კომენტარი

სიმბოლური პროგრამა ეთნიკური უმცირესობებისთვის

23 აგვისტო, 2011 • 2563
სიმბოლური პროგრამა ეთნიკური უმცირესობებისთვის

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისთვის რუსულ ენაზე განათლების მიღების შეზღუდვასთან დაკავშირებით, „ნეტგაზეთთან“ სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათაშორისი ურთიერთიებების ცენტრის ხელმძღვანელი შალვა ტაბატაძე საუბრობს:

საქართველოში რუსული სკოლები მცირდება. არის შემთხვევები, როდესაც თბილისსა და ქვემო ქართლის რეგიონში, სადაც მოსახლეობის დიდ ნაწილს ეთნიკურად არაქართველები წარმოადგნენ, რუსული სკოლა სექტემბრიდან მთლიანად ქართულად გადაკეთდება. რამდენად სწორია სახელმწიფო სტრატეგია რუსული სკოლების შემცირებასთან დაკავშირებით?

რუსულენოვანი სკოლები, რაც დღეს საქართველოში ფუნქციონირებს, მოსწავლეების დიდი ნაწილისთვის არც სახელმწიფო ენის და არც მშობლიური ენის სწავლებას ხელს არ უწყობს. ამ სკოლების მოსწავლეთა უმრავლესობისთვის რუსული არ არის მშობლიური ენა. თუმცა არის ნაწილი, რომლისთვისაც რუსული ენა მშობლიური ენაა. თუნდაც იგივე ჯავახეთში, ვანში, სადაც ეთნიკურად სომხები არიან, იქ მშობლიური რუსული ენაა, რადგან მშობლებს რუსული განათლება აქვთ მიღებული, და შვილებსაც რუსულ განათლებას აძლევენ. ამასთან, მშობელს მხოლოდ რუსულ ენაზე შეუძლია დაეხმაროს შვილს გაკვეთილების მომზადების დროს. ამ პროცესში მშობლის ჩართულობა უმნიშვნელოვანესია.

თუმცა, კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ უფრო დიდი რაოდენობისთვის რუსული არც მშობლიურია და არც სახელმწიფო ენაა. ასეთ შემთხვევაში კი სახელმწიფო აფინანსებს სკოლას, რომელიც მოქალაქეებს პოტენციურად საზღვარგარეთ, ანუ რუსეთში, სომხეთში ან აზერბაიჯანში ემიგრაციისთვის ამზადებს. საკმაოდ დიდ პოტენციალს კარგავს ქვეყანა, როდესაც რესურსი საბოლოოდ მას არ ხმარდება.

ამ თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, ჩნდება პრობლება, რომელიც გადაწყვეტას მოითხოვს.

როგორ უნდა გადაწყვიტოს სახელმწიფომ აღნიშნული პრობლემა?

აუცილებელია რუსულენოვანი სკოლების ეტაპობრივი რეფორმირება.

ამასთან დაკავშირებით განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 2010 წლის აგვისტოში ბილინგვური განათლების შესახებ დებულებაც აქვს მიღებული. პროგრამაში ქვეყნის მასშტაბით 40 სკოლაა ჩართული. ამ პროგრამაში ჩართული რვა სკოლა თბილისშია, 26 – ქვემო ქართლში და ჯავახეთში, თუმცა არის რუსულენოვანი სკოლები, რომელიც ვერ მოხვდა ამ პროგრამაში. რის მიხედვით შეირჩა სკოლები, უცნობია.

ბილინგვური განათლება  ეტაპობრივად ორენოვან სწავლებაზე გადასვლას გულისხმობს, ანუ რუსული ან სხვა რომელიმე ენის პარალელურად საგნების სწავლება მოხდეს სახელმწიფო ენაზე. რაც გამორიცხავს იმას, რომ რუსულენოვანი სწავლება 100%-ით მაშინვე ქართულენოვანი გახდეს. ეს არის მიუღებელი.

რატომ?

მაშინვე ჩნდება ისეთი მაღალკვალიფიციური ბილინგვი პედაგოგების პრობლემა, რომლებსაც ორივე ენა შესაბამის დონეზე ეცოდინება. მეორე მხრივ, დიდი პრობლემაა მოსწავლეებისთვის, რომლებიც შესაძლოა, ქართულად კომუნიკაციას ახერხებენ, თუმცა ენის აკადემიურად ფლობა ცალკე საკითხია. ასეთ შემთხევაში, სახელმწიფო ენაზე კარგი განათლების მიღებას ისინი ვერ შეძლებენ, რადგან მათი აკადემიური მოსწრება იქნება ძალიან დაბალი.

