი ამ ხალხის დაშინება იყო, -აცხადებს ირაკლი პეტრიაშვილი, საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარე.“მიზანი იყო, რომ ადამიანებმა არასოდეს არ მიიღონ მონაწილეობა აქციებში, არასოდეს არ გამოთქვან პროტესტი უკანონობასთან დაკავშირებით. ეს აბსოლუტურად ბუნებრივიც არის, რადგან ქვეყანაში მეფობს უკანონობა და, ბუნებრივია, ადამიანებს ჭირდებათ ასეთი ხუნდები ხელებზე, ან დაშინება, ან შესაბამისი კომპრომატები თუ შანტაჟი, ან შავი პიარი, რათა არ მიიღონ აქციებში მონაწილეობა და არ გამოთქვან აზრი”, -აცხადებს პეტრიაშვილი.
“ვერ გეტყვით, რა იყო ქუთაისში გაფიცული მუშების დაკავების მიზეზი, ეს მერაბიშვილს [შინაგან საქმეთა მინისტრს] და პოლიციას უნდა ჰკითხოთ”, -უთხრა “ნეტგაეზთს” პეტრიაშვილმა.
“გაიხსენეთ ჩვენი ისტორია, სტალინის, ხრუშჩოვის, ბრეჟნევის პერიოდი და ეგ არის, რა”.
კითვაზე, რატომ ადარებს დღევანდელ საქართველოს ტოტალიტარულ რეჟიმებს, პეტრიაშვილმა განაცხადა:
“მეტი რა შედარება უნდა გამოიყენო. ადამიანს რომ პროტესტი აქვს და კონსტიტუციის და შრომის კოდექსით გათვალისწინებულ უფლებას ვერ იყენებს, ხოლო სახელმწიფო სტრუქტურა ვერ ჯდება კანონის ფარგლებში და აბსოლუტურად უმოტივოდ, ბრალდებასაც კი ვერ უყენებს დაკავებულ ადამიანებს , [რომ მათ ან ხულიგნობა ჩაიდინეს, ან ნარკოტიკები აღმოაჩნდათ, როგორც იციან] და უბრალოდ აკავებს, რა პერიოდს შევადარო, მითხარით და შევადარებ”.
ირაკლი პეტრიაშვილის თქმით, ისინი გუშინ უკავშირდებოდნენ სამართალდამცავებს, რომლებიც არანაირ პასუხს არ სცემდნენ. პროფკავშირების გაერთიანების ხელმძღვანელი ამბობს, რომ პროფკავშირების დაკავებული წევრები, რომლებიც პოლიციამ გვიან ღამით გაათავისუფლა, მანქანებით ტყეში და ქუჩებში დატოვეს, რადგან გარეთ ადვოკატები და ჩვენი ორგანიზაციის წარმომადგენლები ელოდებოდნენ, და არ სურდათ იმის დაფიქსირება, რომ ეს ადამიანები საერთოდ იმყოფებოდნენ პოლიციაში.
“ადვოკატებს არანაირ საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობა არ მიუღიათ, რადგან საერთოდ მალავდნენ ამ ადამიანების დაკავებას და გვეუბნებოდნენ, რომ ამ გვარის ადამიანები პოლიციის შენობაში არ იმყოფებოდნენ”.
“პროტესტი გაგრძელდება, თუმცა, რა ფორმით და როგორ, მას შემდეგ გადავწყვეტთ, რაც ამ ტყეში დაყრილ ადამიანებს შევაგროვებთ და გავაანალიზებთ მდგომარეობას”, ამბობს პეტრიაშვილი და დასძენს, რომ ამით პროფკავშირებმა დაამტკიცა, რომ არის დამოუკიდებელი გაერთიანება და მოქმედებს თავისი კომპეტენციის და კანონის ფარგლებში.