რუსულენოვანი მოსწავლეებისთვის 100%–ანი გადაყვანა ქართულ ენაზე უფრო მეტი ზიანის მომტანია, ვიდრე – კარგის.

ბილინგვური განათლების ერთ–ერთი მოდელი გულისხმობს იმას, რომ თუ არის მთლიანად რუსულენოვანი სექტორი, დაწყებით კლასებში სახელმწიფო ენაზე ჯერ მოხდეს სპორტის, სახვითი ხელოვნების სწავლება. ისე, რომ მეხუთე–მეექვსე კლასიდან მოსწავლეებმა ქართულ ენაზე უკვე საზოგადოებრივი მეცნიერებების სწავლაც შეძლონ.

ახალქალაქში არის ოთხი არაქართულენოვანი სკოლა, სამი სომხურენოვანია და ერთი რუსულენოვანი, რომელსაც ყველაზე დიდი კონტინგენტი ჰყავს – დაახლოებით 700–800 მოსწავლე, რაც მთლიანობაში დანარჩენი სამი სკოლის მოსწავლეთა ჯამს უდრის. 2010 წლიდან ამ სკოლამ დაიწყო უკვე დაწყებით კლასებში ამ მოდელის განხორცილება.

ბილინგვური განათლების რომელი ქვეყნების მოდელებია საქართველოში?

მსოფლიოში არსებობს ბილინგვური განათლების სხვადასხვა მოდელი. საქართველოში რომელიმე მოდელის პირდაპირ გადმოტანა არ მომხდარა. შესწავლილი იყო კანადის, ბალტიისპირეთის, კონკრეტულად კი, ლატვიის მოდელი. ლატვიელი ექსპერტები ამ მხრივ მჭიდროდ თანამშრომლობენ ჩვენთან. ამასთან, სკოლას შეეძლო თვითონვე, დამოუკიდებლად შეემუშავებინა მოდელი ინდივიდუალური საჭიროების მიხედვით.

მას შემდეგ, რაც ეს მოდელი ასე თუ ისე უკვე დაინერგა სკოლებში, შედეგებზე ჯერ ცოტა რთულია საუბარი. თუმცა, შესწავლილი იყო წინაპირობები. ეს წინაპირობები იყო ძლიერი და სუსტი პროგრამა. ქვემო ქართლში და ჯავახეთში 26 სკოლიდან სკოლების დიდ ნაწილს არჩეული აქვს სუსტი პროგრამა.

რას გულისხმობს ძლიერი და სუსტი პროგრამა?

სუსტი ნიშნავს იმას, რომ შეიძლება ერთი საგანი ისწავლებოდეს სახელმწიფო ენაზე და დანარჩენი, მაგალითად, რუსულად.  სუსტმა პროგრამებმა შესაძლოა იმუშაოს თბილისში. იმიტომ, რომ თბილისში გარემო ქართულენოვანია. ქვემო ქართლში და ჯავახეთში, სადაც გარემო არაქართულენოვანია, პროგრამა ეფექტურად რომ განხორციელდეს და შედეგი მივიღოთ, უნდა შეირჩეს ძლიერი პროგრამა.

ძლიერი პროგრამის დროს ორივე ენაში საგნებს თანაბარი რაოდენობით სწავლობ და მაქსიმუმს ორივე საგანში ერთნაირად აღწევ.

თუმცა ჯავახეთში და ქვემო ქართლში სკოლებმა გათვალეს იმ რესურსზე, რა რესურსიც გააჩნდათ. იგულისხმება კადრები. ორენოვანი მასწავლებელების თვალსაზრისით სიტუაცია რთულია. უფრო მეტიც, ვინც ქართულ ენას ასწავლის იმ მასწავლებლებმაც არ იციან გამართულად ქართული. ამასთან, მათ არ აქვთ გავლილი პროფესიული განვითარების პროგრამები, საკვალიფიკაციო გამოცდები.

ძლიერი პროგრამის განხორციელებას საკმაოდ დიდი ფინანსური რესურსი ჭიდება. ამ პროგრამაში 40 სკოლაზე სახელმწიფომ 40 ათასი ლარი გამოყო მხოლოდ. სკოლაზე საშუალოდ 1000 ლარი. ეს თანხა პროგრამის მხოლოდ სიმბოლურად განხორციელებისთვის არის საკმარისი. ნახევარი მილიონი მაინც იყო საჭირო ამ პროგრამისთვის.

ჩვენმა ორგანიზაციამ ამ პროგრამის ფარგლებში  მეთოდური მასალებითა და თვალსაჩინოებით მოამარაგა ეს სკოლები, გარდა ამისა, 80 მასწავლებელი გადავამზადეთ.

რატომ არ ახორციელებს სახელმწიფო ამ პროგრამას სრულყოფილად?

რუსულენოვანი სკოლებისთვის სამინისტროს მიერ შეთავაზებული საგნების ჯერ 30%, მერე კიდევ მაგდენივე და საბოლოოდ, მთლიანად გადასვლა ქართულ ენაზე არანაირად არ შეესაბამებოდა ბილინგვური სწავლების მეთოდს.

რატომ არის ასეთი თანმიმდევრულობა პოლიტიკაში, ჩემთვის რთული გასაგებია. მგონია, რომ არ არის კარგად გააზრებული ბილინგვური განათლების რეფორმის მნიშვნელობა.

ისეთი რეფორმა, რომელიც არ ხორციელდება კარგად, სჯობს, საერთოდ არ განხორციელდეს. იმიტომ, რომ ცუდად განხორციელებული ბილინგვური განათლების რეფორმა არის საკმაოდ დიდი ზიანის და უკუშედეგის მომტანი.

რა უკუშედეგზე და ზიანზეა ლაპარაკი?

საბოლოო ჯამში, მოსწავლე ვერც სახელმწიფო ენას ფლობს და ვერც – მშობლიურს, ხდება აკადემიური ჩამორჩენა და ამასთან, ხდება ბავშვის კოგნიტური განვითარების შეფერხება.

რა არის საჭირო იმისთვის, რომ საქართველოში მივიღოთ შედეგი?

ლაპარაკია დაფინანსების გაზრდაზე. კომპეტენტური და პროფესიული მიდგომა უნდა იყოს. კარგად უნდა გაიაზროს სახელმწიფომ, რას ნიშნავს ბილინგვური განათლება. ერთიანად რუსული სკლების 100%-ით სახელმწიფო ენაზე გადაყვანა კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ მიზანი სახელმწიფო ენის სწავლებაა მხოლოდ და არა – ბილინგვური ხარისხიანი განათლება.

მარნეულში მშობლებს თვითონვე მიყავთ ბავშვები ქართულ სკოლაში. მაშინ, როდესაც ბავშვმა ქართული საერთოდ არ იცის. საბოლოო ჯამში, ის ვერც ქართულად იღებს განათლებას და ვერც მშობლიურ ენაზე.

გარდა ამისა, სახელმწიფომ უნდა იზრუნოს სკოლების ადმინისტრაციების მოსამზადებელ სამუშაოებზეც.

როდესაც ჩავატარეთ კვლევა, აღმოჩნდა, რომ სკოლების ადმინისტრაციის 90%–მა არ იცოდა, საერთოდ, რა პროგრამას ახორციელებდა.

როგორ ახორციელებენ სხვა ქვეყნები ასეთ პროგრამებს, რამდენად შედეგიანია სხვა ქვეყნებში?

არც ბალტიისპირეთში განხორციელდა ეს პროგრამა უნაკლოდ. ლატვიაში, სადაც ასეთი პროგრამების განხორციელება 1999 წლიდან მიმდინარეობს, პირველადი მოთხოვნა მასწავლებლების მიმართ იყო – გაევლოთ სერტიფიცირება ლატვიურ ენაში.

საბოლოოდ კი, მიიღო ლატვიამ ის, რომ სახელმწიფო ენას ყველა ფლობს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოქალაქეობას არ აძლევენ. თუმცა კვლევებმა აჩვენა, რომ დიდი იყო სკოლის მიტოვების მაჩვენებელი, რომელიც აკადემიურ ჩამორჩენას ახლდა თან. გარდა ამისა, ასეთმა მიდგომებმა რუსულენოვან მოსახლეობაში საკმაოდ დიდი აგრესიაც გამოიწვია. ამან ნამდვილად არ შეუწყო ხელი ჰარმონიულ თანაცხოვრებას.

ამავე თემაზე:

საქართველოში რუსული სკოლები მცირდება

მასალების გადაბეჭდვის წესი